Facebook Twitter

საქმე # 330100122006083166

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №949აპ-23 ქ. თბილისი

გ. ი., 949აპ-23 12 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

1.1. ი. გ–ს, – დაბადებულს 1--- წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებში;

1.2. გ. ტ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2.1. 2022 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 02:50 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა ი. გ–მა და გ. ტ–მა, ე. ბ–ს, რომელთან ერთადაც იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს, თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოსთხოვეს თანხის გადაცემა, მისგან უარის მიღების შემდეგ, მიმართეს ძალადობას – მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გ. ტ–მა ხელი ჩაარტყა თავის არეში, ხოლო ი. გ–მა დაზარალებულის წინააღმდეგობის დასაძლევად, დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, ხელებით შებოჭა, რის შემდეგაც, გ. ტ–მა ე. ბ–ს შარვლის ჯიბიდან ამოაცალა 150 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი ,,SAMSUNG DUOS” და თანხა 180 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან;

2.2. 2020 წლის 9 ნოემბერს ა-ს რესპუბლიკის მოქალაქე ი. გ–მა საბაჟო კონტროლის გავლის გარეშე, დ-ს მუნიციპალიტეტში, მდინარე ა-ს გადმოცურვით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენით:

3.1. ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.2. ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. გ–ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.4. ი. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 5 ივლისიდან;

3.5. გ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა – 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

3.6. გ. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 6 ივლისიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. გ–მა და მოითხოვა უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განაჩენში:

5.1. ი. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

5.2. ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

5.3. ი. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. გ–ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვრა – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.5. ი. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 5 ივლისიდან;

5.6. გ. ტ–ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება;

5.7. გ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5.8. გ. ტ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 6 ივლისიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენის გაუქმება, ი. გ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; გ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მათთვის სასჯელის სახედ და ზომად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის შეფარდება, რაც შეესაბამება მათ პიროვნებას, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა სოფიო ბარაბაძემ, რომელიც ითხოვს ი. გ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; გ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და მათთვის სასჯელის სახედ და ზომად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის განსაზღვრას.

2.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ი. გ–ის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: საქართველოს შსს ბაზის დათვალიერების ოქმით, ი. გ–ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებებით) დადასტურებულია ი. გ–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც მხარეებიც არ ხდიან სადავოდ.

3. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2022 წლის 4 ივლისის 21:00 საათიდან, 2022 წლის 5 ივლისის 02:00 საათამდე დაზარალებული ე. ბ–ი, გ. ტ–თან, ი. გ–თან, ნ. ა–თან, ზ. თ–თან და ჯ. ბ–თან ერთად ა–ში მდებარე სკვერში მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს. როდესაც სასმელი დაუმთავრდათ ზ. თ–ი წავიდა სახლში, სხვები კი სადგურის მოედანთან ახლოს თ-ში მდებარე კაფე-ბარ „ა-ს“ მიმართულებით გაემართნენ; ე. ბ–ი, გ. ტ–ი, ი. გ–ი და ჯ. ბ–ი ჩავიდნენ კაფეში, ხოლო ნ. ა–ი გარეთ დარჩა და ჩამოჯდა; კაფედან გამოსვლისას დაინახეს, რომ ნ----ი იწვა ტროტუარზე და ეძინა, ე. ბ–ი ნ----ს მიუჯდა გვერდით, გ. ტ–ი, ი. გ–ი და ჯ. ბ–ი კი წავიდნენ ლუდის მოსატანად და უთხრეს, რომ დალოდებოდნენ. დაახლოებით 15 წუთში დაბრუნდნენ მხოლოდ გ. ტ–ი და ი. გ–ი (მითითებული გარემოებები დასტურდება ე. ბ–ის გამოკითხვის ოქმით; გ. ტ–ისა და ი. გ–ის ჩვენებებით; ასევე – ა-ში მდებარე სკვერიდან, თ-ში მდებარე კაფე-ბარ „ა-დან“ და ა-ს სააფთიაქო ქსელიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით).

3.1. მხარეთა შორის დავის საგანია გ. ტ–მა და ი. გ–მა ე. ბ–ი წაიყვანეს თუ არა მოტყუებით თ.... ქუჩის მიმართულებით (ბინის დაქირავებაში დახმარების მიზნით), ხოლო თ-–ში ქ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლით მთვრალმა ი. გ–მა და გ. ტ–მა, წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით მოსთხოვეს თუ არა თანხის გადაცემა, და დაეუფლნენ თუ არა ე. ბ–ის 150 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონსა (,,SAMSUNG DUOS”) და თანხას 180 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი დასჯადად აცხადებს ძარცვას, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნივთის აშკარა დაუფლება ხდება მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირთა თანდასწრებით და აუცილებელია მძარცველს შეგნებული ჰქონდეს მისი ქმედების აშკარა ხასიათი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი საქმეზე N 566აპ-18).

5. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ე. ბ–ის 2022 წლის 5 ივლისისა და 6 ივლისის გამოკითხვის ოქმებს, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე (ვინაიდან ე. ბ–ი არ იმყოფებოდა საქართველოში) საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით დადგენილი წესით გამოქვეყნდა.

5.1. დაზარალებულ ე. ბ–ის 2022 წლის 5 ივლისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაახლოებით ერთი თვის ჩამოსული იყო სამუშაოდ საქართველოში და მუშაობდა კ-ს რაიონში მიმდინარე მშენებლობაზე, ელექტროშემდუღებლად. 2022 წლის 4 ივლისის 21:00 საათიდან 5 ივლისის 02:00 საათამდე სვამდა გ. ტ–თან, ი. გ–თან, ნ. ა–თან, ზ. თ–თან და ჯ. ბ–თან ერთად. ზ. თ–ი წავიდა სახლში, სხვები კი გაემართნენ სადგურის მოედანთან ახლოს მდებარე კაფეში. კაფეში ლუდი არ ჰქონდათ, კაფეს შესასვლელთან დაეძინა ნ. ა–ს, თავად გვერდით დაუჯდა, სამი ახლადგაცნობილი პირი კი წავიდა ლუდის მოსატანად. 15 წუთში დაბრუნდნენ მხოლოდ ორნი, თუმცა ლუდი არ მოუტანიათ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ზედა, უთხრა, რომ მისთვის ლუდის საყიდლად მიეცა ფული. ე. ბ–მა უპასუხა, რომ არ ჰქონდა ფული და არ სურდა მეტის დალევა. პირმა, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ზედა, აგრესიულად უთხრა, რომ მათ სურდათ დალევა და მათთვის უნდა მიეცა ფული და გაიწია მისკენ, თუმცა ხელი არ დაურტყამს. აღნიშნულის შემდეგ იმავე მამაკაცმა უთხრა, რომ მისი ნაცნობი აქირავებდა ბინას და შეჰპირდნენ რომ ორივე მათგანი მიიყვანდნენ აღნიშნულ ბინამდე. ე-ი მათ წაყვა, რომ დაექირავებინა ბინა, ხოლო შემდგომ დაბრუნებულიყო და ნ-იც წაეყვანა. იგი კაფესთან ახლოს მდებარე ქუჩის მიმართულებით წავიდა აღნიშნულ ორ პირთან ერთად იმ მოტივით, რომ ისინი მიიყვანდნენ ბინამდე, რომელიც ქირავდებოდა. დაახლოებით 50 მეტრის გავლის შემდეგ, ისეთ ადგილას, სადაც იყო სიბნელე, მამაკაცი, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ზედა, მიუახლოვდა და აგრესიულად უთხრა, რომ მისთვის მიეცა ფული. ე. ბ–მა განუმარტა, რომ მხოლოდ საჭმლის ფული ჰქონდა და ვერ მისცემდა, რაზეც აღნიშნულმა მამაკაცმა უპასუხა, რომ არ აინტერესებდა თუ რისთვის სჭირდებოდა თანხა, ვინაიდან მათ უფრო სჭირდებოდათ ფული, შეაგინა დედის მისამართით და თავში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს გვერდით მდგომმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ეცვა ცისფერი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და თავზე ეკეთა შავი ფერის მზის სათვალე, ასევე შეაგინა დედის მისამართით და ორივე ხელი ძლიერად მოჰკიდა ტანზე, რათა არ ჰქონოდა წინააღმდეგობის გაწევის საშუალება. ამ დროს მამაკაცმა, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ზედა, შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოუღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ხოლო მარცხენა ჯიბიდან – თანხა 180 ლარი, რის შემდგომაც მათ დატოვეს ტერიტორია. ე-მა მიაძახა, რომ იქცეოდნენ ძალიან ცუდად, თუმცა მათ ყურადღება არ მიაქციეს და ჩქარი ნაბიჯებით დატოვეს ტერიტორია. გამომდინარე იქედან, რომ იყო ნასვამი და ძალიან შეშინებული, წაიქცა და ვერ შეძლო წამოდგომა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ წამოდგა და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც იწვა მისი ნაცნობი ნ-ი. იგი ისევ იწვა ტროტუარზე. მალევე მოვიდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელმაც წაიყვანა ნ-ი, ხოლო დაახლოებით 10 წუთში მოვიდა მეორე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ე-იც გადაიყვანა გ-.....

5.1.1. ე. ბ–ის განმარტებით, მეორე პირი, რომელიც ასევე მონაწილეობდა მისთვის ფულისა და ტელეფონის წართმევაში, იყო ს-დან, მისი სახელი იყო ი..-( აღნიშნული მისთვის ცნობილი იყო თავად ამ პირისგან) და სკვერში დალევისას ესაუბრებოდა ა-დ..

5.2. დაზარალებულ ე. ბ–ის 2022 წლის 6 ივლისის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დაზარალებული სრულად ეთანხმება მისი წინა გამოკითხვის ოქმს და დამატებით განმარტავს, რომ 2022 წლის 6 ივლისს გამომძიებლის მიერ დ......... სამმართველოში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, პირის ამოცნობა, რომელიც ეთარგმნა თარჯიმნის მიერ. მის წინ სპეციალურად გამოყოფილ ოთახში წარდგენილ იქნა ამოსაცნობ პირებთან ერთად მათი მსგავსი ორი ანალოგი, რომლებიც ერთმანეთს ჰგავდნენ როგორც ვიზუალურად ასევე ჩაცმულობით. მასთან ჩატარდა სამი ამოცნობის პროცედურა, რომელთანაც პირველ შემთხვევაში ამოიცნო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მიმდინარე წლის 4 ივლისს გაეცნო როგორც ი.-, წარმოშობით ს-დან. აღნიშნული პირი უშუალოდ მონაწილეობდა მის ძარცვაში. მეორე ამოცნობის პროცედურისას კი ამოიცნო პირი, რომელმაც ჯერ თავში ჩაარტყა მუშტი, ხოლო შემდეგ ი-----სთან ერთად ჯიბიდან ამოუღო ტელეფონი და თანხა 180 ლარის ოდენობით. მესამე ამოცნობის პროცედურისას ამოიცნო ასევე მესამე მათთან მყოფი პირი, რომელსაც ძარცვაში მონაწილეობა არ მიუღია, აღნიშნული პირი წ–ს სკვერში სვამდა მათთან ერთად, ხოლო შემდგომ ახლდათ თ-.... გამზირზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 162-164).

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში წარმოდგენილ მსჯელობას, რომ დაზარალებული ე. ბ–ის გამოკითხვის ოქმებიდანაც კი ვერ დგინდება, რომ გ. ტ–ის ქმედებები სრულად აღიქვა და დაინახა ი. გ–მა. აღნიშნულის საპირისპიროდ, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ გამოკითხვის ორივე ოქმში დაზარალებული ე. ბ–ი ცალსახად და პირდაპირ უთითებს, რომ ი. გ–ი მონაწილეობდა ძარცვაში – მისთვის ფულის და ტელეფონის წართმევაში (იხ. ტ1, ს.ფ. 3-6; ტ.1, ს.ფ. 162-164).

6.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებული ერთგვაროვნად და თანმიმდევრულად აღწერს მის მიმართ გ. ტ–ის და ი. გ–ის მიერ ჩადენილ ქმედებებს ზემოაღნიშნული გამოკითხვებისას, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას (იხ.: ტ.1, ს.ფ. 34-41) და ამოცნობისას (იხ: ტ.1, ს.ფ. 66-71 (ი. გ–ის ამოცნობა); 100-105(გ. ტ–ის ამოცნობა)).

7. იმავდროულად, სასამართლო ამოწმებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობას, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტის გათვალისწინებით, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი 2022 წლის 5 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის (იხ.: ტ. 1, ს.ფ. 8-16) ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ ე. ბ–ის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას და ვინაიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და, მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებაა, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ უნდა იქნეს განხილული დამოუკიდებელ მტკიცებულებად (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის N158აპ-23 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის N496აპ-23 განჩინება).

9. იმავდროულად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ს..... დ.. თ..ის 2023 წლის 15 მარტის წერილითა და დართული ფაილით დგინდება, რომ ე. ბ–მა საქართველოს ტერიტორია „თ-ს“ გავლით დატოვა 2022 წლის 8 სექტემბერს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 510-512)

10. სასამართლო მოწმე ნ. ა–ის ჩვენებასთან მიმართებით, ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ ნ. ა–ი უშუალოდ ძარცვის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია და მომხდარის შესახებ გადმოცემით იცის დაზარალებულისაგან. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

10.1. იმავდროულად, აღნიშნული მოწმის (რომლისთვისაც მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ დაზარალებულისგან) ირიბი ჩვენება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს აღწერს იმ თვითმხილველი დაზარალებულისგან განსხვავებულად, ვინც წარმოადგენს მოწმე ნ. ა–ის ინფორმაციის წყაროს ( ვისგანაც გახდა ცნობილი მოწმის მტკიცებით, მის მიერ ჩვენებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები). კერძოდ, ეწინააღმდეგება დაზარალებულ ე. ბ–ის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ. თ–ს ა-ში მდებარე სკვერში არსებული კამერის ჩანაწერები, თ... გ-ში მდებარე ა-ს სააფთიაქო ქსელიდან გამოთხოვილი კამერის ჩანაწერები და თ–... გ-ში მდებარე კაფე-ბარ „ა-დან“ გამოთხოვილი კამერის ჩანაწერები არ ასახავენ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევას, ისინი გარემოებითი მტკიცებულებებია, რომლითაც დასტურდება დაზარალებულ ე. ბ–ის მიერ მითითებულ დროს, ადგილას და მარშრუტით ი. გ–ისა და გ. ტ–ის ერთობლივი გადაადგილება. შესაბამისად, ვიდეოჩანაწერებზე ასახული ინფორმაცია გ. ტ–ისა და ი. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მტკიცებისათვის ირელევანტურია.

12. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოქვეყნებული ე. ბ–ის გამოკითხვის ოქმები არის ი. გ–ისა და გ. ტ–ისთვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მამხილებელი არა მხოლოდ ძირითადი, არამედ ერთადერთი პირდაპირი მამხილებელი მტკიცებულება, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება“.

13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას (იხ. Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, ECtHR, 15/12/2015), რომლის თანახმად, პირის მსჯავრდებისთვის იმ მოწმის მამხილებელი ჩვენების გამოყენებისას, რომელიც არ ესწრებოდა არსებით სასამართლო სხდომას და დაცვის მხარეს არ ჰქონდა მისი დაკითხვის შესაძლებლობა, სასამართლომ უნდა შეისწავლოს:

(i) არსებობდა თუ არა საქმის სასამართლო განხილვაზე მოწმის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი;

(ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;

(iii) არსებობდა თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები დაცვის უფლების განხორციელებაში ზემოაღნიშნულით დაცვის მხარის წინაშე წარმოშობილი დაბრკოლებების კომპენსირებისათვის.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარისათვის დაზარალებულის პირველი გამოკითხვისთანავე (2022 წლის 5 ივლისს) ცნობილი გახდა, რომ ე. ბ–ი იყო ა-ს მოქალაქე, რომელიც ს–ში იმყოფებოდა დროებით (სამუშაოდ). შესაბამისად, ბრალდების მხარისათვის წინასწარ განჭვრეტადი იყო, რომ მოწმეს შეეძლო ს–ს ტერიტორია დაეტოვებინა არსებით სასამართლო განხილვამდე, ამიტომ უნდა უზრუნველეყო მოწმის ისეთი წესით და პირობებში დაკითხვა, რომ დაცვის მხარეს არ შეზღუდვოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჰქონოდა ძირითადი მამხილებელი მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა. შესაბამისად, მხარეს უნდა მიეღო სათანადო ზომები და დაზარალებული ე. ბ–ი საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკითხა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მხარეთა მონაწილეობით.

14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულისთვის ბრალდების საკვანძო მოწმის წარმომადგენლის მეშვეობით დაკითხვის შესაძლებლობის შექმნა წინასასამართლო განხილვის ეტაპზე მაინც, მნიშვნელოვან პროცესუალურ გარანტიას წარმოადგენდა, რაც უზრუნველყოფდა ბრალდებულის დაცვის უფლებას, რომლის არ არსებობას მნიშვნელოვანი წონა აქვს 6.1 და 6.3.d მუხლის შესაბამისად საქმისწარმოების საერთო სამართლიანობის შეფასებისას“ (Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, par. 162, ECtHR, 15/12/2015;

15. მოცემულ შემთხვევაში ე. ბ–ის ჩვენება არის ი. გ–სა და გ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ერთადერთი და ძირითადი მამხილებელი მტკიცებულება, ხოლო სხვა მტკიცებულებები არის ირიბი ან გარემოებითი.

16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში ,,ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ“ განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, სასამართლომ გაითვალისწინა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღნიშნა, რომ დაზარალებულები იყვნენ განსახილველი დანაშაულის ერთადერთი თვითმხილველები. სასამართლოებისთვის ხელმისაწვდომი სხვა მტკიცებულებები ან ირიბი ჩვენება იყო, ან მხოლოდ გარემოების დამადასტურებელი ტექნიკური და სხვა მტკიცებულება, რაც პირდაპირ ვერ ადასტურებდა ძარცვასა და ძალადობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება “გადამწყვეტი” იყო და განაპირობებდა განმცხადებლის მსჯავრდებას“ (Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, par. 144, ECtHR, 15/12/2015).

17. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ, სასამართლოში წარმოდგენილი იყო დამატებითი ირიბი ჩვენება და გარემოებითი მტკიცებულებები, რაც ამყარებდა მოწმეთა ჩვენებებს და საქმის სასამართლო განხილვისას განმცხადებელს შესაძლებლობა ჰქონდა წარმოედგინა მოვლენათა მისეული ვერსია და ეჭვი გამოეხატა მოწმეთა სანდოობასთან დაკავშირებით, ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთაც მისცეს ირიბი ჩვენებები, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა არაპირდაპირ ან გამოძიების ეტაპზე დაეკითხა დაზარალებულები, რის გამოც ერთადერთი თვითმხილველი მოწმეების (დაზარალებულების) ჩვენებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნული სასამართლოს მიერ გატარებული დამაბალანსებელი ღონისძიებები ევროპულმა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია გადაუმოწმებელი მტკიცებულების სამართლიანად და სათანადოდ შეფასების შესაძლებლობის შესაქმნელად. შესაბამისად, განმცხადებლის შესაძლებლობის არქონამ, სასამართლო განხილვისას ან საქმისწარმოების რომელიმე ეტაპზე, დაეკითხა თვითმხილველი მამხილებელი მოწმეები, საქმის სასამართლო განხილვა მთლიანობაში არასამართლიანად აქცია (Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, ECtHR, 15/12/2015).

17.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და აღნიშნავს, რომ პირის მსჯავრდება უნდა ემყარებოდეს შეჯიბრებით სასამართლო პროცესში მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფის პირობებში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიეცა ე. ბ–ის უშუალოდ დაკითხვის შესაძლებლობა, აღნიშნულმა უარყოფითი გავლენა იქონია დაცვის უფლების განხორციელებაზე და სამართალწარმოების სამართლიანობაზე (იხ. Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, ECtHR, 15/12/2015; Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom, no. 26766/05, 22228/06, ECtHR, 15/12/2011).

18. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით (იხ. Schatschaschwili v. Germany, no 9154/10, ECtHR, 15/12/2015), სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ი. გ–ისა და გ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

19. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულ ე. ბ–ის განმარტებას მის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ (პირმა, რომელსაც ეცვა ლურჯი ფერის კაპიუშონიანი ზედა(გ. ტ–ი) თავში ძლიერად ერთხელ ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამ დროს მის გვერდზე მდგომმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც ეცვა ცისფერი ფერის მოკლემკლავიანი მაისური და თავზე ეკეთა შავი ფერის მზის სათვალე(ი. გ–ი), ასევე შეაგინა დედის მისამართით და ორივე ხელი ძლიერად მოჰკიდა ტანზე, რათა არ ჰქონოდა წინააღმდეგობის გაწევის საშუალება), ასევე ი. გ–ისა და გ. ტ–ის აღიარებას ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ნაწილში.

19.1. ი. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში ყველაფერი იყო სიმართლე, სად დალიეს, სად იყვნენ, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რომ ე. ბ–ს ესაუბრებოდა რუსულად და წაართვა ტელეფონი. მან რუსული არ იცის. ე. ბ–ისათვის არც ტელეფონი წაურთმევია და არც ფული, ჩხუბი ძმებს შორისაც ხდება, ნასვამები იყვნენ და მოუვიდათ ჩხუბი (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 13:50:46-13:51:07) .... დაზარალებული იგინებოდა და მოუვიდათ შელაპარაკება, იყო გაწევ-გამოწევა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 15:52:30 – 15:53:30) .... არ იცის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს დაზარალებულს, გაწევ- გამოწევისას თავში რომ ჩაარტყა თუ იმაზე გამწარებულმა თქვა რომ ტელეფონი და ფული დაკარგა, მან არ იცის. სხვა ინტერესი ვერ ექნებოდა, იმ დღეს გაიცნო (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 13:53:50 – 13:54:01) ... არც ი. გ–ს წაურთმევია რამე ე. ბ–ისათვის, მათ ერთად ეძინათ პარკში და ღამის 04:00 საათზე დააკავა პოლიციამ, თანახმაა ჩხუბის გამო რაც ეკუთვნის მიუსაჯონ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 13:54:20-13:54:50).

19.2. ი. გ–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ნ. ა–ს იცნობს ერთ წელიწადზე მეტია, როცა სკვერში შევიდა გ. ტ–თან ერთად, ნახა რომ სვამდნენ, მიიპატიჟეს, მათაც დალიეს, რასაც მერე შედეგად მოჰყვა ხელის შეკვრა-შემოკვრა (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 13:55:01 – 13:55:49). ფიქრობს დაზარალებული იმიტომ აბრალებს ძარცვას, რომ მიწაზე ჰქონდათ შელაპარაკება, უთხრა რომ ს-... ს–ს კუთხე იყო და არა ა–ს ტერიტორია (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 13:58:02 – 13:58:02). ე. ბ–ისათვის ბინის დაქირავება არ შეუთავაზებიათ (იხ.: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 მარტის სხდომის ოქმი 13:57:11 – 13:57:59 ).

20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სს „გ.. ჰ-ს“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის N... და ამავე კლინიკის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მონაცემების თანახმად: ე. ბ–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 05.07.2022 წელს 04:40 საათზე და გაეწერა 05.07.2022 წლის 13:10 საათზე. სადაც დაესვა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა, დაუზუსტებელი სპირტის ტოქსიური ეფექტი; 07.07. 2022 წლის პირადი შემოწმებისას, ე. ბ–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები: სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით (პირადი გასინჯვის მონაცემებით – მარჯვენა თვალბუდის ზედა ქუთუთოზე აღენიშნება მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, უსწორო ფორმის, ზომით: 1x0,7 სმ; ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთები აღენიშნება: მარჯვენა ლოყის მიდამოში, ზომით 2,5x0,5სმ; გულმკერდის წინა ზედაპირზე ლავიწშუა ხაზზე მე-3-4 ნეკნების დონეზე უსწორო მოოვალო ფორმის, ზომით 2x2 სმ; მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნება მოწითალო ფერის კანის დონიდან, ოდნავ მაღლა მდებარე ფუფხით დაფარული ნაჭდევი, უსწორო ფორმის, ზომით: 3x2,5 სმ; ასეთივე ხასიათის და ფორმის ნაჭდევი აღენიშნება: გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე მე-6-7 ნეკნების დონეზე, ზომით: 3X1 სმ.) დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს – 05.07.2022 წელს.

21. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ი. გ–სა და გ. ტ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის – ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჯგუფურად ჩადენა.

22. ამასთან, ი. გ–ისა და გ. ტ–ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ბრალდების გადაკვალიფიცირება ბრალდებულისთვის საკმარისად განჭვრეტადად არის მიჩნეული, თუ იგი ბრალდების თანდაყოლილ ელემენტს წარმოადგენს (De Salvador Torres v. Spain, no. 21525/93 § 33, ECtHR, 24/10/1996; Sadak and Others v. Turkey, 29900/96, 29901/96, 29902/96 and 29903/96, § 52 and §56, ECtHR, 17/07/2021; Juha Nuutinen v. Finland, no 45830/99, § 32, ECtHR, 24/07/2007).

23. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მსჯავრდებულებს ბრალი ედებოდათ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული – ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულია.

24. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

25. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ის, იმავდროულად, სწორედ ამ მიზეზით ზღვარდადებულია საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებით (ძირითადი უფლებებით და თავისუფლებებით)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №1/4/592 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45).

26. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

27. დანაშაულის ჩადენის ხერხის, ვითარების, მოტივის, მიყენებული ზიანის ხასიათის, მსჯავრდებულების პიროვნების, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მათი ქცევის, ბრალის ნაწილობრივი აღიარების და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით, ი. გ–სა და გ. ტ–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროთ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

28. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ი. გ–ისათვის საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ი. გ–ს უნდა დაენიშნოს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ი. გ–ისა და გ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ძირითად დ იმავდროულად, ერთადერთ პირდაპირ მამხილებელ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულ ე. ბ–ის გამოკითხვის ოქმები, რომლებიც გამოქვეყნდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. დაზარალებულის გამოკითხვის ოქმის გათვალისწინებით; პირდაპირი ინფორმაციის მატარებელი და მომწოდებელი, მოცემულ შემთხვევაში, იყვნენ მხოლოდ დაზარალებული ან/და მსჯავრდებულები (რომლებიც არ აღიარებენ მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას). შესაბამისად, ვინაიდან დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ,,გადამწყვეტი” იყო და განაპირობებდა განმცხადებლის მსჯავრდებას, ხოლო, დაცვის მხარეს არ ჰქონდა შესაძლებლობა ბრალდების მხარის საკვანძო მოწმისათვის გამოძიების ეტაპზე ან/და სასამართლოში დაესვა კითხვები; ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო აღიშნული მოწმის დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მხარეთა მონაწილეობით, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს ბრალდების მხარის მოთხოვნა და ი. გ–ი და გ. ტ–ი დამნაშავედ ცნოს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 12 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ი. გ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

4. ი. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ი. გ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ი. გ–ს საბოლოო სასჯელის სახით განესაზღვროს – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. ი. გ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2022 წლის 5 ივლისიდან;

8. გ. ტ–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის;

9. გ. ტ–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

10. გ. ტ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2022 წლის 6 ივლისიდან;

11. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

მ. ვასაძე