საქმე # 010100120003877773
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №945აპ-23 ქ. თბილისი
ი-ე გ., 945აპ-23 12 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:
1.1. გ. ი–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში;
1.2. ი. ჩ–ს– დაბადებულს 1--- წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში;
1.3. ზ. ო–ს, – დაბადებულს 1--- წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში;
1.4. თ. ხ–ს, – დაბადებულს 1.... წელს, – ბრალი ედებოდა საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. ი–ს, ი. ხ–ს, ზ. ო–სა და თ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ი. ჩ–სთან, გ. ი–სა და გამოძალვისათვის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით ნასამართლევ ზ. ო–სთან წინასწარი შეთანხმებით, მათ მიერ დაგეგმილი ჯგუფური ყაჩაღობის განსახორციელებლად და დანაშაულის ხელშესაწყობად, თ. ხ–მ ხ–ს სოფელ გ–ში „ივეკოს“ მარკის სატვირთო ავტომანქანით (თ–ს სახელმწიფოს სანომრე ნიშნით: ......) ტრანზიტულად მოძრავი თ–ს მოქალაქე მ. ა. მოტყუებით მიიყვანა ქალაქ ბ–ი, ო–ს ქუჩის N... არსებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც მისვლისთანავე, ი. ჩ–ე, ზ. ო. და გ. ი–ე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ თ–ს რესპუბლიკის მოქალაქე მ. ა.ს, რომელსაც დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, ასევე, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების რამდენჯერმე დარტყმით, გასტაცეს მისი კუთვნილი ფულადი თანხა – 850 აშშ დოლარის, 300 თ....... ლირისა და 200 ლარის ოდენობით.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენით:
3.1. ი. ხ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
3.2. ი. ჩ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ი. ჩ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 14 ივლისიდან;
3.4. გ. ი–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
3.5. გ. ი–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.6. გ. ი–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2020 წლის 14 ივლისიდან;
3.7. ზ. ო–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე;
3.8. ზ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
3.9. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.10. საქართველო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ზ. ო–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.11. ზ. ო–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 14 ივლისიდან;
3.12. ბრალდებული თ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში და გამართლდა;
3.13. გამართლებულ თ. ხ–ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება;
3.14. თ. ხ–ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან;
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
4.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა მოითხოვა ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენში, ი. ხ–სა და გ. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ზ. ო–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრდებულთათვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრა;
4.2. მსჯავრდებულ ი. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ზ–მ მოითხოვა ცვლილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენში და ი. ხ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და მისთვის შეფარდებული სასჯელის შემცირება;
4.3. მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მ მოითხოვა მისი უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება; ადვოკატმა ნ. ჩ–მ წარადგინა ასევე დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი;
4.4. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მ და მოითხოვა პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძლობის გამო;
4.5. მსჯავრდებულების – ი. ხ–ს, გ. ი–ს, ზ. ო–სა და გამართლებულ თ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ზ–მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია: არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი; ი. ხ–ს ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და შეუმცირდეს სასჯელი; გ. ი–სა და ზ. ო–ს მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი; ხოლო თ. ხ–ს ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა:
6.1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ოლღა მერებაშვილი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილებას და ი. ხ–სა და გ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ზ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრდებულთათვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას;
6.2. მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მ მოითხოვა გ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება;
6.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ჩ–მ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საჩივარი უსაფუძვლობის გამო;
6.4. მსჯავრდებულების ი. ხ–სა და ზ. ო–ს და გამართლებულ თ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ზ–მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ი. ხ–სა და გ. ი–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ზ. ო–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 25,179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მსჯავრდებულთათვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრას; ხოლო მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ნ. ჩ–ი ითხოვს გ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.
3. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია, ზ. ო., გ. ი–ე და ი. ჩ–ე თავს დაესხნენ თუ არა მ. ა.ს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და ეს ქმედება ემსახურებოდა თუ არა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს. ხოლო, თ. ხ–მ ჩაიდინა თუ არა დახმარება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ყაჩაღობა საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავშია მოქცეული, იგი ორობიექტიანი დანაშაულია და ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ასევე საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას და მისი საშიშროება ხელყოფის ხასიათშიც ვლინდება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირის მიზანს დაზარალებულის მოძრავი ნივთის დაუფლება წარმოადგენს მისაკუთრების მიზნით და აღნიშნული მიზნის მისაღწევად იყენებს თავდასხმას (რომელიც ხორციელდება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ასეთივე ძალადობის გამოყენების მუქარით). სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა დასტურდებოდეს, არამხოლოდ ამავე მუხლით გათვალისწინებული თავდასხმის ფაქტი, არამედ, პირველ რიგში მიზნის – სხვისი მოძრავი ნივთის მისაკუთრება – არსებობა.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
6. დაზარალებულ მ. ა.ს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებით დგინდება, რომ დაზღვევის ოფისიდან გამოსულს გზად დახვდა თ. ხ–ე, რომელმაც სახლამდე წაყვანა სთხოვა. თ. ხ–ე გზაში უყვებოდა, რომ შვილები ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთს ჰქონდა დაბადების დღე, ქ........ იყვნენ და ვერ მიდიოდა. თ. ხ–მ ასწავლა მოკლე გზა. მანქანა სახლთან დაახლოებით 200-250 მეტრში გააჩერეს. თ. ხ–მ სახლში შეიპატიჟა ყავის დასალევად. სანამ საპირფარეშოში შევიდა თ-- უკვე ყავას აკეთებდა. როცა საპირფარეშოდან გამოვიდა თ--მ უთხრა, რომ თვითონ უნდა შესულიყო. თ--ს საპირფარეშოში შესვლიდან 7-8 წუთი არ იქნებოდა გასული სახლში შევიდა 2 პირი (გ. ი–ე და ი. ჩ–ე), ჰკითხეს თუ რას აკეთებდა, ორივემ დაუწყეს თ.. საუბარი. რამდენიმე წუთის შემდეგ ერთი პირი(ზ. ო.) დაემატათ. თ. ხ–ე გამოვიდა საპირფარეშოდან და ზ. ო.მ დაუწყო ქართულად საუბარი, ჯერ ვითომ უყვირა (რამდენიმე წუთის შემდეგ თ-- თავისუფლად იქცეოდა, ამიტომ ჩათვალა რომ მოჩვენებითი იყო), შემდეგ ქალი დაჯდა ჩვეულებრივ და უსმენდათ. მ. ა.ს ვინც თ. ელაპარაკებოდა იმან უთხრა, რომ თ. ხ–ე ზ. ო–ს ცოლი იყო. ამ პირებმა მ. ა.ს უთხრეს რომ იყვნენ სამოქალაქო პოლიციელები, ათქმევინეს სად ცხოვრობდა, სად მიდიოდა, ვინ იყო, ოჯახის მონაცემები. ზ. ო.მ სამზარეულოდან აიღო დანა და დაემუქრა დაჭრით. ჰკითხა უნდოდა თუ არა დაჭრა. ეუბნებოდნენ, რომ თ.... ჰყავდათ ნაცნობები, ყველა მხარეში, ამ ქვეყანაში პოლიცია ვერაფერს იზამდა, იმიტომ რომ ერთ-ერთის მამა იყო ყველაზე დიდი პოლიციელი. ერთ-ერთმა ტელეფონში ამოიწერა მისი ყველა მონაცემი. უთხრეს, რომ თუ რამე შეეშლებოდა მის ოჯახს მიაყენებდნენ ზიანს. შემდეგ ორი პირი დაესხა თავს და რამდენიმე მუშტი დაარტყეს. ერთ-ერთი რომელსაც დანა ეჭირა ხელში ახლოსაც არ მისულა, მაგრამ დანარჩენი ორი ფიზიკურად უსწორდებოდა. ერთი მუშტს ურტყამდა, მეორე წიხლს. წიხლებს ურტამდნენ მუხლის ქვედა ნაწილებში და მარჯვენა და მარცხენა სახის არეში მუშტს. ჰკითხეს მანქანაში თუ ჰქონდა თანხა. ასევე უთხრეს, რომ მისგან არანაირი თანხა არ უნდოდათ, შემდეგ მოსთხოვეს ჯიბეების ამოღება, დაცარიელება. დაზარალებულის განმარტებით მსჯავრდებულებს ფულის ძებნა არ დაუწყიათ, უთხრეს რაც გაქვს ჯიბეში ყველაფერი ამოიღეო და ამოიტრიალა ჯიბეები. მან ფულთან ერთად ამოიღო მანქანის გასაღები, საფულე, სიგარეტი და სანთებელა. შემდეგ თითქოს დასცინოდნენ, თანხა რომელიც ჯიბეში ჰქონდა უკან მიაყარეს და უთხრეს რომ ეს თანხა მათ არ სჭირდებოდათ. შეუმოწმეს ასევე ანგარიშები, რომელიც მინუსებში იყო. მ. ა.მ თანხა ისევ ჯიბეში ჩაიდო და თავიდან მოსთხოვეს ჯიბეების ამოტრიალება. ჰკითხა დასცინოდნენ თუ რაში იყო საქმე და ისევ იძალადეს მასზე. თ. ხ–ე შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს და შიგადაშიგ ქართულად ამბობდა რაღაცეებს. დაზარალებულის განმარტებით ერთ-ერთმა აიღო მანქანის გასაღები, სავარაუდოდ წავიდა მანქანისკენ, მაგრამ ფული ვერ იპოვა. როცა მანქანაში ჩაჯდა შესაჩნევი იყო, რომ მანქანა გაჩხრიკეს, რადგან ნივთები გადაადგილებული იყო. მ. ა.ს განმარტებით რამდენჯერმე სცადა სახლის დატოვება, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა აღნიშნული (პირველი საათი ინტერესდებოდნენ ჰქონდა თუ არა თანხა, მაგრამ იმასაც ეუბნებოდნენ, რომ მისი თანხა არ აინტერესებდათ, ეუბნებოდნენ, რომ თუ უნდოდა თანხას იქეთ მისცემდნენ), შემდეგ უთხრეს, რომ შეეძლო წასულიყო. როდესაც სახლიდან გამოვიდა, თანხა ისევ მაგიდაზე იდო. წვიმდა, ერთ ერთმა (ზ. ო.მ) უთხრა, რომ შეეძლო წაეყვანა, წაიყვანა დაახლოებით 200-250 მეტრი. დაჯდა მანქანაში და წავიდა. ზ. ო. მიყვებოდა უკან, როდესაც დარწმუნდა, რომ თ......... აიღო გეზი შეაჩერა და ჰკითხა, ნამდვილად აპირებდა თუ არა თბილისში წასვლას, რაც დაუდასტურა და განაგრძო გზა. მ. ა. როდესაც დარწმუნდა, რომ ზ. ო. უკან აღარ მოჰყვებოდა მიაბრუნა მანქანა და წავიდა პოლიციის განყოფილებაში.
6.1. ბრალდებულ ი. ხ–ს კითხვაზე როდესაც სახლში შევიდა რატომ იჯდა თ-სთან ახლოს და რატომ ძალადობდა მასზე დაზარალებულმა მიუთითა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. ი. ხ–ს კითხვაზე, როდესაც ხელი დაარტყა ბოდიში რატომ მოუხადა, დაზარალებულმა განმარტა, რომ მან დააძალა ბოდიშის მოხდა, შეეშინდა და მოუხადა ბოდიში. ი. ხ–ს კითხვაზე: სახლში მისულს მაგალითად მისი მეუღლე რომ ენახა მსგავს სიტუაციაში, რაც მან დაინახა რას მოიმოქმედებდა დაზარალებულმა განმარტა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე თუ იქნებოდა გამოიძახებდა პოლიციას. დაზარალებულის განმარტებით მატერიალურ ზარალთან შედარებით უფრო დიდი მორალური ზიანი მიიღო.
7. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ დაზარალებულმა მ. ა.მ ამოიცნო თ. ხ–ე, ი. ჩ–ე, გ. ი–ე და ზ. ო..
8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია სს საქმეში წარმოდგენილ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან. კერძოდ, ა-ს გზატკეცილი N..ში მდებარე სავალდებულო დაზღვევის ცენტრის გარე პერიმეტრზე დამაგრებული ვიდეოსათვალთვალო კამერის 2020 წლის 10 ივლისის ვიდეოჩანაწერთან (ჩანაწერის თანახმად, სავალდებულო დაზღვევის ცენტრის წინა ეზოში დგას მ. ა.ს სატვირთო ავტომობილი, ეზოს მარჯვენა მხარეს, საკონტროლო ჯიხურის გვერდით გაჩერებულია შავი ფერის ავტომობილი “BMW”, მის გვერდით კი სატვირთო ავტომობილი. 02:32:00 ზე მ. ა. მიდის სატვირთო ავტომობილის მიმართულებით და ჯდება ავტომობილში. 02:33:50 საათზე შავი ფერის “BMW”-ს მარკის ავტომობილიდან გადმოდის ქალი – თ. ხ–ე და მიდის საავტომობილო გზის მიმართულებით. 02:34:13 საათზე საავტომობილო გზის მიმართულებით იწყებს მოძრაობას ასევე მ. ა.. საავტომობილო გზაზე გასვლამდე აჩერებს თ. ხ–ე, რომელიც 02:36:12 საათზე ჯდება მ. ა.ს მართვის ქვეშ მყოფ სატვირთო ავტომობილში. 02:36:30 საათზე მ. ა. გადის საავტომობილო გზაზე და მიდის ბათუმის მიმართულებით. 02:37:05 საათზე შავი ფერის “BMW”-ს მარკის ავტომობილი იწყებს მოძრაობას, გადის საავტომობილო გზაზე და მიდის ბათუმის მიმართულებით), ქ. ბ-ში, ა-ს გზატკეცილი N-ს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინდ. მეწარმე ს. ს–ს სავალუტო ჯიხურის გარე პერიმეტრზე დამაგრებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებთან (ჩანაწერის თანახმად, ვიდეოფაილში 02:11:40 საათზე ჩნდება ქალი, რომელიც ჯიხურის გავლით მიდის იმ გზისკენ, სადაც უნდა გაიაროს მ. ა.ს ავტომობილმა. 02:11:53 საათზე მ. ა. მიდის საავტომობილო გზის მიმართულებით, სადაც 02:12:12 საათზე ქალი ხელის ჟესტით თხოვს ავტომობილის გაჩერებას. ის აჩერებს ავტომობილს, 02:13:34 საათამდე ესაუბრება ქალს, რის შემდეგაც ქალი ჯდება მ. ა.ს ავტომობილში და მიჰყვება ბათუმის მიმართულებით. 02:15:10 საავტომობილო გზაზე ჩნდება „BMW“-ს მარკის ავტომობილი, რომელიც მიდის ბათუმის მიმართულებით), ქ. ა–ს შესასვლელთან მდებარე ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერთან (ვიდეოფაილში ჩნდება სატვირთო ავტომობილი, რომლის ნომერია ......). მითითებული ავტომობილის გავლიდან 00:37 წამში გაივლის “BMW” მარკის ავტომობილი, სახ. ნომრით .........), ქ.ბ-ში, შ-ს და პ-ს ქუჩების კვეთაზე მდებარე შპს „რ. პ-დან“ გამოთხოვილი, სამშენებლო ობიექტის გარე პერიმეტრზე დამაგრებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებთან (პირველ ვიდეოფაილში – 02:59:51 საათზე შ-ს ქუჩიდან პ–ს ქუჩის მიმართულებით მოძრაობს მისაბმელიანი სატვირთო ტიპის ავტომობილი(2020 წლის 16 ივლისის ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მ. ა.მ ავტომობილის დანახვისას მიუთითა, რომ აღნიშნული ავტომობილი არის მისი მართვის ქვეშ მყოფი); მეორე ვიდეოფაილში – 03:00:00 საათზე შ–ს ქუჩიდან პ–ს ქუჩის მიმართულებით მოძრაობს მისაბმელიანი სატვირთო ტიპის ავტომობილი, რომელიც 03:00:51 საათამდე ჩერდება პ–ს ქუჩაზე. 03:04:12 საათზე შ–ს ქუჩის მხრიდან შემოდის შავი ფერის ავტომობილი; მესამე ვიდეოფაილში – 03:02:33 საათზე კადრში ჩნდება ორი ადამიანი, რომლებიც გამოდიან ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილის უკანა მხარიდან და მიემართებიან ო–ს ქუჩის მიმართულებით. 03:04:20 საათზე ჩნდება შ–ს ქუჩიდან შემოსული შავი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომობილი, რომელიც მიემართება ო–ს ქუჩის მიმართულებით, სადაც ო–ს ქუჩაზე მისვლამდე გზის მარჯვენა მხარეს ჩერდება, საიდანაც 03:05:59 საათზე ჩამოდის ორი პირი, რომლებიც მოძრაობენ შ–ს ქუჩის მიმართულებით, სადაც გაჩერებულია დაზარალებულ მ. ა.ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი. 03:11:10 საათზე შავი ფერის ავტომობილი აგრძელებს გზას პ–ს ქუჩის დასაწყისისკენ... 03:44:01 საათზე ო–ს ქუჩიდან გამოდის ერთი პირი, რომელიც პ–ს ქუჩის გავლით მოდის შ–ს ქუჩის მიმართულებით, იქ, სადაც გაჩერებული არის დაზარალებულ მ. ა.ს სატვირთო ავტომობილი. აღნიშნული პირის სატვირთო ავტომობილთან მიახლოებისთანავე ინთება ავტომობილის საავარიო მაშუქები. 03:51:40 საათზე ვიდეოფაილში ჩნდება პირი, რომელიც შ–ს ქუჩის მხრიდან, იქ, სადაც გაჩერებული იყო მ. ა.ს სატვირთო ავტომობილი, მიდის ო–ს ქუჩის მიმართულებით, რომელიც 03:52:46 საათზე მიდის პ–ს ქუჩიდან, გადადის ო–ს ქუჩაზე ანუ სწორედ იმ ქუჩაზე, საიდანაც გამოვიდა; მეოთხე ვიდეოფაილში – 04:36:13 საათზე ო–ს ქუჩიდან გამოდის შავი ფერის ავტომობილი, რომელიც მოემართება შარატავას ქუჩის მიმართულებით პ–ს ქუჩის გავლით. 04:36:35 საათზე ავტომობილი ჩერდება პ–ს ქუჩაზე, დაზარალებულის ავტომობილთან ახლოს. ავტომობილის გაჩერებიდან ორ წამში კადრში ჩნდება პიროვნება, რომელიც მიდის შ–ს ქუჩის მიმართულებით. დაზარალებულის ავტომობილის დაძვრამდე „BMW“-ს მარკის ავტომობილი ტრიალდება პ–ს ქუჩაზე და რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ჩერდება ო–ს ქუჩასთან ახლოს. 04:37:31 საათზე კადრში ჩნდება სატვირთო ავტომობილი, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, არის მისი მართვის ქვეშ არსებული. ავტომობილი მიდის ო–ს ქუჩის მიმართულებით, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ტრიალდება და მიდის შ–ს ქუჩის მიმართულებით, ხოლო სატვირთოს წინ მიდის შავი ფერის „BMW“-ს მარკის ავტომობილი, ნომრით 178). აღნიშნული ჩანაწერებით დასტურდება დაზარალებულ მ. ა.ს მიერ მითითებულ დროს, ადგილას, და მარშრუტით თ. ხ–სთან ერთად გადაადგილება, ასევე ის ფაქტი, რომ „BMW” მარკის ავტომობილი თავიდანვე მიჰყვებოდა უკან მ. ა.ს სატვირთო ავტომობილს რამდენიმე წუთიანი დაშორებით და მივიდა ქ. ბ–ში, .....ს ქ. N.... თუმცა მითითებული ჩანაწერები არ ასახავენ სავარაუდო დანაშაულის შემთხვევას და გარემოებითი მტკიცებულებებია.
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გაურკვეველია დაზარალებულის მიერ ჯიბიდან ამოღებული თანხის ზუსტი ოდენობა, დაზარალებულმა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას სხვადასხვანაირად დაიანგარიშა თანხა და დაასახელა დაახლოებითი ოდენობა (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმი ტ. 4, ს.ფ. 100-128). ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით ვერ დგინდება დაზარალებულის მიერ მითითებული თანხა მიისაკუთრა თუ არა რომელიმე მსჯავრდებულმა ან გამართლებულმა თ. ხ–მ. გ. ი–ს, ი. ხ–ს და ზ. ო–ს, პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა კუპიურების მცირე ოდენობით თანხა (პირადი ჩხრეკის ოქმებით დადგენილია, რომ ი. ხ–ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 2 ცალი ხუთლარიანი კუპიურა და 1 ცალი ათლარიანი კუპიურა; გ. ი–ს პირადი ჩხრეკისას – „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 1 ცალი ხუთლარიანი კუპიურა და ხურდა ფული; ხოლო ზ. ო–ს პირადი ჩხრეკისას – რაიმე ნივთი არ ამოღებულა;), ხოლო ი. ჩ–ს (ი. ხ–ს და) საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ საფულეში არსებული თანხის (დაზარალებულის მიერ მითითებულზე გაცილებით მეტი ოდენობა და სხვადასხვა კუპიურები, კერძოდ, ქ. ბ–ში, ს–ს ქ.... მდებარე ი. ჩ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყავისფერი ტყავის საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო 10 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, ასევე, სხვადასხვა რაოდენობით ყაზახური, უზბეკური და ბულგარული ფულის კუპიურები. ჩხრეკის დროს ი. ჩ–მ განმარტა, რომ აღნიშნული საფულე, რომელიც მას დაუტოვეს დაახლოებით 3-4 საათის წინ და ამავე საფულეში მოთავსებული ფულადი თანხა ეკუთვნოდა მის ძმას - ი. ჩ–ეს) მ. ა.სადმი კუთვნილება ვერ დასტურდება (ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N........ დასკვნით : პაკეტში, წარწერით: „...საფულე მასში მოთავსებული 1000 დოლარით, 5000 უზბეკური ფულით; 5000 ყაზახური ფულით, 20 ბულგალური ფულით, პატარა ზომის ფოტოსურათი, სამი ცალი სავიზიტო ბარათი...“ მოთავსებულ საფულეზე, გარე (ობ. №39) და შიდა (ობ.№..) ზედაპირებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №..-ის პროფილის მაჟორული წილი განსხვავდება თ. ხ–ს (ობ. №71) გენეტიკური პროფილისაგან, ობ. №..-ის (ანაწმენდები 2 ც ბ/ჩხირზე აღებული მაცივრის ქვედა სახელურიდან) პროფილის მაჟორული წილისაგან და ეკუთვნის მდედრობითი სქესის სხვა პირს, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს ობ.№32-ის მაჟორული წილის (მდედრობითი სქესის პირი) ბიოლოგიურ ნათესავს. ობ.№39-ის (საფულის გარე ზედაპირიდან აღებული ანაწმენდი) პროფილის მაჟორული წილის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება ობ. №20 (ა/მანქანა ივეკო N.......... სალონში საბარგულის თავსახურის ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები), №21 (გასაღების, პულტის და საქამრეს ზედაპირიდან აღებული ანაწმენდები), №23 (ანაწმენდები აღებული “BMW”-ს მარკის ავტომობილის სახ. ნომრით ..... საჭის შუა ნაწილიდან), 27 (ანაწმენდები “BMW”-ს მარკის ავტომობილის სახ. ნომრით D------ წინა მარცხენა კარის შიდა გამხსენილის ზედაპირიდან) შერეულ პროფილებში. ობ.№39-ის გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ობ.№40-ის გენეტიკური პროფილი, იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. აღნიშნულ საფულეში მოთავსებულ ქაღალდის კუპიურებზე, ბიომასალაზე საეჭვო ხილული ლაქები, არ აღინიშნება.( იხ.ტ. 7, ს.ფ. 138-153)). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, დაცვის მხარის მოწმე ე. დ–ს განმარტას, რომ ი. ჩ–ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა შესაძლოა ყოფილიყო რემონტისათვის განკუთვნილი თანხა, რომელიც ი. ჩ–ს გამოუგზავნა ბიძამ ა. ჩ–მ.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სს საქმის მასალებით არ დასტურდება დაზარალებულის მტკიცება, რომ მანქანაში ჩაჯდომისას შესამჩნევი იყო რომ მისი მანქანა იყო გაჩხრეკილი, რადგან ნივთები იყო გადაადგილებული. ვინაიდან, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N...... დასკვნის თანახმად, ავტომანქანა „ივეკოდან“ (თ–ს სახელმწიფოს სანომრე ნიშნით ......)) ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია გ. ი–საგან აღებული სუნის ნიმუშის, ხოლო ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნით -...„ივეკოს“ ფირმის ავტომობილის (სახელმწიფო ნომრით ......)) სალონში საბარგულის თავსახურის ზედაპირიდან აღებული ბიომასალის (ობ.№..) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის მ. ა.ს (ობ.№..). ობ.№..-ის პროფილში, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; გასაღების, პულტის და საქამრეს ზედაპირიდან აღებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა, არ ვლინდება. დაზარალებულის ავტომობილის მიმართულებით წასვლა და მასში რაიმეს ძებნა გამორიცხა ასევე მსჯავრდებულმა გ. ი–მ, მოწმემ მიუთითა, რომ მას შემდეგ რაც მივიდა ი. ხ–ს სახლში, იქიდან არ გამოსულა მ. ა.ს წასვლამდე (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 15:41:17 – 15:42:04 ), რადგან დაზარალებული ამბობდა რომ გასაღები აიღო და წავიდა მისი მანქანის გასაჩხრეკად, ამიტომ დაუსვა კითხვა მან, თუ გავიდა რა მოუტანა მანქანიდან. ის მ. ა.ს მანქანაში არ მჯდარა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 15:42:06 – 15:43:29).
10.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქ.ბ–ში, შ–ს და პ–ს ქუჩების კვეთაზე მდებარე შპს „რ. პ-დან“ გამოთხოვილი, სამშენებლო ობიექტის გარე პერიმეტრზე დამაგრებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერის (03:44:01 საათზე ო–ს ქუჩიდან გამოდის ერთი პირი, რომელიც პ–ს ქუჩის გავლით მოდის შ–ს ქუჩის მიმართულებით, იქ, სადაც გაჩერებული არის დაზარალებულ მ. ა.ს სატვირთო ავტომობილი. აღნიშნული პირის სატვირთო ავტომობილთან მიახლოებისთანავე ინთება ავტომობილის საავარიო მაშუქები. 03:44:44 დან 03:51:40 საათამდე დროის შუალედში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ არის ვიდეოფაილში. ხოლო, 03:51:40 საათზე ვიდეოფაილში ჩნდება პირი, რომელიც შ–ს ქუჩის მხრიდან, იქ, სადაც გაჩერებული იყო მ. ა.ს სატვირთო ავტომობილი, მიდის ო–ს ქუჩის მიმართულებით, რომელიც 03:52:46 საათზე მიდის პ–ს ქუჩიდან, გადადის ო–ს ქუჩაზე ანუ სწორედ იმ ქუჩაზე, საიდანაც გამოვიდა) ვიდეოჩანაწერით არ დგინდება, მანქანასთან მისული პირი ჯდება თუ არა მანქანაში, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმში (რომელშიც მონაწილეობდა დაზარალებული მ. ა.) არ არის მითითებული, რომ პირი, რომელიც მანქანასთან მივიდა არის გ. ი–ე (იხ. ტ.4, ს.ფ. 17-21), მითითებული პირის იდენტიფიკაციის მიზნით ბრალდების მხარეს ასევე არ ჩაუტარებია ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არც დაზარალებულს მოუხდენია ვიდეოჩანაწერზე ასახული პირის იდენტიფიცირება და არც ექსპერტიზით არ არის დადგენილი მისი ვინაობა, ამასთან არც ოდოროლოგიური ან/და ბიოლოგიური ექსპერტიზით არ დასტურდება გ. ი–ს შემხებლობა მ. ა.ს ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულის მტკიცებას, რომ გ. ი–ემ გაჩხრიკა მისი ავტომობილი თანხის დაუფლების მიზნით, თუმცა თანხა ვერ იპოვა.
11. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თ. ხ–ს განმარტებას, რომ ის მეუღლესთან კამათის შემდეგ განაწყენებული გადმოვიდა მანქანიდან და სატვირთო ავტომანქანას გაჰყვა. მისთვის სულერთი იყო ვინ იქნებოდა, სურდა სახლამდე მისვლა და შემდეგ ქ...- ბავშვების სანახავად წასვლა. გზაში დაადგინა, რომ მძღოლი ქუთაისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მ. ა. სახლში შესვლას დასთანხმდა, ვინაიდან, საპირფარეშოთი სარგებლობა სურდა. თავადაც ისარგებლა აბაზანით და ამ დროს მოინდომა მ. ა.მ მასთან მიახლოება. მან ხელი გადახვია, რა დროსაც შემოვიდა ი. ჩ–ე და უსაყვედურა, თუ როგორ იქცეოდა მის სახლში, რომელიც დროებით საცხოვრებლად ჰქონდა მისთვის დათმობილი. იგი უხსნიდა ი. ჩ–ს და შემდეგ, მოგვიანებით მისულ გ. ი–ს, რომ ის არ ხდებოდა, რაზეც მათ ეჭვი მიიტანეს, თუმცა ადასტურებს, რომ თ–ი ეროვნების მამაკაცის მხრიდან მასთან კავშირის სურვილი ნამდვილად იყო.
11.1. მოწმე მ. მ-ემ (რესტორან „....--ს“ დირექტორი) ჩვენებაში მიუთითა, რომ 2020 წლის 9 ივლისს, მის რესტორანში მისი ნაცნობის, თ. ხ–ს დისშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრა იყო შეკვეთილი. სტუმრებს შორის იყვნენ თ. ხ–ე და ზ. ო.. როგორც გაიგო ისინი იყვნენ ნაკამათები და მათი შერიგება იმ ღამით მოხდა. სტუმრები დაახლოებით 01:00 საათისთვის დაიშალნენ). სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა საფუძველს, არ გაეზიარებინა მოწმე მ. მ-სა და თ. ხ–ს ჩვენებები შემთხვევამდე მეუღლესთან – ზ. ო–სთან კონფლიქტისა და რესტორან „......–ი“ მითითებულ პირთა ყოფნის შესახებ.
12. ი. ხ–ს ჩვენების თანახმად, როდესაც სახლში შევიდა და იქ მ. ა. დახვდა, ეკითხებოდა ვინ იყო და იქ საიდან მოხვდა. მ-მა უთხრა, რომ თ. გაიცნო ნახევარი საათის წინ. ი-მ რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, ნახევარი საათის გაცნობილ ადამიანს სახლში როგორ გაჰყვა, რაზეც მ-მა უთხრა, რომ თ-მ სთხოვა წაყვანა, მას კი საპირფარეშოთი სარგებლობა სურდა. მ-მა სახლში მისვლამდე გაიარა ხუთი ბენზინგასამართი სადგური, ჰკითხა ასევე, თუ საპირფარეშოთი სარგებლობა სურდა ყავას რატომ სვამდა. ის ეკითხებოდა მ-ს, მსგავს სიტუაციაში (როდესაც სახლში შევიდა, დაინახა, რომ ეს პირი ძალადობდა თ--ზე, რამაც გამოიწვია მისი აგრესია (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 14:30:49-14:32:00)) თავად როგორ მოიქცეოდა. მ-ი პასუხებს არ სცემდა, მხოლოდ ეუბნებოდა, რომ თ. მიჰყავდა ქ-... ჯერ სიტყვიერად მიაყენა შეურაცხყოფა, შემდგომ ხელით შეეხო. მან მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მეტი არაფერი (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 14:19:51-14:23:00). ყაჩაღობის განზრახვა რომ ჰქონოდა მ. ა–ს თავისი მშობლების სახლში არ მიიყვანდა. არა მარტო ის ტერიტორია, არამედ ბ.. კარგად იცის და იცის, რომ ყველგან კამერებია. შესაბამისად, ის რომ მან მ. ა. სახლში დასაყაჩაღებლად მიიყვანა აბსურდია. გ. ი–ს მ. ა.სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ მან დაარტყა ხელი მ-ს. ზ. ო. არც მიკარებია, კარებთან იდგა, კარი კი მთელი ამ დროის განმავლობაში ღია იყო (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 14:56:15-14:57:03).
13. გ. ი–ემ განმარტა, რომ ღამით დაურეკა ი-მ და უთხრა მის სახლში მისულიყო. მივიდა ი-სთან სახლში, სინათლე ანთებული იყო, ჭიშკარიც ღია იყო და კარებიც, ფარდები იყო ჩამოფარებული. როცა შევიდა დაინახა თ.., ი. და მძღოლი (მ. ა.). ი-ს ჰკითხა მშვიდობა თუ იყო. ი-მ აგრესიულად უპასუხა ეკითხა თ-სთვის თუ რა ხდებოდა. თ-მ უთხრა, რომ ვერაფერს დააჯერებდა ახლა მათ. მან სთხოვა მოეყოლა და გაერკვია რა ხდებოდა. თ-მ მოუყვა რომ ა-დან გამოჰყვა ამ პირს, სახლში მოვიდნენ, რადგან მ-ს უნდოდა საპირფარეშოთი ესარგებლა და მერე უნდა წასულიყვნენ ქ-..... მ-მა ხელი მოჰკიდა, რა დროსაც ი. მოვიდა. ი-მ ხელი დაარტყა მ. ა.ს, თვითონ შეაჩერა და ჰკითხა ამას რატომ აკეთებდა, ი-მ განუმარტა, რომ მ-ს ჰკითხა, მსგავს სიტუაციაში თავად რომ ენახა რას იზამდა, მის ოჯახის წევრთან, მ-მა კი უთხრა, რომ მოკლავდა. ი-ს უთხრა დაენებებინა თავი და გაეშვა სახლიდან, რაზეც ი-მ უპასუხა, რომ შეეძლო წასულიყო. ი-მ ხელით ანიშნა მ. ა–ს წასულიყო, მაგრამ მ. ა. რაღაცას ელაპარაკებოდა. როგორც ი-მ უთხრა მ-ი ამბობდა, რომ შაქარი ჰქონდა თუ ასთმა, წამალს დალევდა და მერე წავიდოდა, რადგან მანქანას ვერ ატარებდა. მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ მ-ს რამე ჰქონდა თუ არა. მან ისიც კი არ იცოდა, როდესაც ი-მ დაურეკა იქ რა ხდებოდა. მ-თან კომუნიკაციისას იქცეოდნენ ჩვეულებრივად, სახელებით მიმართავდნენ ერთმანეთს. (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 15:18:43 – 15:25:40) ზ. ო.მ აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა. მან უბრალოდ თ--ს ჰკითხა რა მოხდა, რადგან თ.ტიროდა. თ-მ ზ-ს უთხრა, რომ დედა იყო ცუდად და იმიტომ ტიროდა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 15:36:30 – 15:40:35) გ. ი–ს განმარტებით, მას შემდეგ რაც მივიდა ი-ს სახლში, მ. ა.ს სახლიდან გასვლამდე თავადაც არ გასულა. მის მანქანაში არ ჩამჯდარა (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 15:43:30 – 15:45:40).
14. ზ. ო.მ განმარტა, რომ როდესაც ი-სთან მივიდა კარები იყო ღია, ისმოდა ხმამაღალი თ. საუბარი. ფარდა რომ გადაწია და შევიდა თ-- მარჯვენა მხარეს იდგა ატირებული, ოთახში იყვნენ ასევე ი., გ. და იმ მომენტისათვის მისთვის უცნობი მამაკაცი. ი. და მისთვის უცნობი მამაკაცი საუბრობდნენ თ.-. მან თ-ს ჰკითხა თუ რატომ ტიროდა, თ-მ უთხრა, რომ დედა იყო ცუდად და ამიტომ ტიროდა. შემდეგ ი-ს ჰკითხა რა ხდებოდა და შუა ღამეს რატომ ყვიროდა. ი-მ უთხრა, რომ მისი სახლი ადრე ჰქონდა გაქირავებული ამ პირზე, ფული ჰქონდა მისაცემი და ამიტომ ესაუბრებოდა ხმამაღლა. უთხრა დაენებებინა თავი, ღამე იყო და შეიძლებოდა ხმაურის გამო ვიღაცას დაერეკა პოლიციაში. ცოტა თ. მანაც იცის, და მ. ა.ს წაყვანა შესთავაზა. დაჰპირდა რომ ცენტრალურ გზაზე გაიყვანდა, მაგრამ პირმა უთხრა, რომ მანქანა ჰყავდა გაჩერებული და იქ მიეყვანა. მიიყვანა, ხელი ჩამოართვა, დაემშვიდობა და დაბრუნდა ისევ ი-სთან. თ.. წამოიყვანა და წავიდა. სხვა ინფორმაცია თუ რა ხდებოდა რეალურად მან გაიგო მას შემდეგ რაც დააკავეს (იხ.: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 აპრილის სხდომის ოქმი 16:46:11-17:00:48).
15. სასამართლო ითვალისწინებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბ–ი, ო–ს ქუჩა №.. მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია თ. ხ–საგან, გ. ი–საგან, ი. ხ–საგან, ზ. ო–საგან და დაზარალებულ მ. ა.საგან აღებული სუნის ნიმუშების; ა/მანქანა „ივეკო“-დან (თ–ს სახელმწიფოს სანომრე ნიშნით ......)) ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია თ. ხ–საგან აღებული სუნის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია გ. ი–საგან აღებული სუნის ნიმუშის; თ. ხ–ს ავტომანქანიდან (სან. ნომერი ....) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია თ. ხ–საგან, გ. ი–სგან, ი. ხ–საგან და ზ. ო–საგან აღებული სუნის ნიმუშების, ხოლო არაიდენტურია მ. ა–საგან აღებული სუნის ნიმუშის.
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის არც დაზარალებულ მ. ა.ს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებით არ დასტურდება ზ. ო–ს, გ. ი–სა და ი. ხ–ს ქმედებებში საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის – ყაჩაღობის, ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი – სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მსჯავრდებულებს – ზ. ო–ს, გ. ი–სა და ი. ჩ–სჰქონდათ ყაჩაღობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯგუფურად თავდასხმის განზრახვა, შესაბამისად, თ. ხ–ს ყაჩაღობაში დახმარების მიზანი.
18. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, დაზარალებულ მ. ა.ს განმარტებას, რომ ი. ჩ–მ, გ. ი–მ და ზ. ო–მ მ. ა. აიძულეს ორჯერ ამოეღო ყველაფერი რაც ჯიბეში ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლო აფასებს მ. ა.ს მიმართ ჩადენილი ქმედება ექცევა თუ არა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის დისპოზიციის ფარგლებში.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს მიზნით დაფუძნებული პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედებისთვის, როდესაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს როგორც თავისი ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი (ზემოქმედება დაზარალებულის ნების თავისუფლებაზე) და სურს დაზარალებულის ნებაზე ზემოქმედებით მისთვის სასურველი შედეგის მიღწევა. შესაბამისად, ძალადობა უკავშირდება და მიმართულია დაზარალებულის იძულებისაკენ განახორციელოს/უარი თქვას თავისი უფლების რეალიზებაზე. ამდენად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, ძალადობა მიზნად უნდა ისახავდეს და მიმართული იყოს დაზარალებულის ქმედების და ნების თავისუფლების შეზღუდვისკენ და მისი იძულებისკენ განახორციელოს/ თავი შეიკავოს თავისი უფლების რეალიზებისგან. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია ძალადობის მიზნის მკაფიოდ განსაზღვრა.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თავად დაზარალებულის ჩვენებით მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მხრიდან დაზარალებულზე ძალადობა (როგორც დანის გამოყენებით მუქარა, ასევე მუშტებისა და წიხლების დარტყმა) ერთი მხრივ წინ უსწრებდა ჯიბეების ამოტრიალების მოთხოვნას და იმავდროულად არ უკავშირდებოდა, მიზნად არ ისახავდა აღნიშნული ქმედების განხორციელების იძულებას. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამ ნაწილში (ჯიბეების ამოტრიალების მოთხოვნის ნაწილში) წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულ მ. ა–ს მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენება. არც ერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება აღნიშნული ფაქტი. ხოლო საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
21. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას გ. ი–ს, ი. ხ–სა და ზ. ო–ს ქმედებების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის შესახებ, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულ მ. ა.ს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
22. საკასაციო სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი“. თუმცა სავალდებულო არ არის მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. თანაამსრულებლობა ნიშნავს ორი ან მეტი ბრალუნარიანი პირის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის მთლიანად ან ნაწილობრივ ერთობლივად და უშუალოდ განხორციელებას.
23. სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებული მ. ა.ს და მოწმეების - ლ. შ-ისა და ჯ. გ-ის - ჩვენებებს (მოწმეებმა შემთხვევიდან მალევე ნახეს მ. ა., რომელსაც სახეზე ღამის განათების პირობებშიც ეტყობოდა ძალადობის (დარტყმის, დაზიანების) კვალი, იყო აღელვებული და შეშინებული), ასევე - 2020 წლის 20 ივლისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნას, რომლითაც ცალსახად დგინდება მ. ა.ზე ფიზიკური ძალადობა.
24. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ი–ს, ი. ხ–სა და ზ. ო–ს მიერ მ. ა–ს მიმართ განხორციელებული ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.
25. სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარე კასატორის პოზიციას გ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებაზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში.
25.1. საკასაციო სასამართლო, კვლავაც აღნიშნავს, რომ კასატორმა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მკაფიოდ ფორმულირებასთან ერთად უნდა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ანალოგიურად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილიც საკასაციო საჩივრის დასაშვეობას უკავშირებს ამავე ნაწილში მითითებული საფუძვლების დასაბუთებას. ამდენად, კასატორმა უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ განაჩენის გასაჩივრების კონკრეტული საფუძველი, არამედ მკაფიოდ მიუთითოს ის არგუმენტებიც, რომლებიც ადასტურებენ კასატორის პოზიციას და შესაბამისად - გასაჩივრებული განაჩენის უკანონობას (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის N933აპ-23 განჩინება).
25.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე კასატორი თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის არ უთითებს სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არც ერთ მტკიცებულებაზე, არ უთითებს არც ერთ არგუმენტს. შესაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
26. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
27. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს – ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით ზ. ო–სა და გ. ი–ს (საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით) და ი. ჩ–ს სასჯელის სახით განესაზღვრათ ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 1 წლითა და 6 თვით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).
28. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენით სისხლის სამართლის საქმეში არსებული ნივთმტკიცებების ნაწილის ბედი არ არის გადაწყვეტილი. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტის ნაწილში და მ. ა–სგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად, ზ. ო–სგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად; ი. ხ–ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა - ერთი ცალი ათლარიანი და ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურა; გ. ი–ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა (ხურდა ფული); გ. ი–ს ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოღებული ქალის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი, საბანკო პლასტიური ბარათები, სამი ცალი საფულე, ფულადი თანხა, მაჯის საათი, ქ. კ–ს, რ. ფ–ს, გ. ი–ს და ზ. ო–ს სახელზე გაცემული ID ბარათები; ი. ჩ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულე, ფულადი თანხით - 1000 აშშ დოლარი, 5000 ყაზახური მანათი, 5000 უზბეკური მანათი, 20 ბულგარული მანათი, 1 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში; საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ........., დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს ;
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის განაჩენში ნივთმტკიცების ნაწილში შევიდეს ცვლილება:
4. ნივთიერი მტკიცებულებები: მ. ა.სგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად; ზ. ო–სგან ამოღებული ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად; ი. ხ–ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა - ერთი ცალი ათლარიანი და ორი ცალი ხუთლარიანი კუპიურა; გ. ი–ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა (ხურდა ფული); გ. ი–ს ავტომობილის ჩხრეკის დროს ამოღებული ქალის ხელჩანთა, მასში მოთავსებული ,,სამსუნგის” ფირმის მობილური ტელეფონი, შავკორპუსიანი მობილური ტელეფონი, საბანკო პლასტიური ბარათები, სამი ცალი საფულე, ფულადი თანხა, მაჯის საათი, ქ. კ–ს, რ. ფ–ს, გ. ი–ს და ზ. ო–ს სახელზე გაცემული ID ბარათები; ი. ჩ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული საფულე, ფულადი თანხით - 1000 აშშ დოლარი, 5000 ყაზახური მანათი, 5000 უზბეკური მანათი, 20 ბულგარული მანათი, 1 პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში; საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული „BMW“-ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ....., დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია პოლიციის პირველი განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოში დაუბრუნდეს მესაკუთრეს/მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
5. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე