3კ-336-03 18 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ქმედების განხორციელება.
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. გ-ემ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუს ე. შ-ის მიმართ სანოტარო მოქმედების განხორციელებისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ზ. გ-ეს გარდაეცვალა დედის მხრიდან ძმა ს. დ-ი, რომლის სახელზეც ირიცხებოდა თბილისში, ..... მდებარე ოროთახიანი ბინა. მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. მოსარჩელემ 6 თვის გასვლის შემდეგ მიმართა ნოტარიუს ე. შ-ს მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემის თაობაზე, მაგრამ ნოტარიუსმა უარი განუცხადა, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მოსარჩელის ძმისა და მესამე პირ ნ. ო-ეს შორის ქორწინებაში ყოფნის შესახებ.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი განიხილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით და 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. თბილისის ნოტარიუს ე. შ-ს ზ. გ-ის სასარგებლოდ დაევალა მოსარჩელის სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა ნ. ო-ემ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და სხვა კატეგორიის საქმეთა სააპელაციო პალატას. აღნიშნული პალატის მიერ სააპელაციო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი, რადგან მოცემულ შემთხვევაში, კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე სამემკვიდრეო მოწმობის გაცემა წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ დავას, არამედ _ კერძო სამართლებრივს.
ნ. ო-ის წარმომადგენელმა კ. გ-მა თბილისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ აღნიშნული დავა განხილულ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით და ის, რომ სააპელაციო პალატამ სადავო საკითხი კერძო სამოქალაქო სამართლებრივ დავას მიაკუთვნა, არ უნდა გამხდარიყო საბაბი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა, ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებით მასა და მამკვიდრებელს შორის დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი და მას უფლება ჰქონდა, გაესაჩივრებინა სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. გ-ის სარჩელი: მოპასუხე ქ. თბილისის ნოტარიუს ე. შ-ს დაევალა მოსარჩელე ზ. გ-ის სახელზე კანონისმიერი მემკვიდრეობის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის – სამკვიდრო მოწმობის გამოცემა; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება საჩივრდება აპელაციის წესით ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატაში. მესამე პირის, ნ. ო-ის, სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის სახელზე ამავე პალატას გადაეგზავნა რაიონული სასამართლოს მიერ 2002წ. 4 სექტემბერს, ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის კანცელარიის 2002წ. 6 სექტემბრის მიმართვით კი საქმე ნ. ო-ის საჩივრით განსახილველად გადაეცა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, რომელმაც 2002წ. 20 სექტემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე; არაუფლებამოსილი სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადააგზავნის უფლებამოსილ სასამართლოში და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
პალატა თვლის, რომ ვინაიდან საქმის წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელდა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა ემსჯელა სააპელაციო საჩივრის თაობაზე და თუ მიიჩნევდა, რომ დავა წარმოადგენდა კერძო სამართლებრივ და არა ადმინისტრაციულ დავას, საქმე განსჯადობით გადაეგზავნა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის, რაც არ გაუკეთებია.
სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრა სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის შექმნის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა. ამ წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არა განსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ნ. ო-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრისა და ამავე პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებები და საქმე განსახილველად გადაეცეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 სექტემბრისა და ამავე პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებები და საქმე განსახილველად გადაეცეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.