Facebook Twitter
საქმე # 010100122005496838


საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით


საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №23აპ-24 ქ. თბილისი
რ-ე დ, 23აპ-24 4 აპრილი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. რ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და


გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენით:
1.1. დ. რ-ძე, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 17 იანვრის ეპიზოდი) – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 23 თებერვლის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 23 თებერვლის, ა. პ-ის ქ. N..-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,ს-ის“ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 7 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით (2022 წლის 7 მარტის, ,,ჯ-ის’’ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილით (2022 წლის 7 მარტის, ,,ფ-ის’’ ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 14 მარტის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2022 წლის 15 მარტის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი ზომის სასჯელები და დ. რ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, შეეფარდა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. რ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 3 აპრილიდან.
1.3. გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. რ-მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ (ექვსი ეპიზოდი); ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ; ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი პირის მიერ (ორი ეპიზოდი); განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2022 წლის 10 იანვარს, დაახლოებით 19:20 საათზე, ქალაქ ბ-ში, დ. თ-ის ქუჩის №..-ში მდებარე შპს „ო-ის“ კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სხვადასხვა დასახელების შოკოლადს, რითაც დაზარალებულს მიადგა 141.69 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2022 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 17:10 საათზე, ქალაქ ბ-ში, რ. ვ-ის ქუჩის №..-ში მდებარე შპს „გ-ის“ კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ერთ ბოთლ „russkaya-ს“ ფირმის არაყს, რითაც დაზარალებულს შესაძლოა მისდგომოდა 33 ლარისა და 60 თეთრის ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის 14 თებერვალს, ქ.ბ-ში, დ. თ-ის ქუჩის №..-ში მდებარე სუპერმარკეტ „ო-ში“, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ო-ის“ კუთვნილ „დანზკას“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელსა და შამპუნს, რამაც 51.25 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 23 თებერვალს, დღის საათებში, ქ.ბ-ში, ტ-ს ქ.№..-ში მდებარე სუპერმარკეტ „ო-ში“, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ო-ის“ კუთვნილ ერთ ბოთლ „ჯეკ დენიელსის“ ბრენდის ალკოჰოლურ სასმელს, რამაც 86.95 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 23 თებერვალს, საღამოს საათებში, ქალაქ ბ-ში, ალ. პ-ის ქუჩის №..-ში მდებარე სუპერმარკეტ „ს-ში“, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „დ-ის“ კუთვნილ ერთ ბოთლ „დანზკას“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, ჯემსა და ჰიგიენურ საშუალებებს, რამაც 148.5 ლარის ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, ქ.ბ-ში, კ-ის ქუჩის №..-ში განთავსებულ სუპერმარკეტ „ვ-ში“, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა შპს „ტ-ის“ კუთვნილ ერთ ბოთლ ,,ჯეკ დენიელსის“ ბრენდის ალკოჰოლურ სასმელს, რამაც 124.70 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, ქ.ბ-ში, კ-ძის ქუჩის №..-ში განთავსებული „ჯ-ის“ აფთიაქიდან დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „გ-ას“ კუთვნილ „ფილიპსის“ ფირმის ორ ცალ წვერის ელექტრო საპარს აპარატსა და სახის კრემს, რამაც 685 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 7 მარტს, საღამოს საათებში, ქ.ბ-ში, რ-ის ქუჩის №..-ში მდებარე სუპერმარკეტ „ფ-ში“, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ-ის“ რამდენიმე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 14 მარტს, დღის საათებში, ქ.ბ-ში, რ-ის ქუჩის №..-ში მდებარე სუპერმარკეტ „ფ-ში“, ქურდობისათვის ორჯერ ნასამართლევი დ. რ-ძე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ-ის“ რამდენიმე ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს, რამაც 135 ლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია.
· 2022 წლის 15 მარტს, დღის საათებში, ქალაქ ბ-ში, ი.გ-ის ქუჩის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი დ. რ-ძე ატარებდა ცივ იარაღს - კასტეტს, რაც მისი ზედაპირული შემოწმებისას ამოიღეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - მსჯავრდებულმა დ. რ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენში, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ დ. რ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - ხ. ჭ-ის, გ. ბ-ის, თ. ქ-ის, მ. ი-ს, ს. გ-ის, ი. ე-ის, თ. ე-ძე-ნ-ის, რ. გ-ის, რ. თ-ის, ი. თ-ის, ა. ბ-ის, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ზ. ფ-ის, რ. თ-ს და ზ. ხ-ის გამოკითხვის ოქმებით, ვიდეოთვალის ჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, დ. რ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით, ზედაპირული შემოწმების ოქმით, ამოღების ოქმით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ცივი იარაღის ექსპერტიზის №... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. რ-ს მოთხოვნა დაკავშირებულია მხოლოდ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებასთან.

8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. „სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება N 1/7/851 „საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II- 7). ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ რესოციალიზაციის მიზანი გულისხმობს სასჯელის მეშვეობით საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი დამნაშავის შეგუებას, ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნის გზით, როგორც საპატიმრო დაწესებულებაში, ასევე, არასაპატიმრო სასჯელის შეფარდებისას, თავისუფლებაში ყოფნის პირობებში; ახალი დანაშულის თავიდან აცილება კი ხორციელდება სპეციალური და ზოგადი პრევენციის ფარგლებში, სადაც სპეციალური პრევენცია მიმართულია რეციდივის წინააღმდეგ, რათა დამნაშავეს მოესპოს ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა ან მოხდეს მათი მინიმალიზება. ზოგადი პრევენცია კი გულისხმობს დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველისათვის იმის დემონსტრირებას, თუ რა შეიძლება მათ ელოდეთ ანალოგიური ქმედების ჩადენის შემთხვევაში (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. რ-ის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ, კერძოდ:

11. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე; სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა დ. რ-ის ინდივიდუალური მახასიათებლები, რომ მან აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

13. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან, კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად შემდეგი გარემოებების არსებობას: ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა - ვალდებულება.

14. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: დ. რ-ე წინათ არაერთხელაა ნასამართლევი ქურდობისათვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განაჩენით იგი მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დ. რ-ის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მოცემულ შემთხვევაში პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის იმ მიზნების მიღწევა, რაც გულისხმობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას, რამდენადაც დ. რ-მ გამოსაცდელი ვადის პერიოდში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაულები.

15. ამდენად, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხასიათისა და სიმრავლის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის შეფასებით, დ. რ-ს დანიშნული აქვს სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების საფუძველი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. რ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე ლ. თევზაძე



მოსამართლეები: შ. თადუმაძე



მ. გაბინაშვილი