Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-417-03 21 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. ცისკაძე

დავის საგანი: ბავშვთან ურთიერთობის დადგენილი წესის შეცვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ს-ი და თ. დ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მათ 1995 წელს შეეძინათ ვაჟიშვილი გ. ს-ი. 1998 წელს გარდაიცვალა თ. დ-ი. აწ გარდაცვლილი თ. დ-ის დედა და ბებია – ე. გ-ე და მ. ბ-ე მოითხოვენ მ. ს-ისაგან საშუალება მისცეს შვილიშვილ გ. ს-თან ურთიერთობისა და ნახვის.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი წესი შეიცვალა იმგვარად, რომ მ. ბ-ეს და ე. გ-ეს ნება დაერთოთ, არასრულწლოვან შვილიშვილთან, გივი ს-თან ურთიერთობა იქონიონ, კვირაში ორი დღე – შაბათი და კვირა, დღის განმავლობაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

2001წ. 8 ნოემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას მიმართა საქართველოს ი-ის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის აღმასრულებელმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპელაციო პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, ურთიერთობის ხანგრძლივობის და ბავშვთან ურთიერთობის ადგილის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატის 2002წ. 21 იანვრის განჩინებით ამავე პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება განმარტებულ იქნა იმგვარად, რომ მ. ბ-ეს და ე. გ-ეს ნება დაერთოთ ურთიერთობა იქონიონ არასწრულწლოვან შვილიშვილთან გ. ს-თან მის საცხოვრებელ ადგილზე კვირაში ორი დღე შაბათი და კვირა 2 საათის ხანგრძლივობით დღის 12 საათიდან 14 საათამდე, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ივლისის განჩინება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ გაუქმებულ იქნა და საქმე სასამართლო აღმასრულებლის განცხადების განსახილველად დაბრუნდა სააპელაციო პალატაში. ამასთან საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტება უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილების შინაარსის შეუცვლელად, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის ადგილის მითითება განმარტებაში სცილდება გადაწყვეტილების შინაარსს, რადგანაც ამაზე არ ყოფილა მსჯელობა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რაც შეეხება ურთიერთობის ხანგრძლივობას, პალატამ მიუთითა, რომ დღე წარმოადგენს დროის მონაკვეთს დილიდან საღამომდე და გადაწყვეტილება განმარტებულ უნდა იქნეს სწორედ ამის გათვალისწინებით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით ამავე პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება განმარტებული იქნა შემდეგნაირად მ. ბ-ეს და ე. გ-ეს ნება დაერთოთ ურთიერთობა იქონიონ არასრულწლოვან შვილიშვილთან გ. ს-თან კვირაში ორი დღე – შაბათი და კვირა დღის განმავლობაში 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე ე. გ-ემ და მ. ბ-ემ შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 აპრილის და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილების მთლიანობაში განმარტება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 იანვრის განჩინებით ე. გ-ის და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ განჩინებას სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 262-ე მუხლი, რომლის თანახმად გადაწყვეტილების განმარტების უფლება აქვს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს არ აქვს უფლება განმარტოს თბილისის საბურთალოს რაიონის 1999წ. 16 აპრილის და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილებები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების მიხედვით თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ი-ის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის განცხადება ამავე პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნით. განმარტებულ იქნა ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 12 ივლისის გადაწყვეტილება იმგვარად, რომ მ. ბ-ეს და ე. გ-ეს ნება დაერთოთ ურთიერთობა იქონიონ არასრუწლოვან შვილიშვილთან გ. ს-თან კვირაში ორი დღე – შაბათი და კვირა, დღის განმავლობაში დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინება სწორად იქნა განმარტებული სსკ-ს 262-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა განემარტა იმგვარად, რომ ბავშვის ნახვის ადგილად განესაზღვრა მათ სახლში ყოფნა და თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობის ადგილის განსაზღვრა ცვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს.

საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, რადგან გადაწყვეტილების განმარტების უფლება აქვს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. გ-ისა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და საოლქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებებს საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ-ისა და მ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 ნოემბრისა და 2003წ. 6 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.