Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-373-03 5 თებერვალი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: დავალიანების დაფარვა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 დეკემბრის გადახდის ბრძანებით სს “ს-ს” გადასახდელად დაეკისრა 2587977 აშშ დოლარი და 5000 ლარი.

სს “ა-მა” 2002წ. 25 დეკემბერს განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს და მოითხოვა სს “ს-ის” კუთვნილ 18000 ტონა ამონიუმის გვარჯილაზე, რომელიც მასთან ინახებოდა, ყადაღის დადება.

საოლქო სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო მითითებულ ქონებას.

საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “ს-ის” კუთვნილ მზა პროდუქტზე ყადაღის დადება ხელს ვერ შეუშლიდა სს “ს-ის” მუშაობას, ზიანს ვერ მიაყენებდა მის ჩვეულებრივ საქმიანობას და იურიდიულად გამართლებული იყო.

მითითებული განჩინება სს “ს-ს” ჩაბარდა 2002წ. 31 დეკემბერს.

2003წ. 8 იანვარს სს “ს-მა” კერძო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე საოლქო სასამართლოს მიერ ყადაღის დადების შესახებ 2002წ. 26 დეკემბერს მიღებული განჩინების გაუქმება და ყადაღის დადებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ხელს უშლის სს “ს-ს”, მესამე პირებთან ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. Qქ. ფოთის ნავსადგურში დგას გემი, რომელიც ელოდება ყადაღადადებული ამონიუმის გვარჯილის ჩატვირთვას, მისი მოცდენის გამო სს “ს-ი” იხდის საჯარიმო სანქციებს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმესთან ერთად გადაიგზავნა ზემდგომ სასამართლოში.

საოლქო სასამართლომ მიუთითა, რომ Qქ. ფოთში გემის დგომა, რომელზეც საქართველოდან გატანის მიზნით ამონიუმის გვარჯილა უნდა დაიტვირთოს, საფუძველს წარმოადგენს ამ პროდუქტზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლება, მითუმეტეს მაშინ, როცა კოლეგიის მიერ 2002წ. 16 დეკემბერს გამოტანილია გადახდის ბრძანება 2587977 აშშ დოლარსა და 5000 ლარზე და მითითებული გადახდის ბრძანებაზე სს “ს-ს” პროტესტი არ შეუტანია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 191-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აგრეთვე, მითითებას იმაზე, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს საჭიროდ.

ამავე კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. ხოლო ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ქონებაზე ყადაღის დადება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “ა-ის” მიერ შეტანილი განცხადება, მის ტერიტორიაზე არსებული 18000 ტონა სს “ს-ის” კუთვნილ ამონიუმის გვარჯილაზე ყადაღის დადების შესახებ, ასევე ამ განცხადებაზე მიღებული განჩინება ყადაღის დადების თაობაზე აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

ყადაღის დადება 18000 ტონა ამონიუმის გვარჯილაზე საქმის განხილვის ამ ეტაპზე გამართლებულია იმითაც, რომ საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადახდის ბრძანებით სს “ს-ს” სს “ა-ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული აქვს 2587977 აშშ დოლარი და 5000 ლარი, რომელზეც ამოწერილია სააღსრულებლო ფურცელი და არსებობს ყადაღადადებული ქონების სს “ს-ის” მიერ მესამე პირებზე გადაცემის საშიშროება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მოცემულ საქმეზე სს “ს-ის” კერძო საჩივარი, როგორც დაუსაბუთებული არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.