Facebook Twitter

საქმე # 190100121005294568

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1153აპ-23 ქ. თბილისი

შ. ზ. 1153აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. შ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. შ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ზ. შ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. გ–ს რაიონის, სოფელ ს–ში მცხოვრებ ზ. შ–სას, წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს რძალთან, რ. მ–სთან. 2020 წლის 15 დეკემბერს, ზუსტი დრო დაუდგენელია, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, ზ. შ–მ რ. მ–ს, მისი არასრულწლოვანი შვილების: 2.. წლის ....დაბადებულ ჯ. შ–აასა და 2... წლის ... დაბადებულ ფ. შ–აას თანდასწრებით, წელის არეში დაარტყა ფეხსაცმელი, რის შედეგადაც, რ. მ–აამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.2. გ–ს რაიონის, სოფელ ს–ში მცხოვრებ ზ. შ–ს, წლების განმავლობაში კონფლიქტი აქვს რძალთან, რ. მ–სთან. 2020 წლის 18 დეკემბერს, ზუსტი დრო დაუდგენელია, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის დროს, ზ. შ–მ რ. მ–ს მისი არასრულწლოვანი შვილების: 2.... დაბადებულ ჯ. შ–აასა და 2... დაბადებულ ფ. შ–ს თანდასწრებით, მოქაჩა თმები და შეახეთქა კედელს, რის შედეგადაც, რ. მ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენით:

3.1. ზ. შ–სას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2020 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 126'-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2020 წლის 18 დეკემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ორივე ეპიზოდში);

3.2. ზ. შ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1000 ლარი, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.3. ზ. შ–სა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 18 დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზ. შ–ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 1500 ლარი, სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ–ს ადვოკატმა გ. მ–მ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. შ–ს ადვოკატმა გ. მ–მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას.

7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ., Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს ზ. შ–სას უდანაშაულოდ ცნობას.

9. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ზ. შ–სას უდანაშაულობის შესახებ და იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის: დაზარალებულ რ. მ–ს, თვითმხილველი მოწმეების – ჯ. შ–ს და ფ. შ–ს ჩვენებებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ზ. შ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული – დანაშაულების ჩადენა.

10. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს დაცვის მხარის მოწმეების – კ. შ-ს და რ. ი-ს ჩვენებებს, რომელთა თანახმადაც, მართალია, მათ არ დაადასტურეს ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა დაადასტურეს ზ. შ–სასა და რ. მ–ს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაცია.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლი ამომწურავად ადგენს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლებს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

13. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძვლის არსებობა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 7 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. შ–სას ინტერესების დამცველი ადვოკატის – გ. მ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ლ. თევზაძე