Facebook Twitter

¹3კ-345-03 10 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. მ-ას, თანამოპასუხეების: თბილისის სანერგე მეურნეობის დირექციის, ნ. მ-ას, ნ. კ-ის, ნ. ო-ის მიმართ საცხოვრებელი სადგომიდან გამოსახლების შესახებ. მოსარჩელე განმარტავს, რომ თბილისის სანერგე მეურნეობის დასახლებაში აშენდა ორი ოცდაათბინიანი სახლი. გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მან მიიღო ორდერი (¹.....) ¹26 ერთოთახიან და ¹27 სამოთახიან ბინებზე, მაგრამ აღნიშნული სამოთახიანი ბინა თვითნებურად დაიკავა მოპასუხე ნ. მ-ამ.

მოპასუხე ნ. მ-ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს მოსარჩელის ბინაში. გარდაბნის რაიონის გამგეობის 1993წ. გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო ორდერი (¹.......) სამოთახიან ბინაზე, რომელიც თვითნებურად დაიკავა ნ. კ-ემ, რის გამოც ვერ შეძლო თავის კუთვნილ ბინაში შესახლება. ნ. მ-ამ მოითხოვა ნ. კ-ის ბინიდან გამოსახლება. ამ უკანასკნელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1993წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მის სახელზე გამოიწერა ორდერი (¹......) ოროთახიან ბინაზე, რომელიც დაკავებული აქვს ნ. ო-ს და მოითხოვა ბინიდან მისი გამოსახლება. ეს უკანასკნელი სარჩელს არ ცნობს და შეგებებული სარჩელით მოითხოვს აღნიშნულ ბინის ფართზე უფლებამოპოვებულად ცნობას.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 იანვრის განჩინებით ზემოთ ჩამოთვლილი სასარჩელო მოთხოვნები გაერთიანდა ერთ საქმედ ერთი და იგივე დავის საგნის არსებობის გამო.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

ნ. მ-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისის სანერგე მეურნეობის კუთვნილი ¹2 კორპუსის ¹27 ბინიდან (ორდერი ¹......).

ნ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. კ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისის სანერგე მეურნეობის ¹2 კორპუსის ¹21 ბინიდან (ორდერი ¹......).

ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ნ. ო-ი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა თბილისის სანერგე მეურნეობის ¹2 კორპუსის ¹29 ბინიდან (ორდერი ¹......) და შესახლებულ იქნა თბილისის სანერგე მეურნეობის კუთვნილ, მისთვის გამოყოფილ ბარაკული ტიპის ბინაში.

ნ. ო-ს ნ. კ-ის სახელზე რიცხული, თბილისის სანერგე მეურნეობის კუთვნილი ბინის ფართზე (ორდერი ¹.......) უფლებამოპოვებულად ცნობის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

ნ. კ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არა მთელი მოცულობით, არამედ ნ. მ-ას ბინიდან გამოსახლების ნაწილში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ ნ. კ-ის შუამდგომლობა და შეჩერდა მისი სააპელაციო საჩივრის წარმოება. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში, რომლითაც მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და ნ. კ-ე გამოსახლებულ იქნა ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სანერგე მეურნეობის ¹2 კორპუსის ¹2 ბინიდან იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული, სააპელაციო საჩივრის წარმოება შეჩერდა სამოქალაქო საქმეზე კ-ის სარჩელზე მოპასუხეების: შპს “ნ-ის”, ნ. მ-ას, გ. ბ-ის და მესამე პირის ნ. ო-ის მიმართ სადავო საცხოვრებელ ბინაზე პრივატიზაციის ხელშეკრულებებისა და სანოტარო მოქმედებების ბათილად ცნობის თაობაზე, მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ნ. კ-ემ საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის საოლქო განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მასში შემდეგი სახის ცვლილებების შეტანა: კერძოდ, მიუთითოს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მთელი მოცულობითაა გასაჩივრებული; შეჩერდეს მთლიანად გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულება, მის მიერ აღძრული ადმინისტრაციული სარჩელის განხილვამდე.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით მისი სააპელაციო საჩივრიდან და სასამართლო სხდომებზე მოცემული ჩვენებებიდან ჩანდა, რომ მან გარდაბნის რაიონული სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება გაასაჩივრა მთლიანი მოცულობით და არა ნაწილობრივ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და საქმის მასალებითაც დადასტურებულია, რომ ნ. კ-ემ გარდაბნის რაიონის სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა არა მთელი მოცულობით, არამედ, ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ. მ-ას სარჩელი და ნ. კ-ე და მისი ოჯახის წევრები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან.

ნ. კ-ემ ძირითადი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, რომ გაუქმებულ იქნეს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება მისი გამოსახლების შესახებ და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება, ხოლო დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, რომ შეცვლილიყო აღნიშნული გადაწყვეტილება, გამოტანილიყო ახალი გადაწყვეტილება და უარი თქმულიყო ნ. მ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სსკ-ს 377-ე მუხლის I ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფრგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის I ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით კი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გასაჩივრდა აპელანტ ნ. კ-ის მიერ. სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, დანარჩენ ნაწილში ანუ იმ ნაწილში, რომელიც არ გასაჩივრებულა, იგი შევიდა კანონიერ ძალაში.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაჩერა სააპელაციო საჩივრის წარმოება მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში. ვინაიდან დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ ყოფილა წარდგენილი, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული.

საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება გარდაბნის რაიონის სასამართლოს 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, ვიდრე არ იქნება კანონიერ ძალაში შესული მის მიერ აღძრულ ადმინისტრაციულ სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება წარმოებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღსრულების შეჩერებას ახდენს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო.

გამომდინარე აღნიშნულიდან, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების შეჩერებასაც მხარე ითხოვდა, არ არსებობდა ნ. კ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის საოქმო განჩინება და 2002წ. 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.