გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-347-03 18 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 მაისის გადაწყვეტილებით შპს “ი.-98-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს “პ-ს” დაევალა მოსარჩელისათვის 2000წ. 19 ოქტომბრის ხელშეკრულების შესაბამისად ესკიზური პროექტის შესადგენად მონაცემების წარდგენა. ასევე, შპს “ი-თან” შეთანხმებით საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების ეტაპების განსაზღვრა საქართველოში მოქმედი საამშენებლო, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და სხვა შესაბამისი ნორმების საფუძველზე.
ამასთან, შპს “პ-ს” დაევალა საქართველოს ბანკში სადეპოზიტო ანგარიშზე ხელშეკრულების ღირებულების თანხის 5000000 აშშ დოლარის განთავსება და მოსარჩელის მიერ შესრულებული ეტაპობრივი სამუშაოების ანაზღაურება მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შემდეგ.
შპს “პ-ის” წარმომადგენლებმა მ. ჭ-მა და ა. კ-ომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “ი-ს” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 14 ოქტომბრის განჩინებით შპს “პ-ის” სააპელაციო საჩივარი დარჩა უმოძრაოდ და აპელანტს განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა.
შპს “პ-ის” წარმომადგენლებმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, მოითხოვეს მისი გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის სახით ნაკლები ოდენობის თანხის განსაზღვრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 14 იანვრის განჩინებით შპს “პ-ის” კერძო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ არის დასაშვები და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ასევე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ამდენად, ხარვეზის განსაზღვრის შესახებ განჩინებაზე სსკ არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას. საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, 374-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრით საჩივრდება მხოლოდ დაუშვებლად მიჩნეული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება.
სსკ-ს 368-ე მუხლი არის ნორმა, რომელიც არეგულირებს მოცემულ სადავო ურთიერთობას. ამ ნორმის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სასამართლოს მიერ ხარვეზის გასასწორებლად გამოტანილი განჩინება არ საჩივრდება კერძო საჩივრით. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესისა და შესაძლებლობის მითითება განხორციელებული იქნა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “პ-ის” კერძო საჩივარი არ არის დასაშვები, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 414-ე, 419-ე, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “პ-ის” კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.