3კ-411-03 20 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ხელფასის გადახდევინებაზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ც-ი 1996-1999 წლებში მუშაობდა მუნიციპალურ პოლიციაში გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-4 განყოფილების .......-ად სახელფასო თანხები ჩარიცხული გლდანის რაიონის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან გადმორიცხული უნდა ყოფილიყო პოლიციის მთავარ სამმართველოს საფინანსო განყოფილებაში, რაც არ განხორციელდა.
ნ. ც-ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 2280 ლარს.
2002წ. თებერვალში ნ. ც-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო სამსახურის მიმართ ხელფასის ანაზღაურების შესახებ.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 750 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო სამსახურმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 10 ივლისს გამოიტანა განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ, რომ არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 26 ლარის ოდენობით. ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა განისაზღვრა 2002წ. 4 სექტემბრამდე. 2002წ. 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო სამსახურმა, რომელიც არ იქნა დაკმაყოფილებული სააპელაციო პალატის 2002წ. 17 დეკემბრის განჩინებით.
კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “მ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება მოცემულ დავაში ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო სამსახური წარმოადგენს მმართველობის ადგილობრივ ორგანოს, ე.ი. ადმინისტრაციულ ორგანოს.
კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა დავა ადმინისტრაცილი ორგანოს ვალდებულებაზე სახელფასო თანხების გადახდის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წესით განსჯადია და განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დავის განხილვა უნდა მომხდარიყო ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების მიხედვით. გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია სსკ-ს მუხლების გამოყენებით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებიენა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
საერთო სასამართლოების შესახებ “საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულია საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შედგენის წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის მიერ საქმის განხილვაში მონაწილეობა ამ წესის დარღვევით, სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს საქმის განმხილველ არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსულუტურ საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 დეკემბრის განჩინება გაუქმდეს და თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საფინანსო სამსახურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.