საქმე # 020100120004122325
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №1075აპ-23 ქ. თბილისი
ნ. ნ. 1075აპ-23 25 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძისა და მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯ–ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
1.1. ნ. ა–ს, – დაბადებულს 1.. წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
1.2. მ. ა–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით;
1.3. ბ. თ–ს, – დაბადებულს 1... წელს, – ბრალად ედებოდა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით ნ. ა–ს, მ. ა–სა და ბ. თ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ნ. ნ–მ, მ. ნ–მ და ბ. თ–მ გადაწყვიტეს გ. თ–ს შეცდომაში შეყვანის გზით, მოტყუებით დაუფლებოდნენ მის კუთვნილ ნივთებს, რა მიზნითაც დაუკავშირდნენ გ. თ–ს, მოიპოვეს მისი ნდობა და 2020 წლის მარტიდან 2020 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჯგუფურად დაუფლნენ გ. თ–ს კუთვნილ 29 სულ საქონელსა და ძვირფასეულობას: ქამარ-ხანჯალს, ოქროს ბეჭედსა და საათს, ცხენის სამკერდისს, რის შედეგადაც გ. თ–ს მიადგა დიდი ოდენობით – 45 500 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვით და 15 დღით;
3.1.1. ნ. ა–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან; მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით;
3.2. ბ. თ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.3. მ. ნ. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
3.4. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. სასამართლო სხდომის დარბაზში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის დაკავების 2022 წლის 26 სექტემბრის ოქმის თანახმად, ნ. ა–ს დააკავეს 2022 წლის 26 სექტემბერს.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, კერძოდ:
5.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, მოითხოვა ბ. თ–სა და მ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მათთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება, ხოლო ნ. ა–ს დამნაშავედ ცნობა, მათ შორის, ოქროს ბეჭდის, ცხენის სამკერდისისა და ქამარ-ხანჯლის თაღლითურად დაუფლების ნაწილში.
5.2. ნ. ა–ს, ბ. თ–სა და მ. ა–ს ადვოკატმა ს. ჯ–მ მოითხოვა ნ. ა–ს გამართლება, ხოლო ბ. თ–სა და მ. ა–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5.3. პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა ნ. ა–ს, ბ. თ–სა და მ. ა–ს ადვოკატმა ს. ჯ–მ და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, კერძოდ:
7.1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელიც ითხოვს ბ. თ–სა და მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მათთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო ნ. ა–ს დამნაშავედ ცნობას, ოქროს ბეჭდის, ცხენის სამკერდისისა და ქამარ-ხანჯლის თაღლითურად დაუფლების ნაწილშიც.
7.2. მსჯავრდებულ ნ. ა–ს ადვოკატმა ს. ჯ–მ მოითხოვა ნ. ა–ს გამართლება, ხოლო ბ. თ–სა და მ. ა–ს მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
7.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ნ. ა–სა და გამართლებულების – ბ. თ–სა და მ. ა–ს ადვოკატმა ს. ჯ–მ, რომელიც ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო დასაშვებად ცნობის შემთხვევაში – მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან შემოვიდა მსჯავრდებულ ნ. ა–ს და გამართლებულების – ბ. თ–სა და მ. ა–ს ადვოკატის ს. ჯ–ს 2023 წლის 21 ივლისის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე დამატებითი მასალის დართვისა და აღნიშნული დოკუმენტაციის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის თაობაზე.
8.1. მსჯავრდებულმა ნ. ა–სმ 2023 წლის 10 აგვისტოს და 15 სექტემბერს განცხადებებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ს. ჯ–ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011).
3. საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ნ. ა–ს სრულად გამართლებას, ხოლო ბრალდების მხარე – ბ. თ–სა და მ. ა–ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მათთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო ნ. ა–ს ნაწილში - მის დამნაშავედ ცნობას ასევე ოქროს ბეჭდის, ცხენის სამკერდისისა და ქამარ-ხანჯლის თაღლითურად დაუფლების ნაწილშიც.
3.1. ამდენად, მხარეების შორის დავის საგანია ჩაიდინეს თუ არა მსჯავრდებულმა და გამართლებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედებები, კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლნენ თუ არა გ. თ–ს კუთვნილ – 29 სულ საქონელსა და ძვირფასეულობას: ქამარ-ხანჯალს, ოქროს ბეჭედსა და საათს, ცხენის სამკერდისს, რის შედეგადაც გ. თ–ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას. ვალდებულების ფარგლები შეიძლება განსხვავდებოდეს სადავო გადაწყვეტილების ბუნებიდან გამომდინარე და ის უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებების გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ვალდებულება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011), გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილული იქნა საქმის არსებითი საკითხები (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no. 21447/11, no. 35839/11, §65, 66; 27/02/2020).
5. დაზარალებულმა გ. თ–მ განმარტა, რომ მ... და ნ. ა–ს-მა იცოდნენ, რომ მას ჰქონდა მამაპაპისეული ქამარ-ხანჯალი. 2020 წლის თებერვალში მასთან სახლში მივიდა მ. ნ. და უთხრა, რომ ბ. ი-ს დეიდაშვილს სურდა მისი ნივთების შეძენა, რისთვისაც ფოტოსურათები უნდა გადაეღოთ და გადაეგზავნათ. დაუძახეს ნ. ა–ს, რომელიც იყო სახლის გარეთ. მან გადაუღო ქამარ-ხანჯალს ფოტოსურათები და განაცხადა, რომ უგზავნიდა უ. მ–ს. შუადღის შემდეგ მიაკითხა მ. ნ.მ და უთხრა, რომ ნ. ა–ს მიდიოდა ს... და გაეტანებინა ქამარ-ხანჯალი, რაზეც მან უარი განუცხადა. დაახლოებით ერთ თვეში მას დაურეკა უცნობმა პირმა ფარული ნომრიდან და უთხრა, რომ იყო უ. მ–ი და მისი (გ. თ–ს) მობილური ტელეფონის ნომერი მისცეს ნ–მა. მანვე უთხრა, რომ ქამარ-ხანჯალი დ... საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებოდათ პ. ა–ს საჩუქრად. იმავდროულად, უთხრა, რომ ბ. თ–ს იცნობდა, რადგან მან მიჰყიდა ფილთათოფი, და ქამარ-ხანჯალი მისთვის გაეტანებინა. საუბრის შემდეგ გ. თ–მ დაიბარა და ქამარ-ხანჯალი გადასცა ნ. ა–სა და ბ. თ–ს. საღამოს დაურეკა პირმა, რომელიც ესაუბრებოდა უ. მ–ის სახელით და უთხრა, რომ ბიჭებმა მიუტანეს ქამარ-ხანჯალი, მოეწონათ და შეუთანხმდა ფასზე, კერძოდ, 3500 დოლარზე, რომელსაც 2-3 დღეში ანდა მაქსიმუმ მიმდინარე კვირაში პირადად ჩაუტანდა. ერთი კვირის შემდეგ კვლავ დაურეკა უ. მ–მა და სთხოვა დრო, ვინაიდან ნ. ა–ს ჰქონდა კორონა ვირუსი და მძიმე მდგომარეობაში იყო. იმავდროულად, შეჰპირდა, სახელმწიფო გრანტის ფარგლებში, სესხის აღებაში დახმარებას. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღებისათვის, მასთან მივიდა ბ. თ. და გ. თ–ს გადაუღო ფოტოსურათი. ბ. თ–ს უ. მ–ისათვის გაატანა ცხენის სამკერდე, ვინაიდან იგი ეხმარებოდა. უ. მ–ი თავდაპირველად ფარული ნომრით ურეკავდა, შემდეგ კი – ნ. ა–ს ნომრით, რომელიც 54-ით მთავრდება (რომელზეც შემდეგ თავადაც ურეკავდა (00:20:36)). უ. მ–მა ბიზნესგეგმისთვის მოსთხოვა 200 ლარის ა–ს ანგარიშზე ჩარიცხვა, რაც მისთვის საეჭვო იყო და უთხრა, რომ მსგავსი მანიპულაცია არ შეეძლო თუმცა უ. მ–მა შესთავაზა, ბანკში მისულიყო ნ–ს მეზობელ ვინმე ლ–თან და მისთვის მიეცა, რაც გ. თ–მ შეასრულა. ცხენის სამკერდის გაგზავნის შემდეგ, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა უნაგირი. მან დააკავშირა მეზობელ პ–ს, რომელსაც ჰქონდა უნაგირი, თუმცა დაუბრუნეს, რადგან არ მოეწონათ (00:23:21). აღნიშნულის შემდეგ უ. მ–მა ასევე ჰკითხა, გაყიდიდა თუ არა საქონელს (გაიგო, რომ ჰყავდა საქონელი), რომელიც უნდოდა მ. ა–სათვის, როგორც ძველი მესაქონლისათვის, რასაც დასთანხმდა (00:24:15). საბოლოოდ, შესათანხმებლად მასთან მივიდნენ მ... და ნ. ა–ს-ი. ნ. ა–ს, იმავდროულად, უ. მ–ს ესაუბრებოდა (,,იქით უ-ს ელაპარაკებოდა, ასე გამოდიოდა”; 00:26:00). ავიდნენ მთაში, თუმცა ვერ ნახეს საქონელი. მე-3 დღეს კვლავ ავიდა მთაში ნ. ა–სთან და მის მიერ დაქირავებულ ვინმე ფ-სთან ერთად. ნ. ა–ს განმარტებით, მ. ნ. პირადი მიზეზის გამო ვერ მივიდა. შეთანხმების თანახმად, 32 სულ საქონელს ატანდა 34000 ლარად, თუმცა, ვინაიდან 3 სული საქონელი მგელმა დაგლიჯა და ნ. ა–ს ჩააბარა მხოლოდ 29 სული, შეთანხმდნენ 30000 ლარზე. უ. მ–მა დაურეკა და უთხრა, რომ საქონელი ი. წაიყვანეს (00:26:10). ნ. ა–ს ბევრ ინფორმაციას ფლობდა მის შესახებ, შესაბამისად, ჰკითხა, ჰქონდა თუ არა საათი, რადგან ბ. ი-ს ახლობელი კარგ ფასად იბარებდა. დასთანხმდა და მითითების შესაბამისად, კიტიანს მისცა საათი, ასევე – თვლიანი ბეჭედი. ამის შემდეგ უ. მ–ს მისთვის აღარ დაურეკავს, თუმცა ნ. ა–ს ეუბნებოდა, რომ საქმეები ჰქონდა და აუცილებლად დაუკავშირდებოდა. რაღაც დროის შემდეგ ნ. ა–სმ სოფელში თქვა (პ-(სთვის უთქვამს), თითქოს გასტუმრებული ჰყავდა, რაც ნ. ა–სმ მასთან საუბრისას უარყო. გარდა ამისა, გ. თ–მ დაიბარა ბ. თ.ც (,,იქ იყვნენ ბიჭებიც“), რომელმაც უთხრა, რომ ნივთები ლომბარდში ჩააბარეს. ძროხებთან მას კავშირი არ ჰქონია, ასევე არ იცოდა ბეჭდისა და საათის შესახებ, მან იცოდა მხოლოდ ქამარ-ხანჯლისა და სამკერდის შესახებ.
5.1. დაზარალებულმა გ. თ–მ დაადასტურა, რომ მას ბ. თ., ნ. ა–ს და მ. ნ. ერთად არ უნახავს, თუმცა ენდო მათ. ეუბნებოდნენ, რომ პირი, რომელიც ურეკავდა, იყო უ. მ–ი. შემდეგ, ნ. ა–სმ აღიარა, რომ თავად რეკავდა და ატყუებდა (01:06:46; 01:07:28; 01:21:15; 01:35:00).
5.2. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ბ. თ–მ მიუტანა პლასტიკური ბარათი და უთხრა, რომ უ. მ–მა გამოატანა და მასზე დაერიცხებოდა ფული, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ იგი ვადაგასული იყო. შემდგომში კი აღმოჩნდა, რომ პლასტიკური ბარათი მ. ა–ს ეკუთვნოდა. ამასთან, დაკავებამდე ბ. თ–მ აღიარა, რომ, სინამდვილეში, ნ. ა–ს დედამ თუ მამამ გადასცა (00:47:14).
5.3. გ. თ–მ განმარტა, რომ ყველა ნივთის ფასზე შეთანხმებული იყვნენ, კერძოდ: ქმარ-ხანჯალი მისცა – 3500 აშშ დოლარად, რაც იმ დროს იყო, დაახლოებით – 12 000 ლარი; საათი – 1000 ლარად, ხოლო ბეჭედი – 1500 ლარად; 29 სული საქონელი – 34000 ლარად, თუმცა, ვინაიდან 3 სული აკლდა, საბოლოოდ შეთანხმდნენ 30 000 ლარზე. მისთვის აღნიშნული თანხა არ გადაუხდიათ, მხოლოდ 200 ლარი დაუბრუნეს. ამასთან, ცხენის სამკერდე საჩუქრად გაატანა ბ. თ–ს უ. მ-თან, თუმცა მან უთხრა, რომ მისი საჩუქარი არ უნდოდა და 500 ლარს მისცემდა (00:55:00), იმავდროულად, გადაიფიქრა ჩუქება, ვინაიდან, როგორც გაირკვა, ატყუებდნენ (01:20:15).
5.4. მსჯავრდებულისა და გამართლებულების მიმართ პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან ზიანი აუნაზღაურდეს ბ-ს ნათესავებმა. ზიანი ჯამში იყო 45 000 ლარი, თუმცა შევიდა მათ მდგომარეობაში და 40 000 ლარი გამოართვა (00:52:00).
6. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმე ლ. ფ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წლის ივნისში, ნ. ა–სმ უთხრა, რომ ჩ-ს რაიონის სოფელ თ... მთებიდან ჩამოსადენი ჰყავდა პირუტყვი და 150 ლარის სანაცვლოდ სთხოვა დახმარება. დილით მასთან მივიდნენ მისი მეზობელი – ზ. ბ., ნ. ა–ს და გ. თ., რომლებთან ერთადაც წავიდა მთის მიმართულებით. ნ–სთან და გ--სთან საუბრისას გაარკვია, რომ საქონელი ეკუთვნოდა გ. თ–ს და მათ ყიდვას აპირებდა მესამე პირი, ხოლო ნ. იყო შუამავალი. გ-ს ინფორმაციით, მას ჰყავდა 32 სული საქონელი, თუმცა ადგილზე ნახეს და ნ–ს საკარმიდამო ეზოში ჩადენეს მხოლოდ 29 სული, სამი სული ნადირმა შეჭამა. ორ-სამ დღეში ნ–ს თხოვნით 29 სული პირუტყვი ასვეს სატვირთო ავტომანქანაში, რომელიც გაჩერებული იყო მისი სახლის ჭიშკართან. ეზოში იდგა რამდენიმე უცნობი პირი, მათთან ერთად ასევე იყო ნ---, მამამისი და მათი რამდენიმე მეზობელი, მათ შორის, ზ. ბ-ც. გ. თ. იქ არ იმყოფებოდა.
7. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმე ზ. ბ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წლის ივნისში დასთანხმდა დისშვილის – ნ. ა–ს თხოვნას, საქონლის ჩამოსადენად წაეყვანა მთისკენ მიმავალ გზაზე, კერძოდ, ხერგილამდე, რასაც დასთანხმდა. შესაბამისად, ავტომობილით წაიყვანა ნ. ა–ს, საქონლის პატრონი და მეზობელი ლ. ფ. მოგვიანებით მეზობლებისგან გაიგო, რომ მათ მთიდან ჩამოდენეს დაახლოებით 30 სული საქონელი და შედენეს ნ. ა–ს ეზოში. ორ-სამ დღეში ნ. ა–ს ჭიშკართან შენიშნა სატვირთო მიკროავტობუსი და რამოდენიმე უცნობი პირი. ნ. ა–სმ უთხრა, რომ საქონელს ყიდიდა, ხოლო მყიდველები უცნობები იყვნენ. ამასთან, საქონლის მეპატრონე ნ. ა–ს ნაცნობს აძლევდა აღნიშნულ საქონელს, გარანტის სანაცვლოდ. ნ--- იყო შუამავალი.
8. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, მოწმე ა. თ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, ბიძაშვილმა გ. თ–მ 2020 წლის ზაფხულში უთხრა, რომ მისი კუთვნილი 29 სული საქონელი, რომელიც ჰყავდა მთაში, 30 000 ლარად მიჰყიდა ვინმე უ. მ–ს, თუმცა აღნიშნული თანხა ჯერ არ ჰქონდა მიღებული. მის კითხვაზე, თუ ვინ იყო უ. მ–ი და რატომ მიჰყიდა საქონელი ისე, რომ წინასწარ თანხა არ გამოართვა, დაზარალებულმა უპასუხა, რომ უ. მ–ი იყო ბ. ი-ს დეიდაშვილი, რომელსაც დააკავშირეს მ... და ნ. ა–ს-მა. მოგვიანებით გ--მ ასევე უთხრა, რომ გარდა პირუტყვისა, მას უ--სთვის ნ. ა–ს და ბ. თ–ს საშუალებით, გაგზავნილი ჰქონდა: ქამარ-ხანჯალი, ოქროს საათი, ოქროს ბეჭედი და ცხენის სამკერდისი, რომელთა საფასურიც ჯერ არ ჰქონდა მიღებული. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გ-- მოატყუეს.
9. შპს „........’’ და ნ. ა–ს შორის დადებული 2020 წლის 12 ივლისის კრედიტის ხელშეკრულებით, ძვირფასი ლითონის შეფასებისა და მიღება-ჩაბარების გადაფასების აქტითა და გასავლის ორდერით ირკვევა, რომ ნ. ა–სმ დააგირავა ოქროს საათი, რის სანაცვლოდაც, მიიღო 582 ლარი.
10. ამოღების 2020 წლის 9 ოქტომბრის ოქმის თანახმად, ჩ-ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ. ა-მ ............ში მდებარე შპს ,,............დან’’ ამოიღო 2020 წლის 12 ივლისს ნ. ა–ს მიერ შპს ,,..........’’ დაგირავებული ოქროს საათი და გირავნობის ხელშეკრულება.
11. შპს ,,.............’’ ს-ს ფილიალის მენეჯერ ნ. ს–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2020 წლის 12 ივლისს მოქალაქე ნ. ა–სმ წარადგინა ოქროს საათი სამაჯურის გარეშე და მოითხოვა მისი დაგირავება. ნივთი შეფასდა და შესაბამისად, გაფორმდა ხელშეკრულება 582 ლარზე, რაც ნ. ა–ს გადაეცა ხელზე.
12. ნივთის ამოცნობის 2020 წლის 14 ნოემბრის ოქმის თანახმად, გ. თ–ს ამოსაცნობად წარედგინა სამი ოქროს საათი, მათ შორის, შპს ,,ს-იდან’’ ამოღებული ოქროს საათი. გ. თ–მ ამოიცნო აღნიშნული საათი და განაცხადა, რომ იგი იყო სწორედ ის, რომელიც მას თაღლითური გზით გამოართვეს ნ. ა–სმ და ბ. თ–მ.
13. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორი ბრალდების მხარის მოთხოვნებს, მსჯავრდებულ ნ. ა–სა და გამართლებულების – ბ. თ–სა და მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის, კერძოდ, 29 სული საქონლის, საათის, ბეჭდის, ცხენის სამკერდისისა და ქამარ-ხანჯლის თაღლითურად დაუფლების შესახებ, და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბ. თ–სა და მ. ა–ს სრულად გამართლების, ხოლო ნ. ა–ს – მხოლოდ 29 სულ საქონლისა და საათის თაღლითურად დაუფლებისათვის მსჯავრდების ნაწილში; ამასთან, არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნული დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. თ–სა და მ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, ხოლო ნ. ა–ს, მათ შორის, ოქროს ბეჭდის, ცხენის სამკერდისისა და ქამარ-ხანჯლის თაღლითურად დაუფლების ნაწილში დამნაშავედ ცნობისთვის, ასევე - დანაშაულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის დასადგენად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ამ ეპიზოდებთან მიმართებით საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება.
14. ბრალდების მხარემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
14.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No.2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
15. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება კონკრეტული ზიანის ოდენობა და ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებებით, ეჭვს არ იწვევს, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის (29 სული საქონელი და 582 ლარად დაგირავებული ოქროს საათი) ოდენობა აღემატება საქართველოს სსკ-ის დიდი ოდენობის დადგენისათვის განსაზღვრულ 10 000 ლარს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის №310აპ-23 განჩინება) და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.
16. იმავდროულად, საკასაციო სასამარლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მსჯელობას ნ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ ,,დაზარალებულის ჩვენებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ გ. თ–ს ტელეფონით უკავშირდებოდა პირი, რომელიც მას გაეცნო, როგორც უ. მ–ი და რომელიც მას ჰპირდებოდა ნივთის და საქონლის ღირებულების გადახდას, რაც ადასტურებს იმას, რომ ნ. ა–ს დანაშაულებრივი განზრახვის დროს არ მოქმედებდა მარტო”.
16.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №230აპ–13 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.; 2022 წლის 12 სექტემბრის №781აპ-22 განჩინება; 2022 წლის 7 სექტემბრის №748აპ-22 განჩინება).
16.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო ბრალდება ნ. ა–ს ედავება დანაშაულის მ. ა–სა და ბ. თ–სთან ერთად, და არა – სხვა, დაუდგენელი პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენას. ამასთან, მ. ა–სა და ბ. თ–ს ბრალდების დასამტკიცებლად საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება; სხვა გარემოებითი ან ირიბი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნული პირების შემხებლობას დაზარალებულის მიერ მითითებულ დანაშაულთან, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზარალებულმა გ. თ–მ სასამართლოში დაკითხვისას არაერთხელ დაადასტურა, რომ მისი ინფორმაციით, ნ. ა–სმ აღიარა, რომ დაზარალებულს თავად ურეკავდა უ. მ–ის სახელით და ატყუებდა (01:06:46; 01:07:28; 01:21:15; 01:35:00), შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია ნ. ა–ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითობის ჩადენისათვის მსჯავრდების შესაძლებლობას და იგი ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.
16.3. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. „ბრალდების მხარის იმპერატიული ვალდებულებაა სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიების წარმოება, მტკიცებულებათა მოპოვება, მათი გამყარება და პირის ბრალეულობის დასადასტურებლად იმგვარი სამხილების წარმოდგენა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა მიუთითებს პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე. აღნიშნული მოთხოვნის დაუცველობა, თავისთავად, ზრდის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შეცდომის, თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-103).
17. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დაზარალებულის ჩვენების, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა (გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ) და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის (მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ) გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა ვერცერთი (პირდაპირი ან/და ირიბი) მტკიცებულების წარმოდგენა, რაც დაადასტურებდა მ. ა–სა და ბ. თ–ს მიერ დანაშაულის ჩადენას. პროკურორის მტკიცება, რომ მ. ნ.მ და ბ. თ–მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, ხოლო ნ. ა–სმ – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები; ისევე, როგორც ნ. ა–ს მიერ თაღლითობის ჩადენა ოქროს ბეჭდის, ცხენის სამკერდისისა და ქამარ-ხანჯლის ნაწილში, არის მხოლოდ ვარაუდი. საკასაციო სასამართლო კი კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ნ. ა–ს სრულად გამართლების შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ გ. თ–ს ჩვენებით, მოწმეების ნ. ს–ს, ლ. ფ–ს, ზ. ბ–ს და ა. თ-ს გამოკითხვის ოქმით, ასევე სალომბარდე ხელშეკრულებით, ნივთის ამოღებისა და ამოცნობის ოქმებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ნ. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, საათისა და 29 სული საქონლის ნაწილში.
19. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების პოზიციას საგამოძიებო მოქმედებასთან – ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, კერძოდ, ბრალდების მხარეს სასამართლოს ნებართვა გააჩნდა ინფორმაციის გამოთხოვაზე (N......... და N........ განჩინებები), თუმცა აღნიშნულის ნაცვლად გამომძიებელმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება – ამოღება, რაც გამოიხატა მისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, არა ელექტრონული სახით კომპიუტერული სისტემიდან, არამედ – ამობეჭდილი ფურცლების მატერიალურად მიღებაში. აღნიშნული კი წარმოადგენს არა ინფორმაციის გამოთხოვას, არამედ – ამოღებას, რომლის ჩატარების არც ნებართვა ჰქონია საგამოძიებო ორგანოს და არც გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული აღნიშნული მოქმედების კანონიერებაზე უმსჯელია სასამართლოს.
19.1. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის დანაწესის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით.
19.2. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა სს ,,ს-დან“ (N...) და სს ,,ს...დან“ (N...) შესაბამისად, კონკრეტული ტელეფონის ნომრის დემოგრაფიული მონაცემისა და კონკრეტული პლასტიკური ბარათის მესაკუთრის ვინაობის თაობაზე, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია a priori ინახება კომპიუტერულ სისტემაში. სასამართლოს მიერ გაცემული აღნიშნული განჩინებების თანახმად, განჩინების შესრულება დაევალა შესაბამისად, ერთ შემთხვევაში – სს ,,ს–ს“, ხოლო მეორე შემთხვევაში – სს ,,ს-ს“ შესაბამის უფლებამოსილ პირს; მოპოვებულ ინფორმაციას უნდა გაცნობოდა და გადასცემოდა ჩ-ს რაიონული სამმართველოს გამომძიებელს.
19.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 136-ე მუხლის დანაწესი და შესაბამისად, არც სადავო განჩინებები არ ითვალისწინებს კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში არსებული ინფორმაციის დამუშავების პროცესში გამომძიებლის უშუალო მონაწილეობას, მით უფრო, რომ კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში დაცული ინფორმაციის მოძიება და განჩინების მიზნებისთვის მისი დამუშავება (მოთხოვნილი ინფორმაციის მხარისათვის გადაცემის მიზნით შეგროვება)/გადმოწერა, შესაძლებელია, მათ შორის, მოითხოვდეს სპეციალურ ცოდნასა და უნარებს, ხოლო არასწორად განხორციელების შემთხვევაში - ქმნიდეს მონაცემთა ბაზაში არსებული აღნიშნული ან/და სხვა მასალის დაზიანების/განადგურების საფრთხეს. აქედან გამომდინარე განჩინებების შესრულება ევალება შესაბამისი ორგანიზაციის ,,შესაბამის უფლებამოსილ პირს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2020 წლის 16 ნოემბრის ოქმების თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას სს ,,ს- ს“ ოფისსა და სს ,,ს- ს“ ფილიალში გამომძიებელს გადასცეს გამოსათხოვი ინფორმაცია მატერიალურად, დოკუმენტის სახით, კერძოდ, სს ,,ს- ს“ ოფისში ერთ, ხოლო სს ,,ს–ს“ ფილიალში – 4 ფურცლად, გამომძიებლის მიერ ჩატარდა არა გამოთხოვა, რისი ნებართვაც ჰქონდა მას, არამედ საგამოძიებო მოქმედება – ამოღება, რის გამოც მოპოვებული ინფორმაცია ვერ იქნება გაზიარებული.
19.4. რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედება – გამოთხოვა, გამომძიებელმა სს ,,ს- ს“ შემთხვევაში ჩაატარა ზ. ტ-თან, ხოლო სს ,,ს- ს“ შემთხვევაში ხ. ჭ-თან, მაშინ როცა სს ,,ს- დან“ გამოთხოვილი მატერიალური სახით წარდგენილი დოკუმენტი ხელმოწერილია კომპანიის შიდა კონტროლისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის – გ. ნ-ს, ხოლო სს ,,ს-დან“ გამოთხოვილი დოკუმენტები – პასუხისმგებელი პირის, ნ-ს მიერ და სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან უშუალოდ ინფორმაციის მომპოვებელი და დამმუშავებელი პირები, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს, რომ სადავო განჩინებების თანახმად, განჩინებების შესრულება ევალებათ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირებს/ვისაც განსაზღვრავს შემსრულებელი (ინფორმაციის შემნახავი) მხარე, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს, უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას და კვლავაც აღნიშნავს, რომ „საქართველოს სსსკ-ის 78-ე მუხლი პირის დაკითხვას უკავშირებს იმპერატიულად განსაზღვრულ ორ მიზანს: დოკუმენტის ავთენტიკურობისა და წარმომავლობის დადგენას; ზოგადად, დოკუმენტის ავთენტიკურობის და წარმომავლობის დასადასტურებლად საკმარისია ზემოთ აღნიშნული ერთ-ერთი პირის (პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა დოკუმენტი) დაკითხვა, თუმცა იმის არჩევა, ვინ უნდა დაიკითხოს, დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე (მათ შორის, დოკუმენტის სახეზე, დოკუმენტის მოპოვების ვითარებაზე, დოკუმენტის წარმომდგენი პირის მიერ ჩვენების მიცემაზე და ა.შ.), რათა მიღწეულ იქნეს დაკითხვის ორი კუმულაციური მიზანი – დადგინდეს მტკიცებულების ავთენტიკურობა და წარმომავლობა“ (მაგ.: საქრთველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის N99აპ-20 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში ასეთი შეიძლება ყოფილიყვნენ სწორედ მატერიალური სახით წარდგენილი დოკუმენტების შემდგენელი (ინფორმაციის მომპოვებელი და დამმუშავებელი) პირები, რომლებიც სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან.
20. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
20.1. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულის თანხმობა (მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულს ამავე კანონით დადგენილ ფარგლებში შეუმსუბუქოს შეფარდებული სასჯელი.
20.2. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლების, დანაშაულის ხასიათის და მიყენებული ზიანის მოცულობის, ქმედებაში გამოხატული მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით ნ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს მინიმუმთან მიახლოებული ხანგრძლივობის სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 9 თვისა და 15 დღით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
21. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
22. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაცვის მხარის განცხადებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ი არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვებისა და გამოკვლევის სამართლებრივ საფუძველს; „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება, აგრეთვე – მოწმეთა დაკითხვა“ (მაგ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები).
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ნ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. ნ. ა–ს ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
5. ნ. ა–ს ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე შეუმცირდეს და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 9 თვითა და 15 დღით;
6. ნ. ა–ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან – 2022 წლის 26 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით.
7. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე