Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-323-03 29 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სატელევიზიო გადაცემების რეტრანსლირების აკრძალვა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 4 დეკემბერს სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო სამაუწყებლო კოპანიის წარმომადგენელ შპს “მ-ს” დირექტორმა ა. თ-მა თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს “ნ.”-ის, შპს “დ-ის”, შპს “A”-ს, შპს “მე-... არხისა” და შპს “ტ.”-ს წინააღმდეგ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სამაუწყებლო კომპანია “P.”-ის სატელევიზიო გადაცემების უნებართვო რეტრანსლაციის აკრძალვა, კომპენსაციისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ამასთან, ვინაიდან მოპასუხეთა მიერ აღნიშნული სატელევიზიო არხების რეტრანსლაცია მიმდინარეობს უნებართვოდ და იგი ატარებს ყოველდღიურ ხასიათს, მოსარჩელემ მოითხოვა საქმის განხილვის დასრულებამდე მოპასუხეებს აეკრძალოს “P.”-ის სატელევიზიო გადაცემების უნებართვო რეტრანსლაცია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით სამაუწყებლო კომპანია “P.”-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს: შპს “ნ-ს”, შპს “მე-... არხს”, შპს “დ-ს”, შპს “A.”-ს და შპს “ტ-ს” აეკრძალათ სამაუწყებლო კომპანია “P.”-ის გადაცემების ტრანსლაცია საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შპს “ნ.”-მა, შპს “დ-მა” და შპს “A.”-მ და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 და 27 დეკემბრის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა შპს “ნ.”-ის, შპს “დ-ისა” და შპს “A.”-ს კერძო საჩივრები და ისინი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.

2003წ. 14 აპრილს კერძო საჩივრის ავტორებმა განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადეს კერძო საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მხარეები მორიგდნენ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სსკ-ს 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამასთან, ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. აღნიშნული საპროცესო ნორმიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა კანონიერია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 264-ე მუხლის მეორე ნაწილით, 378-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ნ-ის”, შპს “დ-ის” და შპს “A.”-ს კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.