საქმე # 060100123007043623
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1317აპ-23 ქ. თბილისი
ნ. დ. 1317აპ-23 20 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: დ. ნ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალი ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით:
2.1. 2022 წლის ოქტომბერში (ზუსტი თარიღი უცნობია), ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამყოფ ოთახში, ალკოჰოლით მთვრალმა დ. ნ–მ ერთხელ დაარტყა მუშტი მხარში მეუღლეს – ლ. პ–სას, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.2. 2023 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამყოფ ოთახში, დ. ნ–მ მეუღლეს - ლ. პ–ს ერთხელ დაარტყა მუშტი მხარში, წააქცია და ორივე ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ლ. პ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2.3. 2023 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 15:30 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე თავიანთი საცხოვრებელი სახლის სამყოფ ოთახში დ. ნ–ს მეუღლეს - ლ. პ–სას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელში უჭერდა ორივე ხელს და ეუბნებოდა, რომ დაახრჩობდა, ასევე ეუბნებოდა, რომ მოკლავდა გვერდით ოთახში შენახული თოფით. აღნიშნულის შედეგად ლ. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
2.4. 2023 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 10:00 საათზე, ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ნ–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დ. ნ–ს მეუღლეს – ლ. პ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ხელთარსებული ბარის დემონსტრირებით უთხრა, რომ ამ ბარით გაუტეხდა თავს, რის შედეგადაც ლ. პ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენით:
3.1. დ. ნ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2022 წლის ოქტომბრის ეპიზოდი);
3.2. დ. ნ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი);
3.3. დ. ნ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი);
3.4. დ. ნ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2023 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი);
3.5. გამართლებულ დ. ნ–ს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ და მოითხოვა დ. ნ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გამართლებულ დ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ. ჟ–მ და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად. ამასთან,
5.1. დ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი), 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 6 თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა;
5.2. გამართლებულ დ. ნ–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილე დარიკო ვადაჭკორია ითხოვს დ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს დ. ნ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
9. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გამართლება განაპირობა. გასაჩივრებულ განაჩენში დეტალური მსჯელობაა წარმოდგენილი, მათ შორის, ბრალდების მხარის ყველა ძირითად არგუმენტზე.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ლ. პ–მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ახლო ნათესავის – დ. ნ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ დ. ნ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა დასტურდებოდეს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისთვის – უნდა დასტურდებოდეს, რომ დამნაშავის ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ფსიქოლოგიური ტანჯვა.
13. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული ბრალდების ფარგლებში, დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების არარსებობის პირობებში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ. ნ–ს ქმედებებით დაზარალებულისათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური ტკივილის მიყენება და მუქარის განხორციელების შიშის საფუძვლიანობა.
14. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორს N......... შეტყობინების შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს არ დაუდასტურებია მითითებული ინფორმაცია შეუძლებელია, მოცემული შეტყობინება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს, რომ დაზარალებულის შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, შეტყობინებაში მითითებული გარემოებების არსებობა უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით. ანალოგიური მსჯელობა მიემართება გამომძიებელ ნ. ნ–ს მონაწილებით ჩატარებულ სსიპ 112-ს სამსახურიდან გამოთხოვილი შეტყობინების ჩანაწერის დათვალიერების ოქმს, რომელშიც ასახულია დაზარალებულ ლ. პ–ს მიერ გადმოცემული ინფორმაცია (მეუღლე სვამს და მერე სახლში არ უშვებს, აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას), აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს სასამართლოში არ დაუდასტურებია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის არც ფონოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირი, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ნამდვილად დაზარალებული ლ. პ–ა იყო, შეტყობინების აუდიოჩანაწერი დათვალიერდა მხოლოდ გამომძიებელ ნ. ნ-ს მიერ (იხ.: ტ.1, ს.ფ. 138-139).
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოწმეები: ნ. ნ–ა და მ. პ–ა არ არიან შემთხვევის თვითმხილველი პირები, ისინი არ შესწრებიან მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს და მათ ამის შესახებ იციან მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით. შესაბამისად, მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). დ. ნ–სსა და დაზარალებულ ლ. პ–სას შვილის – დ. ნ-ს გამოკითხვის ოქმის (მხარეთა მიერ ცნობილია უდავოდ) თანახმად, კი ის მამის მხრიდან დედის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარას არ შესწრებია, მოწმემ მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტი დაადასტურა (იხ. ტ.1, ს.ფ. 60-63).
16. საგამოძიებო ექსპერიმენტის 2023 წლის 6 თებერვლის ოქმთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს პრაქტიკულად ადგილზე შემოწმდა დაზარალებულის ჩვენება და მოხდა ვითარების აღდგენა. მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების - მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის - შემოწმება. მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მართალია, ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, მაგრამ ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: №315აპ-20; №49აპ-20; №679აპ-20; №442აპ-21). შესაბამისად, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული, დაზარალებულ ლ. პ–სას მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან იგი შინაარსობრივად იმეორებს დაზარალებულის (მოწმის) მიერ გამოკითხვის ოქმში მიწოდებულ ინფორმაციას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას არ დაადასტურა (როგორც ძალადობის, ასევე მუქარის ნაწილში). ანალოგიური მსჯელობა მიემართება პროკურორის მიერ საკასაციო საჩივარში ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მითითებულ 2023 წლის 6 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 20-31), რომელშიც ასახულია დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია დაზარალებულს სასამართლოში არ დაუდასტურებია.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარე დ. ნ–ს ბრალდების დასამტკიცებლად ასევე უთითებს N......... შემაკავებელ ორდერზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმში ზოგადადაა მითითებული 2022 წლის ოქტომბრის დასაწყისში ფიზიკური ძალადობის, 2023 წლის 5 თებერვლის მუქარისა და ძალადობის, ხოლო 6 თებერვლის მუქარის ფაქტებზე და მასში არაფერია ნათქვამი დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განციდისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 9-19).
18. სასამართლო ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტმანეტის უფროსის 2023 წლის 7 მარტის წერილს, რომლითაც დგინდება, რომ დაზარალებულმა ლ. პ–მ უარი განაცხადა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 78-80).
19. სასამართლო ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებულ მოწყვლადობასა და იმ სირთულეებს, რაც უკავშირდება მტკიცებულებების შეგროვებას, როდესაც „ძალადობას ადგილი აქვს კერძო გარემოში“ (Volodina v. Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთნაირ მტკიცებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად, და არ ითვალისწინებს უფრო დაბალი მტკიცებითი სტანდარტის გამოყენებას ოჯახური დანაშაულის კატეგორიას მიკუთვნებულ საქმეებზე.
20. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა დ. ნ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
21. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ “ყოველთვის, როდესაც საეჭვოა ოჯახში ძალადობის ან ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და შემდგომი განსაკუთრებული გულმოდგინება ხელისუფლების მხრიდან, რათა გაუმკლავდნენ ძალადობის სპეციფიკურ ხასიათს ეროვნული საქმის წარმოების პროცესში (Tkhelidze v. Georgia, no. 33056/17, par. 48, ECtHR, 8/07/2021; იხ. ასევე: Kurt v. Austria [GC], no. 62903/15, paras. 165-66, 1/06/2021; Volodina v. Russia, no. 41261/17, par. 92, 9/07/2019).
21.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც მიუთითებს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს სსსკ-ის 581-ე მუხლით) გათვალისწინებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მათ როლზე აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოებაში.
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, par.175, ECtHR, 14/05/2020).
23. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
24. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
26. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის – დარიკო ვადაჭკორიას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე