Facebook Twitter

¹3კ-332-03 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ალიმენტის თანხის ოდენობის გაზრდა.

აღწერილობითი ნაწილი:

ი. ქ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შვილების სარჩენი ალიმენტის თანხის ოდენობის გაზრდა და წარსული დროის დავალიანების გადახდა შემდეგი საფუძვლით: ვანის რაიონული სასამართლოს 1999წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე კ. ა-ეს ბავშვების 19.....წ. ..... დეკემბერს დაბადებული ლ. ა-ის და 19.......წ. ...... სექტემბერს დაბადებული ვ. ა-ის სარჩენად დაეკისრა ალიმენტი თითოეულ ბავშვზე თვეში 11 ლარის ოდენობით, ხოლო მუშაობის პერიოდში ყოველგვარი შემოსავლის 1/4 თითოეულ ბავშვზე. 2000 წლიდან, მას შემდეგ, რაც მუშაობა დაიწყო ვანის სახანძრო ნაწილში მეხანძრის თანამდებობაზე, თითოეულ ბავშვზე იხდის ყოველთვიურად ანაზღაურებული თანხის ¼1/4-ს, ორივე ბავშვზე _ სულ 11 ლარს. მოსარჩელე განმარტავს, რომ ბავშვებთან ერთად ცხოვრობს დედის ოჯახში სოფ. .......-ში და ეკონომიურად ძალიან უჭირს. კ. ა-ეს აქვს სხვა შემოსავალიც, ეწევა სასოფლო მეურნეობას, ამიტომ მოითხოვს, რომ მოპასუხე კ. ა-ეს დაეკისროს 2000წ. თებერვლიდან გადასახდელი ალიმენტის თანხა _ 198 ლარი და მომავალში გადასახდელი თანხა თითოეულ ბავშვზე 20 ლარის ოდენობით.

მოპასუხე კ. ა-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მუშაობს ვანის სახანძრო ნაწილში, მისი ხელფასი შეადგენს 23 ლარს. განქორწინების შემდეგ მოსარჩელეს უყიდა ერთოთახიანი ბინა ქ. ვანის ცენტრში. ბინაში გადახდილი, სესხად აღებული 500 აშშ დოლარი ჯერ კიდევ გადასახდელი აქვს. იგი ეწევა მცირე მეურნეობას, რომელიც არანაირ შემოსავალს იძლევა. სხვა შემოსავალი მას არ გააჩნია. მოპასუხემ განმარტა, რომ ბავშვების გარდა სარჩენი ჰყავს 88წ. ბებია, II ჯგუფის ინვალიდი მამა და ავადმყოფი დედა, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ. ამდენად, მას არა აქვს საშუალება და უარს აცხადებს 198 ლარის გადახდაზე.

ვანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეიცვალა საალიმენტო თანხის რაოდენობა და განისაზღვრა თითოეულ ბავშვზე 11 ლარის ოდენობით. მოპასუხეს გადახდა 2000წ. დეკემბრიდან არსებული საალიმენტო დავალიანების თანხა _ 198 ლარის – შვილების: ლ. ა-ისა და ვ. ა-ის სარჩენად.

ვანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ა-ემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით კ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 452 ლარს, ხოლო სსკ-ს 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ა-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: იგი ითხოვდა არა თანხის დაკისრებას, არამედ, თანხის გადახდისაგან გათავისუფლებას. სასამართლომ არასწორად გამოიანგარიშა გადასახდელი თანხა (452 ლარი), რადგან არ გაითვალისწინა, რომ ჰქონდა 17 თვის დავალიანება გადასახდელი, რაც შეადგენდა არა 198, არამედ _ 209 ლარს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით კ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 500 ლარს. ალიმენტის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად დავის საგნის ფასი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში, კერძოდ, სარჩელით ალიმენტის გადახდევინების შესახებ განისაზღვრება ერთიწ. განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლობით. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს გაზრდილი საალიმენტო დანაკისრის შემცირებას. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას დაეკისრა თითოეულ ბავშვზე 11 ლარისა და საალიმენტო დავალიანების _ 198 ლარის _ გადახდა. მოცემულ შემთხვევაში საალიმენტო დანაკისრი გაიზარდა 11 ლარით, რაც თავისი სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კ. ა-ემ. პალატა მიიჩნევს, რომ დავის საგანს შეადგენს ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი, გაზრდილი საალიმენტო დანაკისრი და საალიმენტო დავალიანება 198 ლარი (11X12+198), სულ _ 330 ლარი.

პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო, რადგან მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი, ანუ ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა არ აღემატება 500 ლარს. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.