Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1337აპ-23 თბილისი,

ლ-ე დ., 1337აპ-23 25 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილისა და მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განაჩენით დ. ლ-ე, - ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – 1-1 წლითა და 6-6 თვით, 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2021 წლის 27 თებერვლის, 16 მარტისა და 25 მარტის ეპიზოდები) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ლ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 27 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინა განაჩენით ნაწილობრივ მოხდილი სასჯელი – 2021 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 27 იანვრის ჩათვლით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ლ-ემ ჩაიდინა: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის (მართვის მოწმობის) გატაცება; ცივი იარაღის ტარება ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ; სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა; ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება (3 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ლ-ემ, საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, უკანონოდ შეაღწია ბ. ჯ-ის კუთვნილ, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით – -), საიდანაც ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, მათ შორის – ჩანთას მასში მოთავსებული პროდუქციით, აგრეთვე იმავე ავტომანქანის უკანა, მარჯვენა ხედვის სარკეს, საერთო ღირებულებით – 450 ლარი, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აგრეთვე, იმავე ღამეს, დ. ლ-ემ ასევე უკანონოდ შეაღწია ზ. ქ-ის კუთვნილ „BMW-ს“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით – -), საიდანაც ფარულად დაეუფლა ოქროს სამკაულებსა და ავტომანქანის ნაწილს – ჰაერის ამრეკლს, ე.წ. „სპოილერს“, საერთო ღირებულებით – 6000 ლარი, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

· 2021 წლის 11 ივლისს, ღამის საათებში, თ-ში, ვ. ბ-ის ქუჩის №- მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ლ-ემ, საერთო მიზნითა და ერთიანი განზრახვით, უკანონოდ შეაღწია ბ. ჯ-ის კუთვნილ, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში (სახელმწიფო ნომრით – -), საიდანაც ფარულად დაეუფლა სხვადასხვა ნივთს, მათ შორის – ჩანთას მასში მოთავსებული პროდუქციით, აგრეთვე იმავე ავტომანქანის უკანა, მარჯვენა ხედვის სარკეს, საერთო ღირებულებით – 450 ლარი, ასევე – გვანცა ჯანგავაძის სახელზე გაცემულ მართვის მოწმობასა და სხვა ბარათებს, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 თებერვლის განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. აგრეთვე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

· 2021 წლის 1 ივნისს, ღამის საათებში, თ-ში, პ-ის ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა ნასამართლევი დ. ლ-ე, რომელიც ატარებდა კუსტარული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელ დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2021 წლის 11 სექტემბერს გაცემული №- განჩინებით საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს - სამმართველოსა და სპეციალური ცოდნის მქონე პირებს ნება დაერთოთ, იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით ბრალდებულ დ. ლ-ისაგან აეღოთ სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლის ნიმუშები. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 13 სექტემბერს დ. ლ-ემ არ შეასრულა ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი თქვა მისგან ნიმუშების აღებაზე.

· 2021 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, თ-ში, მ. კ-ას ქუჩის №--ში მდებარე შპს „კ-ის ი-ის“ მარკეტ „ს-დან“ დ. ლ-ე ფარულად დაეუფლა „პრეზიდენტის“ ფირმის ორ კარაქს (საერთო ღირებულებით – 47 ლარი), რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შპს „კ-ის ი-ას“ მიადგა 47 ლარის ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 16 მარტს, საღამოს საათებში, თ-ში, მ. კ-ას ქუჩის №--ში მდებარე შპს „კ-ის ი-ის“ მარკეტ „ს-დან“ დ. ლ-ე ფარულად დაეუფლა „პრეზიდენტის“ ფირმის ორ კარაქს და „კარტ ნუარის“ („CARTE NUIRE“) ფირმის ყავას (საერთო ღირებულებით – 81,2 ლარი), რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შპს „კ-ის ი-ას“ მიადგა 81,2 ლარის ქონებრივი ზიანი.

· 2021 წლის 25 მარტს, საღამოს საათებში, თ-ში, მ. კ-ას ქუჩის №--ში მდებარე შპს „კ-ის ი-ის“ მარკეტ „ს-დან“ დ. ლ-ე ფარულად დაეუფლა „პრეზიდენტის“ ფირმის ორ კარაქს (საერთო ღირებულებით – 47 ლარი), რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. შპს „კ-ის ი-ას“ მიადგა 47 ლარის ქონებრივი ზიანი.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით გაუქმდა; დ. ლ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით, 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2021 წლის 27 თებერვლის, 16 მარტისა და 25 მარტის ეპიზოდები) – 2-2 წლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით კი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დ. ლ-ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2023 წლის 27 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2021 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 27 იანვრის ჩათვლით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. პროკურორი ვახტანგ ხარებაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, დ. ლ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, 177-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (3 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მსჯავრდებულ დ. ლ-ის ადვოკატი ზ. გ-ი კი – მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო განაჩენის დანარჩენი ნაწილის უცვლელად დატოვებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, დ. ლ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ არის დადასტურებული. საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეიძლება, ჩადენილ იქნას მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ანუ პირის მიზანი უნდა იყოს, დაეუფლოს კონკრეტულად პირად დოკუმენტს, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გ. ჯ-ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა დ. ლ-ეს მოთავსებული ჰქონდა ყველა სხვა ნაქურდალ ნივთთან ერთად მუყაოს პარკში. ცალსახაა, რომ დამნაშავე არ მოქმედებდა უშუალოდ გვანცა ჯანგავაძის მართვის მოწმობის გატაცების მიზნით. შესაბამისად, იგი სწორად გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №2111აპ-07, №986აპ-06).

8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 სექტემბრის განჩინებით სასამართლომ გასცა ნებართვა, საექსპერტო კვლევისათვის დ. ლ-ისაგან აეღოთ სუნის, ნერწყვისა და ხელის კვლის ნიმუშები. იმავე განჩინებით საპროცესო მოქმედების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს მიეცა უფლება, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოეყენებინა იძულების პროპორციული ზომა.

9. საქართველოს სსსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე, რაც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, ნიმუშის აღება ტარდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სსსკ-ის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში დასაშვებია იძულების პროპორციული ზომის გამოყენება, ანუ იძულების პროპორციული ზომის გამოყენებით დასაშვებია ბრალდებულის სხეულიდან ინფორმაციის მოპოვება იძულებით მაშინაც კი, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია. 2021 წლის 13 სექტემბრის ოქმში აღნიშნულია, რომ დ. ლ-ემ უარი განაცხადა ნიმუშების აღებაზე, რის გამოც, მის მიმართ გამოიყენეს იძულების პროპორციული ზომა, თუმცა ნიმუშის აღება მაინც ვერ მოხერხდა.

10. იმის დასადგენად, რომ დ. ლ-ემ არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს, რომ გამომძიებელმა გაატარა ყველა საჭირო ზომა და მაინც ვერ შეძლო მისგან ნიმუშის აღება. მოცემულ შემთხვევაში ნიმუშის აღებაზე უარის თქმის შესახებ ოქმში ოქმის შემდგენი პირი, ყოველგვარი დეტალური აღწერის გარეშე, თუ, კონკრეტულად, რა ღონისძიებები გაატარა ნიმუშის ასაღებად, პირდაპირ უთითებს, რომ გამოიყენა იძულების პროპორციული ზომა და ვერ მოახერხა ნიმუშების აღება. საგულისხმოა, რომ ოქმს ბრალდებული ხელს არ აწერს. დ. ლ-ე უარყოფს რაიმე სახის პროპორციული ძალის გამოყენებას და განმარტავს: მისთვის მართლაც რომ აეხსნათ, თუ რა ნიმუშის აღება უნდოდათ მისგან, თანახმა იქნებოდა, შესაბამისი ნიმუშები მიეწოდებინა გამოძიებისათვის. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (მაგალითისათვის იხ. სუსგ: №703აპ-22, №511აპ-21).

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გამართლების თაობაზე, ვინაიდან დ. ლ-ის ბრალეულობა ამ ნაწილში დადასტურებულია დაზარალებულების: ბ. ჯ-ისა და ზ. ქ-ის, მოწმეების: გ. თ-ის, შ. ს-ას, გ. გ-ისა და სხვათა ჩვენებებით, დ. ლ-ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმებით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. კერძოდ:

11.1. დაზარალებულებმა ჩვენებებში დეტალურად აღწერეს, თუ სად ჰყავდათ მანქანებით გაჩერებული და რა ნივთები იყო წაღებული. მოწმე გიორგი თევზაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ვ. ბ-ის ქუჩის №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დაათვალიერეს ტერიტორია, რა დროსაც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ბ-ის ქუჩის №--სთან შეხვდათ პირი, რომელსაც მარჯვენა ხელში ეჭირა მანქანის შავი ფერის ე.წ. „სპოილერი“, ხოლო მარცხენა ხელში – მუყაოს პარკი მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთით.

11.2. პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით (უდავო მტკიცებულება), 2021 წლის 11 ივლისს თ-ში, ბ-ის ქუჩის №--ს მიმდებარე ტერიტორიაზე, 03:30–04:10 სთ დროის პერიოდში, ჩატარდა დ. ლ-ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელიდან ამოიღეს შავი ფერის ავტომობილის საბარგულის ე.წ. „სპოილერი“, მასზე დატანილი ავტოწარმოების „BMW-ს“ ლოგოთი, ხოლო მარცხენა ხელიდან – ავტომობილის უკანა ხედვის სარკეები, ასევე – გ. ჯ-ის სახელზე გაცემული მართვის მოწმობა, „თ. -ის“ კონცეპტ ბარათი, „ს. -ის“ სოლო ბარათი, ე. ჩ-ის „ვისოლის“ ბარათი, ზ. და ა. გ-ების სახელზე გაცემული „ჯ-ის“ სადაზღვევო ბარათები. დ. ლ-ის მარცხენა ხელიდან ამოღებული ნივთები მოთავსებული იყო მუყაოს პარკში.

11.3. 2021 წლის 28 ივლისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად (უდავო მტკიცებულება), ამომცნობმა პირმა – ბ. ჯ-ემ – ამოიცნო ავტომანქანის სარკე სხვა ნივთებთან ერთად, რომლებიც მას მოჰპარეს 2021 წლის 11 ივლისს. 2021 წლის 30 ივლისის ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად (უდავო მტკიცებულება), ამომცნობმა პირმა – ზ. ქ-ემ – ამოიცნო მისთვის ამოსაცნობად წარდგენილი ნივთი – ავტომანქანის საბარგულის ჰაერის ამრეკლი, ე.წ. „სპოილერი“.

12. გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა ისიც, რომ დ. ლ-ე პოლიციელებმა გაჩხრიკეს ღამის საათებში, ქურდობის შესახებ შეტყობინების მიღებიდან დროის მცირე მონაკვეთში, სწორედ ბ-ის ქუჩის №- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მისგან ამოიღეს ნივთები, რომლებიც შემდეგ დაზარალებულებმა ამოიცნეს.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია დ. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი, მართალია, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ“ (Suominen v. Finland), N37801/97, 01/07/2003, §34); კერძოდ: ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43).

15. საკასაციო პალატა მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მათში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობით, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მათში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლო ასევე ასკვნის, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, რა დროსაც არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი, კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით, არის დასაბუთებული. საკასაციო საჩივრების დასაბუთება კი არ წარმოაჩენს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას კანონის არსებით დარღვევას, ასევე არ ვლინდება დ. ლ-ის ქმედებათა კვალიფიკაციისას ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც საკასაციო სასამართლოს მხრიდან დადგენილი პრაქტიკის განვითარებისათვის დამატებით ან ახლებურ შეფასებას საჭიროებს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილისა და მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე