საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1353აპ-23 თბილისი
კ. რ., 1353აპ-23 18 მარტი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განაჩენით რ. კ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2022 წლის 26 მაისიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. კ-ემ ჩაიდინა გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
4. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგით:
· 2022 წლის 5 თებერვალს დაზარალებული, 16 წლის ქ. ჭ-ე (დაბადებული - წელს) სტუმრად იმყოფებოდა თ-ში, ა-ის დასახლებაში, გ-ის მე-- ჩიხის №--ში მდებარე გ. კ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, სადაც სტუმრებთან ერთად აღნიშნავდნენ გ. კ-ის დაბადების დღეს. სუფრასთან ასევე იყო რ. კ-ე. დაბადების დღის აღნიშვნის პროცესში სტუმრების უმეტესობა სვამდა ღვინოს, მათ შორის – რ. კ-ე და ქ. ჭ-ე, რომელიც, ღვინის გადაჭარბებულად მიღების გამო, გახდა ცუდად, აერია გული და მოსასვენებლად გავიდა საძინებელ ოთახში. დაახლოებით, ღამის 12 საათისკენ სტუმრების უმეტესი ნაწილი წავიდა სახლიდან სასაფლაოზე, საიდანაც დაბრუნდნენ, დაახლოებით, 30-40 წუთში, სახლში კი დარჩნენ რ. კ-ე და ქ. ჭ-ე, რომელიც იყო ნასვამი და იწვა საძინებელში. საძინებელში ყოფნისას, რ. კ-ე, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ ქ. ჭ-ემ მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იყო მარტო, შევიდა მასთან, ენა აუსვა ტუჩებზე და უკბინა ლოყაზე. იმის შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ქ. ჭ-ემ არ გაუწია წინააღმდეგობა, აღიქვა, რომ, ალკოჰოლური სასმლის მიღების გამო, მას დათრგუნული ჰქონდა თავის დაცვისა და ნების გამოხატვის შესაძლებლობა, ქ. ჭ-ეს მარჯვენა ხელი მოაკიდებინა თავის სასქესო ორგანოზე და თვითონაც ხელი ჩაუყო მას საცვალში, შეეხო მის სასქესო ორგანოს, შემდეგ კი თავისი სასქესო ორგანო მოათავსა ქ. ჭ-ის სასქესო ორგანოსა და უკანა ტანში, რითიც დაზარალებულთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი.
5. მსჯავრდებულ რ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას საჩივარში მითითებული მოტივებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. კ-ის მსჯავრდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის მტკიცებას, რომ საქმეში არსებობს მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ქ. ჭ-ის ჩვენების სახით და ის მოტივირებულია მსჯავრდებულის დასჯის სურვილით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ. კ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების: ს. კ-ის, ზ. ს-ის, ა. ს-ისა და სხვათა ჩვენებები, ამოღების ოქმები, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები და საქმის სხვა მასალები. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, რადგან იგი თანმიმდევრული, დამაჯერებელი, დეტალურია და შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის 2022 წლის 25 მაისის №- დასკვნა, რომლის თანახმად, რ. კ-ის საცვლის გარეთა ზედაპირზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ქ. ჭ-ის, ხოლო მეორე წილი – რ. კ-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია; მაისურსა და შარვლის უბეში არსებული შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი ქ. ჭ-ის, ხოლო მეორე წილი – რ. კ-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია. ქ. ჭ-ის საცვლის უბეში არსებული ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ქ. ჭ-ეს.
9. გარდა ამისა, სამედიცინო ექსპერტიზის 2022 წლის 15 თებერვლის №- დასკვნის მიხედვით, 07.02.22წ. პირადი შემოწმებისას ქ. ჭ-ეს სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნება; მისი საქალწულე აპკის მთლიანობა არ არის დარღვეული – მთელია; ქ. ჭ-ეს დიდი სასირცხო ბაგეების უკანა შესართავზე და უკანა ტანის არეში საათის ციფერბლატის მე-6 და მე-7 დანაყოფებს შორის აღენიშნებოდა ზედაპირული ნასკდომები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (შესაძლებელია, მამაკაცის ერეგირებული ასოს) მოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ექსპერტმა ნ. ჩ-ემ სასამართლოს განუმარტა, რომ, საქალწულე აპკის ანატომიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლებელია, სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, საქალწულე აპკი არ დარღვეულიყო.
10. საყურადღებოა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2022 წლის 18 თებერვლის №- დასკვნაც, რომლის შესაბამისად, ქ. ჭ-ე მის მიმართ განხორციელებული ქმედების გამო განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა საგულისხმო და სარწმუნო მტკიცებულებაა დაზარალებულ ქ. ჭ-ის ჩვენების სანდოობისა და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის შესაფასებლად.
11. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ რ. კ-ემ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის მსჯავრად შერაცხილი ქმედება. ამდენად, მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კანონიერია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა არ იკვეთება.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).
13. ამასთან, ვინაიდან პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განაჩენებში არასრულწლოვანი დაზარალებულის – ქ. ჭ-ისა – და მისი კანონიერი წარმომადგენლისათვის განმარტებული არ არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება, საკასაციო სასამართლო, მითითებული ნორმის საფუძველზე, არასრულწლოვან დაზარალებულ ქ. ჭ-ესა და მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
14. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;
2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე