¹359-03 28 მარტი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟისაგან განთვისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს კ. გ-მა, ვ. გ-მა და მ. მ-ემ შპს “ო-ის”, შპს “ი-ის”, შპს “ლ-ის” და შპს “მ-ს” მიმართ. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ 2000წ. 26 სექტემბერს გაფორმდა 6 ხელშეკრულება, რომელთა მიხედვითაც შპს “ტ-ოს” პარტნიორებმა: კ. გ-მა, ვ. გ-მა და მ. მ-ემ საზოგადოებაში კუთვნილი წილები გაასხვისეს. მოსარჩელეების მითითებით, 2000წ. 26 სექტემბრის ხელშეკრულებები ფიქტიურია და არ ყოფილა დადებული იმ მიზნით, რომ მათ შესაბამისი, სამართლებრივი შეფასება მოჰყოლოდა, რის გამოც ისინი ბათილია სკ-ს 56-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 2000წ. 26 სექტემბერს გაფორმებული წილის გასხვისების ხელშეკრულებები მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის ბათილად იქნა ცნობილი ხელშეკრულების ფასის ნაწილში და ნაცვლად
2000 ლარისა დაფიქსირდა 718789 ლარი. ხელშეკრულება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი; მოსარჩელეებს 2000წ. 26 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულებების მთლიანად ბათილად ცნობაზე უარი ეთქვათ.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთაA სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აგვისტოს განჩინებით აპელანტებს ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით 4968 ლარის გადასახდელად განესაზღვრათ ვადა 10 დღე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 3 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი იყო ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
კ. გ-ისა და მ. მ-ის შუამდგომლობების განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ი, მათ შორის დადებული მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ცნობილ იქნა კ. გ-ისა და მ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის, 4868 ლარის, გადასახდელად განესაზღვრა ვადა.
პალატამ მიუთითა, სსკ-ს 92-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ვ. გ-მა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულ იქნა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც ვ. გ-ი, როგორც II ჯგუფის ინვალიდი, ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლებას.
საკითხის არსს არ ცვლის ის გარემოება, რომ ვ. გ-ი არის კ. გ-ის და მ. მ-ის საპროცესო უფლებამონაცვლე, რადგან “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლი იმპერატიულია და მისი ძალით ინვალიდობის მქონე პირი ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უპირობო განთავისუფლებას.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სსკ-ს 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს საკითხს, თუ რა მოცულობით გადადის საპროცესიო ვალდებულებანი უფლებამონაცვლეზე, მაგრამ არ არეგულირებს ამ ვალდებულებებისაგან განთავისუფლების საკითხს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 20 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი განუხილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სსკ-ს 92-ე მუხლის მე-2 ნაწილი აწესრიგებს საკითხს, თუ რა მოცულობით გადადის საპროცესო ვალდებულებანი უფლებამონაცვლეზე, მაგრამ არ არეგულირებს ამ ვალდებულებებისაგან განთავისუფლების საკითხს.
აღნიშნული ნორმით პროცესში უფლებამონაცვლის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
ყველა მოქმედების შესრულების სავალდებულობა გულისხმობს, რომ უფლებამონაცვლე პირმა უნდა განახორციელოს ყველა მოქმედება, რაც უნდა შეესრულებინა პირს, რომელიც მან შეცვალა.
აღნიშნული ნორმა არ მიუთითებს, რომ უფლებამონაცვლის მიმართ შეიძლება რომელიმე მოქმედების შესრულება არ იყოს სავალდებულო.
მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლისათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამთმობს უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. მან მიიღო მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში მასზე ვერ გავრცელდება უფრო მეტი შეღავათი, ვიდრე მოთხოვნის დამთმობ პირს ჰქონდა.
ამასთან, გასათვალისწინებელია სსკ-ს 184-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნაც, რომლის თანახმად სადავო ნივთის გასხვისება ან მოთხოვნის დათმობა ვერ მოახდენს გავლენას პროცესის მსვლელობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.