Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-369-03 1 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. ცისკაძე,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: რეალური წილის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჭ-მა სარჩელით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ლ. ზ-ისა და გ. ის მიმართ და აღნიშნა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ე ცნობილ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფ. ...ში მდებარე, აწ გარდაცვლილ ბ. ჩ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის ½1/2 მესაკუთრედ. ვინაიდან მას სასამართლო გადაწყვეტილებით მიეკუთვნა სადავო სახლის ½1/2,½იგი ითხოვს კუთვნილი ½წილის რეალურად გამოყოფას.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას რეალურად, სასამართლო-საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გამოეყო საცხოვრებელი და დამხმარე ფართი. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2001წ. 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მ. ჭ-ი ცნობილ იქნა სადავო სახლის ½1/2-ის ნაწილზე თანამესაკუთრედ და უფლება ჰქონდა, როგორც მესაკუთრეს მოეთხოვა სადავო საცხოვრებელი სახლიდან თავისი კუთვნილი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა.

ლ. ზ-ემ და გ. ჩ-ემ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანეს სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყდა, რადგან აპელანტებმა 2002წ. 13 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარეც დაეთანხმა.

სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ლ. ზ-ემ და გ. ჩ-ემ, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ არ განუცხადებიათ უარი სააპელაციო საჩივრის განხილვის შესახებ, არ ჩაბარებიათ განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მისი გასაჩივრება ვერ მოახერხეს. ასევე, მოითხოვეს რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება კერძო საჩივრის განხილვის დამთავრებამდე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადის გაშვების გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნას კერძო საჩივრის ვადის აღდგენის თაობაზე, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდნენ კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირები, სსკ-ს 416-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. სასამართლო სხდომის ოქმზე აპელანტს შენიშვნები დადგენილი წესით არ გაუკეთებიათ. ამდენად, ლ. ზ-ესა და გ. ჩ-ეს გაშვებული აქვთ კერძო საჩივრის შეტანის კანონით გათვალისწინებული 12 დღიანი ვადა, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია კერძო საჩივარი დაუშვებლად და უსაფუძვლოდ.

პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დასაშვებიც, რომ იყოს, იგი მაინც უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ს 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის მიერ დაცულია აღნიშნული ნორმის მოთხოვნა. სსკ-ს 373-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციის საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ზ-ემ და გ. ჩ-ემ უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე, რაც დაფიქსირებულია სასამართლო სხდომის ოქმებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. ზ-ისა და გ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრისა და 2003წ. 20 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.