საქმე # 330100121004555190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1009აპ-23 ქ. თბილისი
ბ. ნ. 1009აპ-23 11 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ყ–ს და პ. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ბ–ს, – დაბადებულს 1... წელს – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მ--- ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2019 წლის ზაფხულიდან 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით ქ. თ–ი, ნ–ს მე–... ასახვევთან, ი–ე, მ–ს ქუჩის N..სა და მ-ას ქუჩის N..ში მდებარე ნაქირავებ ბინებში ყოფნისას ნ. ბ. არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ქ–ს აყენებდა სისტემატიურად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, ურტყამდა ხელებს და ფეხებს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, სისტემატიურად აგინებდა და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, რა დროსაც ლ. ქ–ა განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას;
2.2. 2019 წლის შემოდგომაზე ქ. თ–ი, ი–ე ყოფნისას ნ. ბ. ცოლის ძმას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ქ–აზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ თუ გამოიძახებდა პოლიციას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკლავდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ და მოუსპობდა სიცოცხლეს, რაც ლ. ქ–ს მიერ აღქმული იქნა რეალურად, დაზარალებულმა განიცადა მორალური სახის ზიანი;
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევი ნ. ბ. 2021 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით, 15:20 საათზე, ქ. თ–ში კ-ას ქუჩის N..ში მდებარე სს „ფ-ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს-–ს“ N.. ობიექტში ყოფნისას ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 28,65 ლარად ღირებულ ყავა „კარტ ნუარს“.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენით:
3.1. ნ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა;
3.2. ნ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
3.3. ნ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 16 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ნ. ბ–ს დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა 45 დღით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
3.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 1 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
3.7. ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 17 მარტიდან - 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
3.8. ნ. ბ. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, დაკავებულ იქნა სხდომის დარბაზშივე და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2023 წლის 27 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა მოითხოვა ნ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის კანონით გათვალისწინებული ადეკვატურად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – კ. ყ-მ და პ. გ-ამ მოითხოვეს ნ. ბ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინეს მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – კ. ყ-მ და პ. გ-ამ და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საჩივარი და ნ. ბ–ს მიმართ დადგინდეს სრულად გამამართლებელი განაჩენი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 აპრილის განაჩენში:
5.1. ნ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
5.2. ნ. ბ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
5.3. ნ. ბ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელ ნაწილზე;
5.4. ნ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
5.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5.7. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ნ. ბ–ს დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა 45 დღით და საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლით, 10 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
5.8. ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2021 წლის 17 მარტიდან - 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
5.9. ნ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 27 აპრილიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – კ. ყ–მ და პ. გ-ამ, რომლებიც ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და ნ. ბ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ნ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატები კ. ყ-ი და პ. გ. ითხოვენ ნ. ბ–ს გამართლებას და უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ნ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ნ. ბ–ს მიერ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საქართველოს სსსკ-ით დადგენილი სტანდარტით ადასტურებს ნ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის – სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჩადენას.
6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე ნ. ბ–ს ედავება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს - 2019 წლის ზაფხულიდან - 2021 წლის 16 მარტის ჩათვლით ლ. ქ–სთვის სისტემატიურად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. კერძოდ, ბრალდების დადგენილების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ნ. ბ. ხელებს და ფეხებს ურტყამდა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე - სისტემატიურად აგინებდა და ლანძღავდა უშვერი სიტყვებით მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ლ. ქ–ს, რითაც ლ. ქ–ა განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლს (ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის წევრად, მიიჩნევა მათ შორის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას), ლ. ქ–სა (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ნ. ბ. გაიცნო 2019 წელს და მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. ნ-სთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილა და არც ერთიანი საოჯახო მეურნეობა არ ჰქონიათ. ნ. ბ. მასთან სახლში რჩებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მეგობრებიც იმყოფებოდნენ) და ნ. ბ–ს (პირველი ინსტანციის სასამართლოში მიუთითა, რომ 2018 წლის ბოლოს დაზარალებული ლ. ქ–ა გაიცნო ერთ-ერთ ბარში. ლ-სთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. სასიყვარულო ურთიერთობა ლ. ქ–სთან არ ჰქონია. თ-ში ჩამოსვლის შემდეგ მიდიოდა ხოლმე ლ. ქ–სთან სტუმრად. ლ-ს დედისაგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა ეპილეფსიური შეტევები და იყენებდა თვითდაზიანებას. ლ. ქ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა მეგობრების მსგავსად, ხანდახან რჩებოდა მასთან სახლში და აქცევდა ყურადღებას) ჩვენებებს და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას ნ. ბ–ს ბრალდებიდან 111-ე მუხლის ამორიცხვის შესახებ, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ. ბ. და ლ. ქ–ა იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან/და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისტემატური ცემის შემადგენლობა გულისხმობს მის ჩადენას სულ მცირე სამჯერ მაინც დროის ხანმოკლე ინტერვალით. ამასთან, ცემის სისტემატიური ხასიათი უნდა განსაზღვრავდეს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას და თითოეული ეპიზოდი უნდა დასტურდებოდეს მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობით, რაც დააკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
9. ბრალდების მხარე ნ. ბ–ს ედავება სავარაუდო ძალადობის ფაქტებს 2019 წლის ნოემბერში (ქ. ს-ის გამოკითხვის ოქმით ზუსტი რიცხვი არ დგინდება), 5 დეკემბერს, 29 დეკემბერს, 30 დეკემბერსა და 2021 წლის 16 მარტს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის ნოემბრის ფაქტთან მიმართებით წარმოდგენილია მხოლოდ ქ. ს–ის გამოკითხვის ოქმი, ხოლო 2021 წლის 16 მარტის ფაქტთან დაკავშირებით - მხოლოდ ბ. ა-ის გამოკითხვის ოქმი. ამასთან ორივე გამოკითხვის ოქმი, ქვეყანაში აღნიშნულ მოწმეთა არყოფნის გამო, გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს სსსკ-ის ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
11. 2019 წლის 5 დეკემბრის ფაქტთან მიმართებით, ასევე წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცემული შემაკავებელ ორდერი და მისი ოქმი, რომელშიც მითითებულია ნ. ბ–ს მხრიდან ლ. ქ–ს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 214-221).
12. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს ნ. ბ–ს მიერ ლ. ქ–ს მიმართ ძალადობის ჩადენას 2019 წლის ნოემბერში, 2019 წლის 5 დეკემბერს და 2021 წლის 16 მარტს.
13. 2019 წლის 29 და 30 დეკემბერს ნ. ბ–ს მიერ ლ. ქ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტები დასტურდება N........ შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით, მოწმე ა. ბ-ის ჩვენებით, N..... შეტყობინებით.
14. 2020 წლის 5 იანვრის N........ შემაკავებელი ორდერით და მისი ოქმით დგინდება, რომ ნ. ბ.მ 2019 წლის 29 და 30 დეკემბერს თავის პარტნიორ ქალბატონს, ლ. ქ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 2019 წლის 29 დეკემბერს ქ. თ-ში, ო-ის ქ. N.. ში ყოფნის დროს ნ. ბ–მ წაუჭირა ყელში ხელი და მიაყენა ფიზიკური ტკივილი, 30 დეკემბერს კი უკბინა მხარზე. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია როგორც ნ. ბ–ს, ასევე დაზარალებულ ლ. ქ–სა და ოქმის შემდგენი პირის – ზ. გ-ის მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 208-210).
14.1. ზ. გ-მა (არსებითი განხილვის სხდომაზე) დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების (მათ შორის შემაკავებელი ორდერის გამოცემის) კანონთან შესაბამისობა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი).
14.2. შემაკავებელი ორდერი ნ. ბ–ს არ გაუსაჩივრებია; მხარეებს ჰქონდათ აღნიშნული სადავოდ ცნობილი მტკიცებულების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევისა და შედავების შესაძლებლობა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი), თუმცა სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარეს შეკითხვა ან პროტესტი შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით არ დაუყენებია და მხარეებმა წერილობითი მტკიცებულებები გამოკვლეულად მიიჩნიეს; საქმის მასალებში არ არსებობს მითითებული შემაკავებელი ორდერის კანონიერებასა და მასში მითითებული ფაქტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას (მაგალითისთვის იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი საქმეზე N585აპ-19; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის განჩინება საქმეზე N 331აპ-22; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N1051აპ-21 განაჩენი).
15. სასამართლო ითვალისწინებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნას, რომლის თანახმად,
- პირადი გასინჯვით, 31.12.2019 წელს ლ. ქ–ს აღენიშნება დაზიანებები: მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები – მარჯვნივ ყბისქვეშა მიდამოში (ქვედა ყბის ძვლის მარჯვენა კუთხის ქვეშ) გარდამავალი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან დვრილისებრ მიდამოზე, კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ, მარჯვენა ქედის მიდამოში, კისრის მარცხენა გვერდითი და უკანა ზედაპირების საზღვარზე შუა მესამედში, მარჯვენა მხრის თავის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე. ცენტრში მოლურჯო - მოიისფრო, პერიფერიაზე მომწვანო – მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთები – მარჯვენა ხის შუა მესამედის წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე, მარჯვენა მხრის შუა მესამედის გარეთა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა მხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე, მარცხენა მხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე, მარცხენა დიდი ციბრუტის საპროექციო მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედის უკანა და შიგნითა ზედაპირების საზღვარზე, მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე და მარცხენა ბარძაყის შუა მესამედის გარეთა ზედაპირზე; მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთები – მარცხენა მხრის თავის საპროექციოდ წინა ზედაპირზე და მარჯვენა ბარძაყის ქვედა მესამედის გარეთა ზედაპირზე;
- დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
- სისხლნაჟღენთები მარჯვნივ ყბისქვეშა მიდამოში (ქვედა ყბის ძვლის მარჯვენა კუთხის ქვეშ) გარდამავალი მარჯვენა ყურის ნიჟარის უკან დვრილისებრ მიდამოზე, კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის შუა მესამედის საპროექციოდ. მარჯვენა ქედის მიდამოში, კისრის მარცხენა გვერდითი და უკანა ზედაპირების საზღვარზე შუა - მესამედში, მარჯვენა მხრის თავის საპროექციოდ. წინა ზედაპირზე და მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის შიგნითა ზედაპირზე – ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ 2019 წლის 29 და 30 დეკემბერს.
- ყველა სხვა დაზიანება ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს ( 2019 წლის 29-30 დეკემბერს).
- შესამოწმებლის გადმოცემით: 2019 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით, 23:30 – 24:00 სთ დროის მონაკვეთში, ყოფილმა შეყვარებულმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი წაუჭირა კისრის მიდამოში, ხელები შემოარტყა ყურის ნიჟარის არეში და მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. 30.12.2019 წ., დაახლოებით, 19:00- 19:30სთ დროის პერიოდში, ამავე პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, უკბინა მარჯვენა მხრის მიდამოში და ფეხი ჩაარტყა ორივე მუხლის სახსრის მიდამოში. მომხდარი ფაქტების დროს გონება არ დაუკარგავს. გულისრევის შეგრძნება, პირღებინება არ ჰქონია.
15.1. ექსპერტმა ს. ბ-მ დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მარჯვენა მხარზე არსებული დაზიანება შესაძლებელია განვითარებული ყოფილიყო კბენის შედეგად, თუმცა კატეგორიული მტკიცება არ შეუძლია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:22:42 – 16:22:58).
16. მოწმე ა. ბ-ის (ლ. ქ–ს მეგობარი) ჩვენების თანახმად, მისთვის დაზარალებულისგან არის ცნობილი რომ ნ. ბ. ლ. ქ–ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ლ. ქ–ს სხეულზე ადრეც აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ხშირ შემთხვევაში განმარტავდა, რომ დაზიანებები მიღებული ჰქონდა ეპილეფსიის დროს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:13:43-16:15:50). 2019 წლის 30 დეკემბერს, სამსახურიდან გამოსული, ........ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით შეხვდა ლ. ქ–ს. ლ--- დამწუხრებული იჯდა გაჩერებაზე. მის შეკითხვაზე ლ-მ უპასუხა, რომ ნ. ბ–მ წაართვა მობილური ტელეფონი, ფული და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ვინაიდან გაჩერებაზე ამის განხილვას აზრი არ ჰქონდა გადაინაცვლეს გზის მოპირდაპირე მხარეს პარკში. ლ. ტიროდა, და აჩვენა ხელზე დაზიანება (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:16:02 – 16:17:17). ვრცლად ისტორია არ მოუყოლია, მაგრამ უთხრა, რომ შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა, ამ დროს ლ. იყო ძალიან დამძიმებული, აქცენტი იყო გაკეთებული, რომ ნ-ს მხრიდან იყო დაზარალებული და მოჰყვა კონკრეტული დეტალები, რომ ნ-მ წაართვა ტელეფონი და იძალადა მასზე. ლ. ტიროდა, იყო აღელვებული (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:17:40 – 16:18:30). ლ-ს არ სურდა პოლიციაში დარეკვა, თუმცა მან მაინც დარეკა. ამის შემდეგ წავიდნენ პოლიციის სამმართველოში. ლ. ქ–ს მდგომარეობა იყო ემოციურად მძიმე, ეპილეფსიური შეტევები არ ჰქონია, თვითონ არ შესწრებია აღნიშნულს (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:19:07 – 16:19:18). პოლიციის სამმართველო დატოვეს ერთად, შემდეგ ლ--- მიაცილა სახლამდე. მოწმის განმარტებით კონკრეტულად იმ დღის ფაქტთან დაკავშირებით ლ-მ აჩვენა მხოლოდ ერთი დაზიანება, ხელის არეალზე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:52:10-16:53:09) ლ---ს განმარტებით ეს იყო სწორედ ნ-ს მიერ მიყენებული დაზიანება (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:53:40 – 16:53:50). 30 დეკემბრამდეც შეხვედრია ლ-ს და შეუმჩნევია მასზე დაზიანებები/ნაიარევებიც. ის არ შესწრებია კონკრეტულ ფაქტებს და ამიტომ არ ერეოდა. ჰქონია ლ-ს დედასთანაც კომუნიკაცია, ურჩევდა ლ---საც მიემართა ექიმისთვის, თავის ფსიქოლოგთანაც დააკავშირა, თუმცა ლ--- არ მივიდა. 30 დეკემბერსაც არ შესწრებია, მაგრამ ლ-მ უამბო რომ წაართვეს ტელეფონი, ფული, მიაყენეს დაზიანება და ურჩია გამოეძახა პოლიცია. მან თავისი ტელეფონით გამოიძახა პოლიცია, რაზეც ლ-ც ეთანხმებოდა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:35:37 – 16:38:19).
16.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ა. ბ–ს ნეგატიური დამოკიდებულება ნ. ბ–სადმი გამოწვეული იყო მხოლოდ ლ. ქ–ს მიმართ ნ. ბ–ს ქმედებებით და პირადი ხასიათის უთანხმოება, რაც შესაძლოა მოწმის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გამხდარიყო არ იკვეთება (მოწმემ მიუთითა, რომ თავიდან ნ. იყო ადამიანი, რომელმაც მისი მეგობარი გააბედნიერა, თუმცა ლ-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციების შემდეგ მას ნ-ზე შეეცვალა აზრი, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით ნ-სთან არასდროს ჰქონია კომუნიკაცია, ვინაიდან არიდებდა თავს, პირადი უსაფრთხოების და კონფლიქტის პრევენციის მოტივით, პირადი კომუნიკაცია ნ-სთან არ ჰქონია და ხელმძღვანელობდა ლ-ს სიტყვებით (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:54:10 – 16:55:28). ლ-ს მონათხრობიდან გამომდინარე ნ-ს მიმართ ჰქონდა ანტიპატია, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდიოდა ლ-სთან თუ სახლში არ იქნებოდა ნ., მასთან არ უნდოდა შეხვედრა, რადგან „მისთვის ტკივილი იყო ლ-ს მდგომარეობა“ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:56:03 – 16:57:03)).
16.2. ამასთან, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
16.2.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმის ჩვენება ირიბია დაზიანებების წარმოშობის მიზეზებთან მიმართებით, მაგრამ პირდაპირია - დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის, დაზიანების არსებობის, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ეპილეფსიური შეტევების არარსებობის) და პოლიციის სამმართველოში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით; მოწმემ შემთხვევიდან მალევე პირადად ნახა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული, ხელზე ჰქონდა დაზიანება.
17. მოწმე ა. ბ–ს ჩვენებაში ასახული გარემოებები დასტურდება შეტყობინების რეგისტრაციის N....... ბარათით, რომლის თანახმადაც 2019 წლის 30 დეკემბერს, 06:57 საათზე ა. ბ-მა მიმართა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს. ა. ბ-მა განაცხადა, რომ ნ. ბ.მ ფიზიკურად იძალადა ლ. ქ–აზე და გამოსძალა თანხა.
18. დაზარალებულმა ლ. ქ–ამ არ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ნ. ბ–ს მხრიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, დაზიანებები მიღებული აქვს ეპილეფსიური შეტევის შედეგად. ნ. ბ. მასთან სახლში რჩებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მეგობრებიც იმყოფებოდნენ. 2020 წლის ახალი წელი დგებოდა, ნ. ბ. მივიდა მასთან სტუმრად, ეგონა, რომ ნ. დარჩებოდა და ძალიან გაუხარდა. ნ. მეგობრებთან აპირებდა წასვლას, რის გამოც მასთან მოუხდა შეკამათება. ამ დროს მასთან სახლში სტუმრად მივიდა მისი მეგობარი ქ. ს-ე, რომელიც იყო ნასვამი. ქ-მ ჰკითხა მისი მოწყენილობის მიზეზი ხომ არ იყო ნ., რაზედაც უარი განუცხადა. ქ. გავიდა სახლიდან, მალევე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ისინი გადაიყვანეს დაკითხვაზე. გამომძიებელმა ჰკითხა თუ რა სჭირდა ხელზე, რაზედაც უპასუხა რომ ეპილეფსიის დროს თავი დაიზიანა. ნერვიულობის გამო დაემართა ეპილეფსიური შეტევა. ქ. ს-მ მის ნაცვლად განაგრძო ჩვენების მიცემა. გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. რამდენიმე დღეში გადაიყვანეს ექსპერტიზაზე. დაზიანებებთან დაკავშირებით ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდა ექსპერტს. 2021 წელის 17 მარტს, მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში. უთხრეს, რომ ნ-მ აღიარა ყავის ქურდობის ფაქტი. პოლიციაში ყოფნისას დაემართა ეპილეფსიური შეტევა. გადასვეს დივანზე, მისი ჩვენება გააგრძელა მისმა მეგობარმა. გამოფხიზლების შემდეგ ამობეჭდილ ოქმზე მოაწერინეს ხელი. მეორე დღეს მეგობართან ერთად მივიდა პოლიციის სამმართველოში, მიმართა გამომძიებელ ნ. თ-ეს, სურდა პოლიციის ქმედებების გაპროტესტება, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. დაზარალებულმა გამოკითხვის ოქმებში მითითებულ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განმარტა, რომ ნ. ბ–ს მისთვის არასოდეს მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა და არც დამუქრებია.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათ შორის მისი უტყუარობის თვალსაზრით. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ლ. ქ–ს ჩვენება (მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები) არ დასტურდება სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და არსებითად ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. კერძოდ,
19.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს, ლ. ქ–ა და ა. ბ-ი ერთად გამოცხადნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაზარალებულმა მიუთითა ნ. ბ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. ამასთან, მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2020 წლის 5 იანვარს გამოიცა N... შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს როგორც ლ. ქ–ამ, ასევე – ნ. ბ.მ (შენიშვნა ოქმზე არ არის გაკეთებული, ოქმი არ იყო გასაჩივრებული), რითიც დაეთანხმნენ მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
19.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული ლ. ქ–ა ქ ს-ესთან, ბ. ა-სთან, ა. ბ-თან, სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტთან – ს. ბ-სთან, ასევე შემაკავებელი ორდერის/ოქმის გამომცემ გამომძიებელთან – ზ. გ-თან საუბრისას უთითებდა ნ. ბ–ს მიერ მის მიმართ ჩადენილ ფიზიკურ ძალადობაზე.
19.3. სასამართლო ითვალისწინებს გამომძიებელ ზ. გ-ის ჩვენებასაც, რომელმაც დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე, განმარტა, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყო გამოძიება შეტყობინების საფუძველზე და გამოკითხა დაზარალებული ლ. ქ–ა, რომელსაც გამოკითხვისას ჰქონდა ემოციური მდგომარეობა.
19.4. გამოკითხვისას დაზარალებულის მდგომარეობასთან დაკავშირებით სასამართლო ითვალისწინებს გამომძიებელ ზ. გ-ის ჩვენებას (გამოკითხვა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში. დაზარალებულს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია და არც ექიმის დახმარება მოუთხოვია), ა. ბ–ს ჩვენებას, რომელმაც მიუთითა, რომ პოლიციის განყოფილებაში ლ. ქ–ს ეპილეფსიური შეტევა არ ჰქონია, თუმცა მისი მდგომარეობა იყო ემოციურად მძიმე (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 მარტის სხდომის ოქმი 16:19:07 – 16:19:18); იმ გარემოებას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის მოწმე ან/და სამედიცინო დოკუმენტაცია (მაგალითად, ცნობა, სამედიცინო ისტორია), რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ. ქ–ა ნამდვილად დაავადებულია ეპილეფსიით და აქვს შეტევები, რომელზეც თავად უთითებს; მითითებული დაზიანებები უკავშირდება სწორედ აღნიშნულ დავაადებას.
19.5. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს დაზარალებულ ლ. ქ–ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას.
19.5.1. ქ. ს-ის, ბ. ა-ის, ა. ბ–ს, ზ. გ-ის, ს. ბ-ს ირიბ ჩვენებებთან მიმართებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52) და შესაბამისად, დაუშვებელია (მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის პირობებში) მათი გამოყენება პირის ბრალდებისა და მსჯავრდების მიზნებისათვის, მაგრამ არა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების (მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ – ლ. ქ–ს ჩვენების) სარწმუნობის შეფასებისათვის.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება 2019 წლის 29 დეკემბერსა და 30 დეკემბერს ნ. ბ–ს მიერ ლ. ქ–ს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
21. სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენში არსებულ არგუმენტაციას ნ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ. ვინაიდან,
21.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების დასაბუთებისათვის წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, არსებითი განხილვისას არ დაკითხულა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი გამომძიებელი, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიცემული ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება, რომელიც ნ. ბ.მ უარყო არსებით სხდომაზე ჩვენების მიცემისას საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
21.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებასთან მიმართებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ლ. ქ–ამ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა ნ. ბ–ს მიერ მუქარის განხორციელება, რომელიც აღიქვა რეალურად, ხოლო სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნ. ბ–ს მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს, რომელიც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
21.3. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალის ფორმულირებისას სავარაუდოდ დაშვებულია ტექნიკური შეცდომა (2019 წლის შემოდგომაზე ქ. თ–ი, ი–ე ყოფნისას ნ. ბ. ცოლის ძმას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ. ქ–აზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ თუ გამოიძახებდა პოლიციას, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკლავდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ და მოუსპობდა სიცოცხლეს, რაც ლ. ქ–ს მიერ აღქმული იქნა რეალურად, დაზარალებულმა განიცადა მორალური სახის ზიანი), რომელიც უცვლელად არის გადმოტანილი, როგორც დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში, ასევე პირველი და სააპელაციო ინსტანციის განაჩენებში.
21.3.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმიდან არ ირკვევა, რომ ლ. ქ–ს ჰყავდა ძმა; 2019 წლის შემოდგომაზე სადავო შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის ძმა და მუქარა სწორედ აღნიშნულმა პირმა აღიქვა რეალურად. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ ეპიზოდშიც დაზარალებულად ცნობილია ლ. ქ–ა (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 115-116).
22. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მსჯელობას, ნ. ბ–ს მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანებისას დაშვებული საპროცესო კანონდარღვევების შესახებ.
22.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2021 წლის 24 მარტის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გადაგზავნის შესახებ, დგინდება, რომ ვინაიდან ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის მ... სამმართველოში სისხლის სამართლის N...... საქმეზე, ნ. ბ–ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება 2019 წლის ზაფხულიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდში ლ. ქ–ს მიმართ განხორციელებული სისტემატიური ცემის ფაქტზე და მოიცავდა 2019 წლის 30 დეკემბერს, ქ. თ-ში, ვ-ს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიერ ლ. ქ–ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტსაც, ამასთან მითითებულ საგამოძიებო უწყებაში ნ. ბ–ს მიმართ გამოძიება წარმოებდა უფრო მძიმე დანაშაულის ფაქტზე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .... სამმართველოს გამომძიებლის წარმოებაში არსებული, ნ. ბ–ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის N....... საქმე საქართველოს სსსკ-ის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის N.. ბრძანებისა და საქართველოს მთავარი პროკურორის 2010 წლის 29 სექტემბრის N.. და 2015 წლის 7 სექტემბრის N...... ბრძანებების საფუძველზე ქვემდებარეობით გადაგზავნილიყო საქართველოს შსს ძველი თბილისის პოლიციის მ--- სამმართველოში, ამავე პირის ბრალდების სისხლის სამართლის N.......საქმესთან გაერთიანების მიზნით.
22.2. 2021 წლის 12 აპრილს კი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის დადგენილებით (სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების შესახებ) სისხლის სამართლის N....... და N....... საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი N........ .
23. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დაცვის მხარის არგუმენტზე, თუ რატომ არ წარედგინა ბრალი ნ. ბ–ს შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისა თუ ძარცვისათვის.
24. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
25. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
26. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით)(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).
27. სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის პოზიციას მისთვის შერაცხულ დანაშაულებთან მიმართებით; ნ. ბ.მ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას.
28. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს რომ სამართლიანობა გულისხმობს მართლწესრიგში ბალანსის აღდგენას და შენარჩუნებას, მშვიდი და ჰარმონიული თანაცხოვრების უზრუნველყოფას, პირის მიერ ჩადენილი ქმედების მიერ გამოწვევადი საფრთხეების გათვალისწინებით ადეკვატური სასჯელის დაკისრებას და იმავდროულად, სასჯელის გამოყენებას განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებზე დაყრდნობით; რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
29. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის საფუძველზე პირს უნდა დაეკისროს „სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც.. საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის N 1/7/851 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 )
30. მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენის დროს – 2019 წლის 29 და 30 დეკემბერს - ნ. ბ. იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა), რაც, საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს და განაპირობებს სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული დანაწესის შესაბამისად. კერძოდ, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნ. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 58-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თითოეულ შემთხვევაში უნდა განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მ--- ნაწილის საფუძველზე კი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ–ს უნდა დაენიშნოს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
31.1. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. ბ–ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
32. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no.36755/06, §31, 11/11/2011) და გულისხმობს, რომ სამართალწარმოების მხარეები უნდა ელოდნენ კონკრეტულ და მკაფიო პასუხებს იმ არგუმენტებზე, რომლებიც გადამწყვეტია სამართალწარმოების შედეგებისთვის (იხ.Tchankotadze v. Georgia, ECtHR,no. 15256/05, § 103, 21/06/2016; და Deryan v. Turkey, no. 41721/04, § 33, 21/07/2015). იმის განსაზღვრისას, საჭიროებდნენ თუ არა მომჩივნების არგუმენტები აშკარა პასუხს.... სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს თუ რამდენად დასაბუთებული იყო მომჩივნების არგუმენტები იმისათვის, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინა .. სასამართლოების დასკვნები და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §69; 27/02/2020).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ნ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების კ. ყ–სა და პ. გ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. ნ. ბ. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 12-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;
4. ნ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ნ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 29 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ბ–ს დაენიშნოს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
7.,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ნ. ბ–ს დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდეს 45 დღით და განესაზღვროს - 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
10. ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 17 მარტიდან – 2021 წლის 24 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
11. ნ. ბ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2023 წლის 27 აპრილიდან;
12. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე