¹3კ-397-03 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 119353 ლარის გადახდევინება მის სასარგებლოდ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 93095 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატის 2002წ. 5 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეს დაენიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად განჩინების ჩაბარებიდან 10 დღეში. აღნიშნული განჩინება აპელანტს ჩაბარდა 25 ნოემბერს.
2002წ. 5 დეკემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება.
აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის და სს ბანკი “კ-ის” წერილები მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძვლად, ვინაიდან მოპასუხე იყო იურიდიული პირი. აღნიშნული საფუძვლით სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 48-ე მუხლი.
მოპასუხემ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატის 2003წ. 30 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.
კანონი ითვალისწინებს მხოლოდ მოქალაქის გათავისუფლებას სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, ხოლო სასამართლო ხარჯების გადადება, განაწილვადება ან ხარჯების შემცირება კანონის თანახმად შესაძლებელია ორივე მხარისათვის ე.ი როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის.
აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ს 48-ე მუხლი, როდესაც მიიჩნია, რომ ვინაიდან აპელანტი იურიდიული პირია, და მისთვის სასამართლოს ხარჯების გადადება კანონის თანახმად არ შეიძლება.
საქმეში არსებული მასალების თანახმად საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ს 48-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია აპელანტს გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინება.
შპს “ა-ს” გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
შპს “ა-ს” სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს ცნობილი და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.