Facebook Twitter

¹3კ-366-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდრო ქონების გაყოფა და ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ა-ის ძმა ნ. ა-ი და მისი მეუღლე ნ. შ-ა 2000წ. 25 ოქტომბერს დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. მათ საკუთრებაში დარჩათ ქ. ბათუმში, ..... მდებარე ოროთახიანი მე-7 ბინა. ამ ბინაში ნ. ა-მა და ნ. შ-ამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბინის სამეთვალყურეოდ შეუშვეს ნ. შ-ას და ა. შ-ა და დისშვილი ი. ს-ე. გარდაცვლილი მეუღლეების დანაშთ ქონებაზე მემკვიდრეობა გაიფორმეს ლ. ა-მა და ა. შ-ამ. ლ. ა-მა მიიჩნია, რომ მისი ძმის, ნ. ა-ის დანაშთი ქონების ნაწილი მიითვისეს დედა-შვილმა ა. შ-ამ და ი. ს-ემ, ამიტომ მან 2001წ. სექტემბერში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: ი. ს-ის და ა. შ-ას მიმართ და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ნ. ა-ისა და ნ. შ-ას საკუთრებაში არსებული სხვადასხვა დასახელების მოძრავი საოჯახო ნივთების დაბრუნება მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან; აღნიშნული ქონების გაყოფა ა. შ-ასთან ერთად, გარდა ორი ცალი ნოხისა და ორკასეტიანი მაგნიტოფონისა, რომელიც მოსარჩელემ აჩუქა თავის ძმას.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოს მიერ. ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ა-ის სარჩელი. მოპასუხეებს ა. შ-ასა და ი. ს-ეს დაევალათ მოსარჩელის სასარგებლოდ ქონების აღწერილობის აქტში აღწერილი შემდეგი ნივთების დაბრუნება: გორგოლაჭიანი მაგიდა, სკამი, 45 ლარად ღირებული წიგნების თარო, სარკე 25 ლარად ღირებული, პატარა მაგიდა 25 ლარად ღირებული, ორი ცალი ნიჟარა 30 ლარად ღირებული, გაზქურა 30 ლარად ღირებული, სამზარეულოს მაგიდა და 4 სკამი 50 ლარად ღირებული, სამზარეულო კარადა 15 ლარად ღირებული. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ლ. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით დაუშვებლად მიიჩნია ლ. ა-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო და იგი განუხილველად დატოვა.

სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ ლ. ა-მა დასაბუთებული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2002წ. 24 სექტემბერს. სსკ-ს 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2002წ. 24 ოქტომბერს. ლ. ა-მა კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 28 ნოემბერს, რითაც დაარღვია აღნიშნული ვადა. იმავე მუხლის პირველი ნაწილით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ლ. ა-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა შემდეგი მოტივებით: სასამართლოს სხდომის მდივანმა მას დააწერინა ხელწერილი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, მან ხელი რუსულ ენაზე მოაწერა 2002წ. 3 ოქტომბრის თარიღით. მან სააპელაციო საჩივარი ჩააბარა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2002წ. 28 ოქტომბერს, ე.ი. კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, მაგრამ ლ. ა-ისათვის არ არის გარკვეული, თუ როგორ აღმოჩნდა საქმეში ქართულ ენაზე შედგენილი ხელწერილი იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2002წ. 24 სექტემბერს, რაც არასწორია, რადგან მისი ხელის მოწერა გაყალბებულია, რაც დადასტურდება ექსპერტიზის მიერ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ა-ის კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად ლ. ა-იმ სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2002წ. 24 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი კი მან შეიტანა ერთი თვის შემდეგ _ 2002წ. 28 ოქტომბერს, რითაც დაარღვია კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ლ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ლ. ა-ის სარჩელი. მოპასუხეებს ა. შ-ასა და ი. ს-ეს დაევალათ მოსარჩელის სასარგებლოდ ქონების აღწერილობის აქტში აღწერილი შემდეგი ნივთების დაბრუნება: გორგოლაჭიანი მაგიდა, სკამი, 45 ლარად ღირებული წიგნების თარო, სარკე 25 ლარად ღირებული, პატარა მაგიდა 25 ლარად ღირებული, ორი ცალი ნიჟარა 30 ლარად ღირებული, გაზქურა 30 ლარად ღირებული, სამზარეულოს მაგიდა და 4 სკამი 50 ლარად ღირებული, სამზარეულო კარადა 15 ლარად ღირებული. დანარჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 2002წ. 3 სექტემბერს გამოაქვეყნა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საქმეში წარმოდგენილია ქართულ ენაზე შედგენილი ხელწერილი იმის თაობაზე, რომ ლ. ა-მა ჩაიბარა გადაწყვეტილების ასლი 2002წ. 24 სექტემბერს. ამ ხელწერილს ლ. ა-ი რუსულ ენაზე აწერს ხელს. ლ. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2002წ. 28 ოქტომბერს, ე.ი. სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის დარღვევით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ლ. ა-ის კერძო საჩივრის მითითებას იმის თაობაზე, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2002წ. 3 ოქტომბერს და კანონით დადგენილ ვადაში – 2002წ. 28 ოქტომბერს შეიტანა სააპელაციო საჩივარი. საქმის მასალებში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ ლ. ა-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2002წ. 3 ოქტომბერს. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ლ. ა-ის მითითებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილ ხელწერილზე, რომელშიც მითითებულია, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2002წ. 24 სექტემბერს, ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და გაყალბებულია, რაც შეიძლება ექსპერტიზის მეშვეობითაც დადგინდეს.

სსკ-ს მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე ლ. ა-მა არ წარმოადგინა კერძო საჩივარში მითითებული მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულება, ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორედ გამოიყენა სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის და 31 დეკემბრის განჩინებები მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.