Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1403აპ-23 თბილისი

ა-ი ხ., 1403აპ-23 27 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ. ა-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 2 იანვარს, დაახლოებით, 16:00 საათზე, ქ. გ-ში, ს-ის ქუჩის №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხ. ა-მა მეუღლეს – ს. ა-ას – ყელის არეში მოუჭირა ხელები, თავი დაახრევინა ძირს და შემდეგ, დაახლოებით, სამჯერ ჩაარტყა ხელი თავის არეში, ვინაიდან მიაჩნდა, რომ ს. ა-ა ბავშვებს სათანადოდ არ უვლიდა. აღნიშნული ქმედებით ს. ა-ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ხ. ა-ი, - ნასამართლობის არმქონე, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თეონა წოწკოლაური ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, წარდგენილ ბრალდებაში ხ. ა-ის დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №185აპ-23, №1216აპ-23, №1172აპ-22).

8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა ხ. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენა, სააპელაციო სასამართლომ კი გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა ხ. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენა, კერძოდ:

8.1. დაზარალებულმა ს. ა-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ 2021 წლის 2 იანვარს, 20 ლარის გამო, სცემა ქმარმა და ცხვირი გაუტეხა, დედამთილმა კი ცილი დასწამა და თქვა, რომ სახლიდან უნდა გაეგდოთ; ამ დღეს ის სცემეს ქმარმა, დედამთილმა და მაზლის ცოლმა, დაემუქრნენ, რომ, თუ სახლიდან არ წავიდოდა, ყელს გამოსჭრიდნენ; ღამის 4 საათზე ის წავიდა თავის მშობლებთან; ასეთ მდგომარეობაში ნახა მამამ; ექსპერტიზაზე რომ მიიყვანეს, სახე ჰქონდა სისხლიანი; ქმარმა 30-ჯერ დაარტყა და სხეული ჰქონდა დალურჯებული; გამომძიებელთან თქვა ყველაფერი, მაგრამ ზოგი რამ, შეიძლება, დაავიწყდა; განათლება არ მიუღია, არ შეუძლია დასწავლა და მოვლენების დამახსოვრება.

8.2. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 21 ოქტომბრის №- დასკვნისა და ექსპერტ ა. ბ-ის ჩვენების თანახმად, ს. ა-ას, „03.01.21წ. ობიექტური შემოწმებით და ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტების მიხედვით, ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება“.

8.3. 2021 წლის 3 იანვრის სამედიცინო ბარათის მიხედვით, ს. ა-ამ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა პოლიციის დახმარებით, თუმცა პაციენტს ჩივილები არ ჰქონდა და გაწერეს იმავე დღეს.

8.4. სასწრაფო-სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ ს. ა-ა უჩიოდა თავის ტკივილს, ამბობდა, რომ ფიზიკურად იძალადა მეუღლემ, ხოლო გარეგანი დათვალიერებით მას სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა.

9. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულ ს. ა-ას ჩვენება იყო არათანმიმდევრული და არ შეესაბამება საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებს. ასეთივე შეუსაბამობაა დაზარალებულის ჩვენებასა და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ასევე – სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას შორის, რაც წარმოშობს ეჭვს მომხდართან დაკავშირებით. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა ხ. ა-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ არ გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ხ. ა-ის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

12. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე