საქმე # 330100121004893236
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №2აპ-24 ქ. თბილისი
წ-ი ა, 2აპ-24 4 აპრილი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა წ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივლისს, - ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2021 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.თ-ში, ვ-ის დასახლებაში მდებარე N... კორპუსის ბინა N...-ში ა. წ-მა ოჯახური კონფლიქტისას წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ძმას - ლ. წ-ს დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის სახიფათო ოთხი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენა მუცლის არეში, რომელთაგან ორი ჭრილობა იყო მუცლის ღრუში შემავალი. ა. წ-ის ქმედების შედეგად ლ. წ-ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენით:
2.1. ა. წ-რი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის N1/3487-21 განჩინება და ა. წ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს სახით განსაზღვრული თანხის - 5000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას ლ. ქ-ის (პირადი №...) საკუთრებაში არსებულ, ა-ში, ლ-ის ქუჩის N..-ში მდებარე უძრავ ქონებას (საკადასტრო კოდი №...).
2.3. ა. წ-ს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, ა. წ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოსაზრებას, რომ ა. წ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა. წ-ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვერ გამოირიცხა გამართლებულ ა. წ-სა და დაზარალებულ ლ. წ-ის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ 2021 წლის 18 ივნისს, ლ. წ-მა მიიყენა თვითდაზიანებები, კერძოდ:
7. როგორც დაზარალებულმა, ისე გამართლებულმა დაადასტურეს, რომ ძმებს შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია და ლ. წ-მა მიიყენა თვითდაზიანებები მისივე კუთვნილი დანით. ა. და ლ. წ-ის, ასევე მათთან მყისიერად მყოფი პირების - ნ. მ-ის, გ. თ-სა და მ. ც-ის ჩვენებებით, ა. წ-ს არავისთვის, მათ შორის, სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ მან დაჭრა ძმა. ამასთან, ხსენებული პირები, განსაკუთრებით კი - წ-ის ოჯახის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილი მეზობელი ნ. მ-ი ადასტურებენ, რომ დაჭრილი და იატაკზე მწოლიარე ლ. წ-ი იყო მძიმე მდგომარეობაში, არ იყო კონტაქტური, ვერ საუბრობდა და არავისთვის, მათ შორის, სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ მას დაზიანებები მიაყენა ა. წ-მა (მოწმე ნ. მ-ის განმარტება, რომ დაჭრილმა ლ-მა თქვა მხოლოდ „ა-ო, ა-ო“ იმთავითვე არ ნიშნავს, რომ იგი მიუთითებდა ძმაზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე).
8. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N.. დასკვნით უტყუარად დასტურდება, რომ ლითონის ტარიანი დასაკეცი დანის პირზე არსებული სისხლი და ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მხოლოდ ლ. წ-ს. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, ბრალდების მხარის ვერსია, რომ დანაზე არსებულმა, დიდი ოდენობით სისხლმა, შესაძლოა, წაშალა ა. წ-ის გენეტიკური პროფილის კვალი, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. ამასთან, ალოგიკურიცაა, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუკი გავითვალისწინებთ პოლიციელთა ჩვენებებს, რომ ა. წ-ს იმდენად ძლიერად ეჭირა დანა ხელში, რომ ძლივს წაართვეს სამართალდამცველებმა ხანგრძლივი წინააღმდეგობის შემდეგ.
9. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N... და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნების შესაბამისად, დაზარალებულ ლ. წ-ის მაისურს დაზიანებები არ აღენიშნება, რაც შეესაბამება როგორც დაზარალებულის, ისე - გამართლებულის ვერსიას, რომ ლ. წ-მა თვითდაზიანებები მიიყენა მაშინ, როდესაც მუცლის არეში მაისური აწეული ჰქონდა (ამასთან შეუსაბამოა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ა. წ-მა, შესაძლოა, დაპირისპირების დროს ჯერ მაისური აუწია ძმას და შემდეგ მიაყენა დაზიანებები).
10. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნით, ლ. წ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები მდებარეობს საკუთარი ხელისათვის მისაწვდომ ადგილებზე, რაც შეესაბამება დაზარალებულის ჩვენებას. ამავე დასკვნის თანახმად, ლ. წ-ს სხეულზე აღენიშნება ძველი ატროფიული ნაწიბურები - ჭრილობების შეხორცების შემდგომი კვლები, რაც შეესაბამება როგორც დაზარალებულის, ისე მოწმეთა ჩვენებებს, რომ ლ. წ-მა წარსულში არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
11. სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში დასახელებული მოწმეეების - კ. ნ-ის, გ. ბ-ისა და ლ. ჩ-ს ჩვენებებს, როგორც ა. წ-ს მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს, რომ ამ მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის მოწოდებული ინფორმაცია არ დაადასტურეს ინფორმაციის პირველწყაროებმა - გამართლებულმა ა. წ-მა და დაზარალებულმა ლ. წ-მა ვისგანაც შეიტყვეს პოლიციის თანამშრომლებმა აღნიშნული ინფორმაცია. შესაბამისად, მოწმეების - კ. ნ-ის, გ. ბ-ისა და ლ. ჩ-ის ჩვენებები ირიბია, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
12. პროკურორი შოთა ბარამია საკასაციო საჩივარში აპელირებს და ა. წ-ის მამხილებელ მტკიცებულებად მიუთითებს ასევე ფარულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ჩანაწერს.
13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული ფარული ჩანაწერებით არ იკვეთება ა. წ-ის ბრალეულობა მისთვის ბრალადწარდგენილ ქმედებაში, კერძოდ, გამართლებულის დედის - ლ. ქ-ის კუთვნილი მობილური ტელეფონის ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ლ. ქ-ი ახლობლებთან საუბარში გამოხატავს შეშფოთებას მომხდართან დაკავშირებით, იგი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას მომხდართან ფაქტზე და განმარტავს, რომ გადმოცემით იცის, ძმებს არ უჩხუბიათ; დაზარალებულ ლ. წ-ან იცის, რომ მომხდართან ა-ოს კავშირი არ აქვს. ასევე ლ. წ-ან კ-ის N.. პალატის ფარული ჩანაწერით ირკვევა, რომ მისი ბრალი არაფერია, არაფერი დაუშავებია და არავინ გაუბრაზებია, არ აპირებს ჩვენების მიცემას და, რომ პირველივე დღეს თქვა, დანა თავად ჩაირტყა. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერებით არ გამოკვეთილა კონკრეტული პიროვნება (მითუმეტეს ა. წ-ი), რომელმაც შემთხვევის დღეს ლ. წ-ს ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ დაუზიანა. შესაბამისად, კასატორის არგუმენტი აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ა. წ-ის გამტყუნების თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
14. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ა. წ-ს ბრალეულობას, ქმნის მხოლოდ ეჭვისა და ვარაუდის საფუძველს, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „In dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი