საქმე # 120100122005732652
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №959აპ-23 ქ. თბილისი
ი. გ., 959აპ-23 13 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის – გელა მაღრაძისა და მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით გ. ი–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
1.3. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 21 მარტის არასრულწლოვან თ. ი–ს ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
1.4. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
1.5. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი), დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით;
1.6. პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ მორალურ ტანჯვას აყენებს, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ი–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 21 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ი–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი არ უნდა გავიდეს საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების: .......... წელს დაბადებული თ. ი–ს და .... წელს დაბადებული ბ. ი–ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – მ. ბ–ს, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახის არეში, რითაც მ. ბ–მ განიცადა ტანჯვა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი და აღნიშნულით სხეულზე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.2. 2022 წლის 21 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი გ. ი., გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი არ უნდა გავიდეს საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. ბ–ს, რა დროსაც მან თვითნაკეთი წესით დამზადებული მასიური ტიპის დანის პირი დაისვა მარცხენა ხელის გულზე, რის გამოც ხელიდან წამოუვიდა სისხლი და დაემუქრა მეუღლეს, რომ მასაც მოკლავდა, რითაც მ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.3. 2022 წლის 21 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი გ. ი., იმის გამო, რომ არასრულწლოვანმა შვილმა, .... დაბადებულმა თ. ი–მ მამის მიერ ძალადოვბისას დაიცვა დედის, მ. ბ–ს ინტერესი, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რა დროსაც გ. ი–მ მეორე ოთახში არსებული სამზარეულოდან გამოიტანა 2 ცალი თვითნაკეთი წესით დამზადებული მასიური ტიპის დანა, თ. ი. დაისვა მაგიდასთან და ძლიერად მოითრია მაისურიდან, წააქცია იატაკზე, ერთი ცალი დანა მიადო ყელთან, ხოლო მეორე დანა კი მუცელთან, რითაც არასრულწლოვან თ. ი.ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.4. 2022 წლის 24 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ი–მ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი არ უნდა გავიდეს საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, ეჭვიანობის ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების: .... დაბადებული თ. ი–ს და 2014 წლის 26 აპრილს დაბადებული ბ. ი–ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – მ. ბ–ს, რა დროსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი მას სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც მ. ბ–მ განიცადა ტანჯვა და ძლიერი ფიზიკური ტკივილი და აღნიშნულით სხეულზე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2.5. 2022 წლის 24 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი გ. ი., გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი არ უნდა გავიდეს საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ. ბ–ს. კერძოდ, თვითნაკეთი წესით დამზადებული მასიური ტიპის დანით მოკვლით დაემუქრა მეუღლეს, რითაც მ. ბ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2.6. წლების განმავლობაში გ. ი., ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალი არ უნდა გავიდეს საცხოვრებელი სახლიდან გარეთ, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს მამაკაცს და შეასრულოს მისი სურვილები, თავისი შეხედულებით არ უნდა იმოქმედოს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს მ. ბ–ს, რითაც გ. ი. ძლიერ მორალურ ტანჯვას აყენებდა მ. ბ–ს. ამასთან, 2022 წლის 24 მარტს, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალმა გ. ი–მ, იმავე მოტივით, ხელში დაჭერილი თვითნაკეთი წესით დამზადებული მასიური ტიპის დანის დემონსტრირებით და მოკვლით აიძულა მეუღლე მ. ბ–ე, რათა ბოდიში მოეხადა მისთვის მიცემული შენიშვნის გამო, ეთხოვა პატიება, დაჩოქილიყო ძირს და მუხლები დაეკოცნა მისთვის.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენით გ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა;
3.1. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ბ–ს, ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
3.1.5. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
3.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ი–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
3.3. გ. ი–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2022 წლის 24 მარტიდან 2022 წლის 4 აპრილის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 26 იანვრიდან.
3.4. გ. ი. დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოათავსეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
4.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ მოითხოვა გ. ი–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ჩ–ს მოითხოვა მსჯავრდებულის სრულად გამართლება.
4.3. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გ. ი–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ჩ–ს და მითხოვა დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება:
5.1. გ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
5.2. გ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
5.3. გ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა;
5.4. გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
5.4.1. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
5.4.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
5.4.3. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
5.4.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ი–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;
5.5. გ. ი–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2022 წლის 24 მარტიდან 2022 წლის 4 აპრილის ჩათვლით და სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2023 წლის 26 იანვრიდან.
6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
6.1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გელა მაღრაძე ითხოვს გ. ი–ს მსჯავრდებას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით) – კვალიფიკაციით და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის შეფარდებას.
6.2. მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ვ. ჩ–ი ითხოვს მსჯავრდებულის სრულად გამართლებას.
6.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ადვოკატმა ვ. ჩ–სდა მითხოვა დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრი.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრეს: პროკურორმა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობას თავდაპირველი – ბრალად წარდგენილი (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით) კვალიფიკაციით და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ხოლო დაცვის მხარე – გ. ი–ს უდანაშაულოდ ცნობას.
3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ – გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3.1. გ. ი. უნდა გამართლდეს – საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენაზე მითითება – და შესაბამისად, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ანდა გარემოებითი მტკიცებულება, რომელიც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და დაადასტურებდა გ. ი–ს მიერ დაზარალებულის/დაზარალებულების მიმართ აღნიშნულ ეპიზოდებში ძალადობის, მუქარის ან/და დამცირებისა და იძულების ჩადენას.
5. დაზარალებულებმა – მ. ბ–მ, თ. ი.მ და ბ. ი–მ ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე გ. ი–ს (მეუღლის/მამის) წინააღმდეგ, ხოლო გ. ი–მ გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება.
6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა ერთობლიობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის საჭირო მტკიცებით სტანდარტს. სასამართლო კვლავაც ამახვილებს ყურადღებას სახელმწიფოს ვალდებულებაზე, უზრუნველყოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთა სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, მართლმსაჯულების განხორციელება და ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური რეაგირება (მაგ.: იხ. X and Y v. Georgia, No. 24/2009; U.N. Doc. CEDAW/C/61/D/24/2009, §§9.7; 9.6; 2015 ).
7. მ. ბ–სა და თ. ი–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის 2022 წლის 25 მარტის ოქმების თანახმად, მსჯავრდებულმა იძალადა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულებს.
8. შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის 2022 წლის 24 მარტის ოქმის თანახმად, გ. ი. დანით დაემუქრა მ. ბ–ს სიცოცხლის მოსპობით, რამაც მსხვერპლში გამოიწვია შიში. მ. ბ–ს აღენიშნებოდა დაზიანება – მარცხენა თვალის არეში სილურჯე.
8.1. შემაკავებელი ორდერის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლო ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია დაზარალებულისა და მსჯავრდებულის მიერ; საქმის მასალებით არ დასტურდება შემაკავებელი ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის გასაჩივრების ფაქტი; შემაკავებელ ორდერში მითითებული ინფორმაცია ეხება მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას (ტ. N1; ს.ფ. 74-84) და შესაბამისად, შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას (მაგ.: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის N585აპ-19 განაჩენი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის N331აპ-22 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის N1051აპ-21 განაჩენი; 2022 წლის 6 ივლისის N509აპ-22 განჩინება);
8.2. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არც წინასასამართლო განხილვის და არც არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარეს არ უცვნია შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი უდავო მტკიცებულებად (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინებით დამტკიცდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხა და შემაკავებელ ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმიც დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, როგორც სადავო მტკიცებულებები), რის გამოც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე აღნიშნული დოკუმენტები მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული – თუმცა მოხდა აღნიშნული დოკუმენტების ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ საჯაროდ წაკითხვა (გამოქვეყნება), მაგრამ სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა ორდერის გამომცემი – საქართველოს შსს ა–ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ. დ.; ასევე – ოქმთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია ბრალდების მხარის მიერ დაკითხულ (მათ შორის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელ) არც ერთ მოწმეს და არც საქმის მწარმოებელ გამომძიებელს, ხოლო დაზარალებულმა მ. ბ–მ (ვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასაც ემყარება შემაკავებელი ოქმი) უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
8.2.1. სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ ხასიათს, რომელიც დოკუმენტს დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა ის, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს, რომ შემაკავებელი ორდერის ოქმი, ისევე როგორც დაზარალებულების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები სრულად ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და დაცვის მხარეს არ მიეცა აღნიშნული ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოს სხდომაზე გამოკვლევის შესაძლებლობა.
8.3 მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და შემაკავებელი ორდერის ოქმი მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ერთი წყაროდან მოპოვებული მტკიცებულებებია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის №159აპ-23 განჩინება) – ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი, ორივე მტკიცებულება ემყარება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
8.4. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეს უფლება აქვს მათ შორის გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევა - მტკიცებულებაში ასახული ინფორმაციის სარწმუნოობისა და ინფორმაციის მიმწოდებლის სანდოობის გამოკვლევის, ინფორმაციის პირველწყაროს დაკითხვის შესაძლებლობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 31 ოქტომბრის N855აპ-23 განჩინება), დაუშვებელია აღნიშნული მტკიცებულებების გამოყენება მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის №315აპ-20, 2020 წლის 1 ივნისის №49აპ-20, 2024 წლის 16 იანვრის №948აპ-23 განჩინებები).
9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2022 წლის 24 მარტის ოქმით დასტურდება მხოლოდ შესაძლო დანაშაულის ადგილი და ის გარემოება, რომ სახლის დათვალიერებისას სამზარეულოდან ამოიღეს ერთი ქარხნული წესით დამზადებული და ერთი ხელნაკეთი დანა. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულება გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ი 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) ჩადენის დასადასტურებლად ირელევანტურია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მტკიცებისთვის (სხვა მამხილებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში) per se არ ადასტურებს დანაშაულის ჩადენას და არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
10. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში“ 2022 წლის 24 მარტს შესული შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების 2022 წლის 19 აპრილის ოქმით დასტურდება, რომ ინიციატორი არის მ. ბ–ე, რომელიც ტირის და აღელვებული ხმით ოჯახური პრობლემის გამო ითხოვს საპატრულო პოლიციის საცხოვრებელი სახლის მისამართზე გამოძახებას; ოპერატორი რამდენჯერმე ეკითხება მისამართს, ვინაიდან არ ესმის ინიციატორის საუბარი (,,ცუდად ისმის“, ,,ვერ ვიგებ ქალბატონო“); მ. ბ–ე ითხოვს, რომ პოლიცია მივიდეს: ,,ი. გ–ს ოჯახი იკითხონ, ვეღარ დაგელაპარაკებით, გთხოვთ“; ოპერატორის კითხვაზე არის თუ არა დაშავებული და ესაჭიროება თუ არა სასწრაფო დახმარება, ატირებული პასუხობს: ,,ჯერ არა“. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მისი მეუღლე გაიგებს შეტყობინების შესახებ, იგი მას მოკლავს.
11. გამომძიებელ ამირან ბოლქვაძის ჩვენების თანახმად, 2022 წლის 24 მარტს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებული მ. ბ–ე მომხდარი ფაქტის გამო ნერვიულობდა (11.07.2022; 10:52:10).
12. მოწმე რ. ბ–მ დაადასტურა, რომ იგი არის დაზარალებული მ. ბ–ს მამა. მეზობელმა უთხრა, რომ მისი ქალიშვილის სახლში იყო სასწრაფო დახმარება, რის გამოც დაურეკა მ. ბ–ს. დაზარალებულმა უთხრა, რომ მასსა და გ. ი–ს (ცოლ-ქმარს) შორის რაღაც მოხდა და მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება (28.09.2022; 15:48:47). შვილისგან იცის, რომ მსჯავრდებულმა მისი შვილის მიმართ იძალადა (15:51:29). მოწმემ განმარტა, რომ იგი მსჯავრდებულის მხრიდან მუქარის ან/და ძალადობის ფაქტს პირადად არ შესწრებია. დაზიანებები დაზარალებულებისთვის არ შეუმჩნევია.
13. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 25 მარტის დასკვნის თანახმად, მ. ბ–ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული, ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს, ხოლო მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი თავისი ხანდაზმულობით არანაკლებ 3-6 და არაუმეტეს 5-10 დღისაა.
14. დაზარალებულის პირადი გასინჯვის მონაცემებით: მარცხენა ქვემო ქუთუთოს არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X3 სმ-ზე, მარჯვენა ქვემო ქუთუთოს არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5X2,5 სმ-ზე, შუბლის მარცხენა არეში აღენიშნებოდა სიგრძივად მდებარე ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 0,6X2,5 სმ-ზე. მარცხენა მხრის შუა მესამედის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მწვანე ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 2X3 სმ-ზე.
15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 12 აპრილის N.... დასკვნის თანახმად, წარდგენილი სს მასალებისა და მ. ბ–ს ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ მ. ბ–მ, მეუღლის, გ. ი–ს მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, ხოლო ექსპერტ მ. ბ–ს ჩვენების თანახმად, მ. ბ–ს ჰქონდა შფოთვის უმაღლესი ზღვარი და მისი ფსიქიკური მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე.
16. ამდენად, გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდების ნაწილში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ში“ 2022 წლის 24 მარტს შესული შეტყობინება სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა დაზარალებულმა და ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებულ უფლებით, თუმცა აღნიშნული შეტყობინების შინაარსის (ოჯახური პრობლემის გამო ითხოვს საპატრულო პოლიციის საცხოვრებელი სახლის მისამართზე გამოძახებას; ამასთან, ოპერატორის კითხვაზე არის თუ არა დაშავებული და ესაჭიროება თუ არა სასწრაფო დახმარება, ატირებული პასუხობს: ,,ჯერ არა“. დაზარალებულის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მისი მეუღლე გაიგებს შეტყობინების შესახებ, მოკლავს), მოწმე რ. ბ–ს ჩვენების (დაადასტურა დაზარალებულის მიერ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების გამოძახება), სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (მ. ბ–ს მარცხენა და მარჯვენა ქვემო ქუთუთოს, შუბლის მარცხენა არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთები), სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2022წლის 12 აპრილის N.......... დასკვნის და სადავო შემთხვევიდან და შეტყობინების მიღებიდან პრაქტიკულად დაუყოვნებლივ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული გამომძიებლის ჩვენების (განმარტა, რომ დაზარალებული ნერვიულობდა) მხედველობაში მიღებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2022 წლის 24 მარტს გ. ი–მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – მ. ბ–ს, რა დროსაც დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
17. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დაზარალებულების მიერ ახლო ნათესავის (მეუღლის/მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის პირობებში, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ან/და არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენას. შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე მისული გამომძიებლების ჩვენებებით ცალსახად არ დგინდება ადგილზე მისულებს არასრულწლოვნები დახვდნენ, თუ ისინი გარიდებული იყვნენ საცხოვრებელი სახლიდან, ხოლო სს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, არც ის დგინდება თუ როდის, სად, ვინ ან/და რატომ განარიდა ისინი, ესწრებოდნენ თუ არა არასრულწლოვნები უშუალოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
18. დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნო, მათ შორის - ირიბ ჩვენებებს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ,,სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი N97აპ-20).
18.1. მოწმე ქ. ბ-ის ჩვენების თანახმად, იგი არის დაზარალებულ მ. ბ–ს და. წლების განმავლობაში მ-ს და გ-ს ოჯახში ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია, ბრალდებული ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ხდებოდა აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ. მას რამდენჯერმე უნახავს მ-ის სხეულზე სილურჯეები, თუმცა მ-ი არ უმხელდა მეუღლის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფების ფაქტებს. ასევე იყო შემთხვევა, რომ მ-ის სახლში ნახა დაზიანებული ტელევიზორი და დისგან გაიგო, რომ ტელევიზორში გადიოდა გადაცემა ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლებების დაცვის შესახებ და ამის გამო გაბრაზებულ გ. ი–ს ჩაუმსხვრევია ტელევიზორის ეკრანი.
18.2. ამდენად, აღნიშნული მოწმე გ. ი–ს მიმართ ბრალადშერაცხილ დანაშაულებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებია და საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციას სრულად ფლობს დაზარალებულისგან.
18.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ი–ს მიერ 21 მარტს შვილისათვის – თ. ი–სთვის დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა დასტურდება მხოლოდ ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2022 წლის 25 მარტის ოქმებით, სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. ამასთან, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე ინფორმაციის პირველწყაროების (შესაბამისად – მ. ბ–ს და თ. ი–ს) დაკითხვა და ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სისწორის გადამოწმების შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მიეცა, აღნიშნულ პირთა მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ი–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ ვერ შესძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ პირის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულის და ამ პირის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
21. ამდენად, პროკურორის პოზიცია (აღნიშნულ ეპიზოდებთან მიმართებით) არის მხოლოდ ვარაუდი, საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გ. ი. ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და, იმავდროულად, ამოერიცხოს დანაშაულის გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენაზე მითითება.
23. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v. Croatia, no. 47666/13, §50-51, ECtHR, 11/07/2017; Opuz v. Turkey, no. 33401/02, §§ 72-86, ECtHR, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, ECtHR, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, ECtHR, 12/06/2008). სასამართლო ასევე ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის („სტამბოლის კონვენცია“) 45-ე მუხლს, რომლის თანახმად, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ეკისრებათ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომის გატარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის N843აპ განაჩენი, II-5).
24. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება უფრო მეტი ძალისხმეით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთის მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და მეორე მხრივ არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, §7, ECtHR, 14/10/2010; Valiulienė v. Lithuania , no. 33234/07, § 71, ECtHR, 26/03/2013; Eremia v. the Republic of Moldova, no. 3564/11, § 57, ECtHR, 28/05/2013; Ž.B. v. CROATIA, no. 47666/13, § 50, 11/07/2017; Volodina v. Russia, no. 41261/17, §78, ECtHR, 09/07/2019).
25. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
26. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს და სასჯელის მიზნებს, მათ შორის სასჯელის რესოციალიზაციის (სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას) და ახალი დანაშულის პრევენციის მიზანს, რომელიც ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება).
27. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების მხედველობაში მიღებით გ. ი–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა – 1 წლითა და 6 თვით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
28. იმავდროულად, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, ქარხნული წარმოების და ხელნაკეთი დანები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს, ხოლო გ. ი–ს სამედიცინო ისტორიის მასალები, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
29. ნივთმტკიცების ბედი გადაწყვეტისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნუსხაში მითითებულ საქმეზე დართულ საგნებსა და ნივთებზე, რომელთა შორისაც არის ასევე: ,,ნივთი – სხვა: მ. ბ–ს შეტყობინების აუდიოჩანაწერი 112-ში, ინახება: სისხლის სამართლის საქმეში N............“. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ 2022 წლის 15 აპრილს ამოღების ჩატარების შესახებ შუამდგომლობით მიმართა ახალციხის რაიონული სასამართლოს და მოითხოვა განჩინების გაცემა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში 24 მარტს, 17:50:42 საათზე მ. ბ–ს შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების თაობაზე (შუამდგომლობაში მიეთითა: ამოღების ჩატარების ვადა: 30 დღე; ტ.N2; ს.ფ. 63-64).
29.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის განჩინებით პროკურორის შუამდგომლობა, სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში, მ. ბ–ს 2022 წლის 24 მარტის, 17:50:42 საათის შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების თაობაზე დაკმაყოფილდა;
29.2. შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების 2022 წლის 19 აპრილის ოქმის თანახმად, დათვალიერდა განჩინებაში მითითებული აუდიოჩანაწერი, კომპიუტერისა და ყურსასმენის გამოყენებით.
29.3. 2022 წლის 28 აპრილის შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმისა და სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხის თანახმად, დაცვის მხარეს, კერძოდ, ადვოკატ ვ. ჩ-ს გადაეცა და მტკიცებულებათა ნუსხაში, საქმეზე დართულ საგნებსა და ნივთებს შორის მიეთითა, მათ შორის: ,,ნივთი – სხვა: მ. ბ–ს შეტყობინების აუდიოჩანაწერი 112-ში, ინახება: სისხლის სამართლის საქმეში N............“, თუმცა სს საქმის მასალებით არ დასტურდება აუდიოჩანაწერის გამოთხოვა, მათ შორის, შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების 2022 წლის 19 აპრილის ოქმის თანახმად, ადგილი ჰქონდა ჩანაწერის დათვალიერებას და არა მის რაიმე გზით მოპოვებას (ტ. N2; ს.ფ. 74-79). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაწყვიტოს აღნიშნული ნივთმტკიცების ბედი საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის – გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ გ. ი–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ჩ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენში გ. ი–ს მიმართ შევიდეს ცვლილება:
3.1. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
3.2. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
3.3. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
3.4. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 მარტის, არასრულწლოვან თ. ი–ს, ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
3.5. გ. ი. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. გ. ი–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და ამოერიცხოს დანაშაულის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენაზე მითითება;
4.1. გ. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 24 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;
5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:
5.1. ქარხნული წარმოების და ხელნაკეთი დანები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლოებლს ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს;
5.2. გ. ი–ს სამედიცინო ისტორიის მასალები, შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
6. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი