Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1320აპ-23 თბილისი

გ-ი გ., 1320აპ-23 18 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. კ-ისა და ს. კ-ის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის განაჩენით გ. გ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 16 წლით, 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით – 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. გ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 2 დეკემბრიდან; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება დაზუსტებული პირობებით პროკურორ თამარ ბეჟუაშვილსა და ბრალდებულ ლ. ლ-ეს შორის, რომლის თანახმად, ლ. ლ-ე, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. ლ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, რამაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 5 წელი უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 5 წელი, სსკ-ის 63-ე-64-ე, 67-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. მსჯავრდებულ ლ. ლ-ეს სასჯელი აეთვალა 2022 წლის 2 დეკემბრიდან;

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. გ-მა ჩაიდინა: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· გ. გ-მა გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 236.65138 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე), საიდანაც 235.00438 გრამს ინახავდა საცხოვრებელ სახლში (მდებარე თ-ში, - - კვარტლის №- კორპუსის ბინა №-), 1,14 გრამს – თ-ში, - მე-- კვარტლის №- კორპუსის მე-- სადარბაზოში არსებული ლიფტის კაბინასა და იმავე სადარბაზოს მე-7 და მე-8 სართულებს შორის არსებულ ბაქანზე, ხოლო 0,507 გრამს – ლ. ლ-ესთან, რომელსაც, მასთან შეთანხმებისამებრ, უნდა განეთავსებინა კონკრეტულ ლოკაციაზე და რომელიც იმყოფებოდა თ-ში, - მე-- კვარტლის მე-- კორპუსის მე-- სადარბაზოში. 2022 წლის 2 დეკემბერს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება – 235.00438 გრამი „მეთადონი“ (ფუძე) ამოიღეს გ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 1,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე) – ლ. ლ-ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად, ხოლო 0,507 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე) – ლ. ლ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

· გ. გ-მა და ლ. ლ-ემ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს ნარკოტიკული საშუალებები გასაღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. გ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე) და შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, ხოლო ლ. ლ-ემ გაანაწილა და თ-ში, -ის მე-- კვარტლის №- კორპუსის მე-- სადარბაზოში არსებულ ლიფტის კაბინასა და იმავე სადარბაზოს მე-7 და მე-8 სართულებს შორის არსებულ ბაქანზე განათავსა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე). მიუხედავად იმისა, რომ ლ. ლ-ისა და გ. გ-ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მათი დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი და 2022 წლის 2 დეკემბერს მითითებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლ. ლ-ის მონაწილეობით ჩატარებული ამოღებების შედეგად.

· გ. გ-მა და ლ. ლ-ემ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს ნარკოტიკული საშუალებები გასაღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. გ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე) და შემდგომი გასაღების მიზნით დააფასოვა, ხოლო ლ. ლ-ეს უნდა განეთავსებინა თ-ში, დ-ის -, სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელსაც გ. გ-ის მობილური ტელეფონით გადაუღებდა სურათებს, შემდეგ კი გ. გ-ი, თანხის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალებების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას გადაუგზავნიდა ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებს. სწორედ ამ მიზნით ლ. ლ-ე იმყოფებოდა თ-ში, -ის მე-- კვარტლის №- კორპუსის მე-- სადარბაზოში, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი და გევორტ გ-ის განზრახვის სისრულეში მოყვანა და სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით – 0,507 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ (ფუძე) განთავსება, ვინაიდან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 2 დეკემბერს ამოიღეს საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლ. ლ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ. გ-ის მიმართ შეიცვალა: გ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან და 18,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით კი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. გ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 2 დეკემბრიდან; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. ადვოკატები – ი. კ-ე და ს. კ. – საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას, გ. გ-ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – სასჯელის მინიმუმის განსაზღვრას, ასევე – საკასაციო საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენით, რათა დაცვის მხარემ შეძლოს თავისი პოზიციის დასაბუთება.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 18,260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ. გ-ის გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების – ე. ო-ის, ლ. გ-ის, თ. კ-ის, გ. ჩ-ის, გ. ნ-ის, ლ. ლ-ის, ა. ჭ-სა და სხვათა ჩვენებები, ლ. ლ-ის პირადი და გ. გ-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ამოღების ოქმები, ჩხრეკების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმები, თანდართულ „სქრინშოტები“ და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარადაა დადასტურებული გ. გ-ის მიერ მისთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენა.

10. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №96აპ.-17, №25აპ-21, №215აპ-19), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

11. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. გ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმისა და ხასიათის, ნარკოტიკული საშუალებების სახისა და ოდენობის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 58-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გ. გ-ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის) დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

12. საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კასატორის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ი. კ-ისა და ს. კ-ის – საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე