¹3კ-365-03 21 მარტი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
რ. ნადირიანი
გასაჩივრებული განჩინება: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება.
აღწერილობითი ნაწილი:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს: ხ. გ-ას, ა. თ-ას, დ. ა-ეს, დ. ს-ს, ნ. გ-ს უარი ეთქვათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობაზე. მოპასუხე ნ. მ-ს დაეკისრა შენობაში ელექტრომომარაგების აღდგენა სს “ე-სთან” ერთად.
მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის განმარტება, კერძოდ, “დაეკისროს ნ. მ-ს შენობაში ელმომარაგების აღდგენა სს “ე-სთან” ერთად, გულისხმობს თუ არა იმას, რომ მოპასუხე ვალდებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და შენობაში “ე-ს” ნება დართოს აწარმოოს ტექნიკური სამუშაოები დევნილების ელმომარაგების აღდგენის თვალსაზრისით; ვალდებულია თუ არა ნ. მ-ი ხელი არ შეუშალოს მათ იმ შემთხვევაში, თუკი საჭიროება მოითხოვს ინდივიდულაური ურთიერთობების დამყარებას როგორც ელმომარაგების, ისე საყოფაცხოვრებო კომუნალურ სამსახურებთან; ვალდებულია თუ არა მოპასუხე განუხრელად დაიცვას “იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 5 იანვრის ¹5 ბრძანებულების მე-11 და მე-12 პუნქტების, სს “დ-სა” და ნ. მ-ს შორის 2001წ. 8 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მოთხოვნები, აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინების მითითება: “მოსარჩელეები კეთილსინდისიერი, მართლზომიერი მფლობელები არიან” და ვალდებულია თუ არა იგი ხელი შეუწყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო-კომუნალური პირობების შექმნას, ხელი არ შეუშალოს დევნილებს თავისი ხარჯებით სარემონტო სამუშაოების წარმოებაში.
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით ამავე პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა შემდეგი სახით: ნ. მ-ი ვალდებულია ნება დართოს სს “ე-ს” მის საკუთრებაში არსებულ შენობაში, მდებარე ..... თბილისში, აწარმოოს სამონტაჟო სამუშაოები იქ მცხოვრები დევნილების – ა. თ-ას, დ. ა-ის, ხ. გ-ას, დ. ს-ის, ნ. გ-ის _ ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, მათთვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებით, “ე-ში” არსებული დადგენილი წესის შესაბამისად, მათივე ხარჯებით.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 262-ე მუხლის მოთხოვნა. კერძოდ: 1. გადაწყვეტილება, რომლის განმარტებაც განმცხადებლებმა მოითხოვეს, უკვე აღსრულებული იყო. 2. გადაწყვეტილების განმარტებით შეიცვალა მისი შინაარსი, კერძოდ, 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით მას დაეკისრა “შენობაში ელექტროენერგიის აღდგენა სს “ე-სთან” ერთად, ხოლო განმარტების შედეგად სასამართლომ დაავალა მას ნება დართოს “ე-ს” მის საკუთრებაში არსებულ სახლში, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დევნილებისთვის (მოსარჩელეებისათვის) ინდივიდულარი მრიცხველების დასამონტაჟებლად.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მისი შეტანის 12 დღიანი ვადის დარღვევის გამო დაუშვებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი დასაშვებია, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 416-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სასამართლო ვალდებულია მხარეებს განუმარტოს განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა. სსკ-ს 285-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტით განჩინებაში უნდა აღინიშნოს მისი გასაჩივრების წესი და ვადა. ამდენად, აღნიშნული ნორმის მიხედვით განჩინების დადგენილებითი ნაწილის აუცილებელი რეკვიზიტია მითითება მისი გასაჩივრების ვადაზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დაარღვია ნორმის ეს მოთხოვნა, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებაში მითითებული არ არის გასაჩივრების ვადა. ასეთ შემთხვევაში საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის მიხედვით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ. მ-ის განჩინება გადაეცა 2003წ. 9 იანვარს, კერძო საჩივარი კი შეიტანა იმავეწ. 17 იანვარს, ე.ი გადაცემიდან 12 დღეში, რის გამოც იგი დასაშვებია.
პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ. ნ. მ-ს დაეკისრა შენობაში ელექტრომომარაგების აღდგენა “ე-სთან” ერთად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო წინადადება, შენობაში ელექტროენერგიის აღდგენასთან დაკავშირებით, განმარტა შემდეგნაირად: ნ. მ-ი ვალდებულია დართოს ნება “ე-ს” მის საკუთრებაში არსებულ შენობაში აწარმოოს სამონტაჟო სამუშაოები იქ მცხოვრები დევნილების ა. თ-ას, დ. ა-ის, ხ. გ-ას, დ. ს-ისა და ნ. გ-ის ელექტრო ენერგიით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, მათთვის ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებით “ე-ში” არსებული წესების შესაბამისად, მათივე ხარჯებით.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსკ-ს 262-ე მუხლის მოთხოვნა, რომლითაც გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მხოლოდ იმის შესახებ, რომ შენობაში უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება “ე-სთან” ერთად, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ხ. გ-ას, ა. თ-ას, დ. ა-ეს, დ. ს-ს და ნ. გ-ს “ე-მა” ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟოს და თითოეული მათგანი “ე-ის” აბონენტი გახდეს.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ არ შეამოწმა საქმეზე წარმოდგენილი მასალები და ისე მიიღო განჩინება. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მ. მ-ი ვალდებულია სახლში აღადგინოს ელექტროენერგია. საქმის მასალებში წარმოდგენილია აფხაზეთის ა/რ რეგიონალური სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელის მიერ შედგენილი 2002წ. 28 ნოემბრის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ შენობაში აღდგენილია ელექტროენერგიით მომარაგება. აღნიშნულის თაობაზე ნ. მ-ის ახსნა-განმარტებაშიცაა მითითებული. სსკ-ს 262-ე მუხლის პირველი ნაწილით განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე განიხილა განცხადება, რომ არ გაარკვია გადაწყვეტილება აღსრულებულია თუ არა.
აღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ თავდაპირველად უნდა გამოიკვლიოს განცხადების დასაშვებობის საკითხი, ხოლო შემდეგ განმარტოს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.