გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-395-03 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: მინდობილობის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 3 ივნისს ე. დ-მ, ლ. მ-მა და ი. მ-მა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე ბ. ბ-ის წინააღმდეგ და აღნიშნეს, რომ მოპასუხემ მათგან ისესხა 7200 აშშ დოლარი ყოველთვიური 2%-ის სარგებლით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. ვინაიდან მოპასუხემ დადგენილ ვადაში ვერ გადაიხადა ვალი, მოსარჩელეებმა მოითხოვეს 8352 აშშ დოლარის გადახდა და იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
ბ. ბ-ის მეუღლემ – ლ. ბ-მა დამოუკიდებელი სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ე. დ-ს, ლ. მ-ის, ი. მ-ის, ბ. ბ-ის, შ. ბ-ის და ნოტარიუსი ნ. ხ-ს მიმართ და მოითხოვა შ. ბ-ზე გაცემული მინდობილობის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ლ. ბ-ის სარჩელს ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა. ვინაიდან აპელანტის მიერ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო პალატამ დაუნიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად.
ლ. ბ-მა მიმართა სასამართლოს განცხადებით და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. სააპელაციო პალატამ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის გამო ლ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა და სსკ-ს 374-ე მუხლის საფუძველზე 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ბ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ უთხრა უარი შუამდგომლობაზე. მისი მოსაზრებით მისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები საკმარისად მოიპოვება საქმის მასალებში. რაიონულმა სასამართლომ იგი გაანთავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან უდავოდ დადგენილი იქნა, რომ იგი არის უმუშევარი, კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. გამგეობის მიერ გაცემული ცნობით დადგენილია მისი უმწეო მდგომარეობა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თუ სასამართლო ზემოთ აღნიშნულ მტკიცებულებებს არასაკმარისად მიიჩნევდა, მაშინ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილი და შეეთავაზებინა მხარისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა.
სააპელაციო პალატამ 2002წ. 24 დეკემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა ვერ გამოასწორა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგნილ ვადაში, რის გამოც სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 103-ე მუხლი და შეეთავაზებინა მხარისათვის დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა, რადგან მითითებული ნორმით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს მხოლოდ შეუძლია და არაა ვალდებული შესთავაზოს მხარეს მტკიცებულებათა წარდგენა.
სასამართლო ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეს უნიშნავს ვადას, თუ მხარე დანიშნულ ვადაში ვერ შეავსებს ხარვეზს, მას შეუძლია სსკ-ს 64-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვოს ამ ვადის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაქარწყლდება დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს იგი უნდა გაენთავისუფლებინა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან საკასაციო პალატა არ იზიარებს.
სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაანთავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მითითებული ნორმა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას თავისი მიხედულებით გადაწყვიტოს ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საკითხი. აპელანტის მიერ წარმოდგენილი საბუთი უმუშევრობის შესახებ არ არის ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველი, რადგან ქონებრივი მდგომარეობა მხოლოდ უმუშევრობით არ განისაზღვრება. ასევე ვერ იქნება გაზიარებული ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორს კმაყოფაზე ჰყავს ორი შვილი, რადგან დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს ჰყავს მეუღლე, რომლისაგანაც იღებს ფულად შემოსავალს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ფულადი გზავნილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინებას საფუძვლად არ უდევს მითითებული კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.