გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-418-03 3 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: თანხების დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “ი-ის” სარჩელი და მოსარჩელის სასარგებლოდ შპს “გ.გ.გ.-ს” გადასახდელად დაეკისრა 4928 ლარი.
2002წ. 12 ივნისს შპს “გ.გ.გ.-მ” მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შესავსებად შპს “გ.გ.გ.-ს” დაენიშნა 10 დღიანი ვადა.
შპს “გ.გ.გ.-ს” დირექტორის მიერ 2002წ. 22 აგვისტოს ნაწილობრივ გამოსწორებული იქნა ხარვეზი: მის მიერ, ნაცვლად 147 ლარისა, გადახდილ იქნა 44 ლარი და 34 თეთრი. ამასთან, 2002წ. 22 ოქტომბრის განცხადებით ითხოვა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 23 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს “გ.გ.გ.-ს” თხოვნა და ხარვეზის შესავსებად ვადა გაგრძელდა 2002წ. 18 ნოემბრამდე.
2002წ. 18 ნოემბერს შპს “გ.გ.გ.-ს” წარმომადგენელმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინება ჩაიბარა 2002წ. 13 ნოემბერს, მაგრამ ხარვეზის შესავსებად კვლავ მოითხოვა 15 დღიანი ვადის გაგრძელება.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 19 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ხარვეზის შესავსებად ვადა გაგრძელდა 2002წ. 29 ნოემბრამდე.
ვინაიდან მითითებულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
მითითებული განჩინება შპს “გ.გ.გ.-ს” ჩაბარდა 2002წ. 13 იანვარს.
შპს “გ.გ.გ.-მ” 2003წ. 29 იანვარს შეიტანა კერძო საჩივარი. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა იმ საფუძვლით, რომ მის მიერ გადახდილია სათანადო სახელმწიფო ბაჟი, რომელიც ბანკმა ჩარიცხა არასწორ მისამართზე. ეს კი მისი ბრალით არ არის გამოწვეული.
სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი დაუშვებლად და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და მიეთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა, რომ მან დადგენილ ვადაში გადაიხადა სათანადო სახელმწიფო ბაჟი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და ამიტომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტს არ ჰქოდა რა გადახდილი სათანადო სახელმწიფო ბაჟი, ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა. აპელანტმა 2002წ. 22 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 44 ლარი და 34 თეთრი. მითითებული თანხა ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში. გარდა ამისა, მან საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა საგადასახადო დავალების ¹3 ქვითარი, რომლითაც ირკვევა, რომ მას 2002წ. 23 აგვისტოს საფოსტო ბანკის მეშვეობით სასამართლოს საბაჟო მომსახურეობის სატრანზიტო ანგარიშზე შეტანილი აქვს 103 ლარი და 50 თეთრი. მითითებული გარემოება დასტურდება სს “.. ..-ის” ფოთის ფილიალის მიერ 2003წ. 2 აპრილს გაცემული ცნობით, სადაც მითითებულია, რომ თ.ჩ-მ 2002წ. 22 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 147,84 ლარი, საიდანაც 30% ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო 70% _ საერთო სასამართლოების სპეცანგარიშზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე შპს “გ.გ.გ-ს” სახელმწიფო ბაჟის სახით შესაბამისი თანხები გადახდილი აქვს ვადაში. კერძოდ, მანამ, სანამ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა 2002წ. 2 დეკემბერს).
მართალია, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 44,34 ლარი ჩარიცხულია ადგილობრივ ბიუჯეტში, 103,5 ლარი, ნაცლად ¹000141107 ანგარიშისა, ჩარიცხულია ¹100908100 ანგარიშზე, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ შეიძლება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გამხდარიყო, ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. მართალია, მისი ნაწილი, ნაცვლად საერთო სასამართლოს სპეცანგარიშისა, ჩარიცხულია სასამართლოს საბაჟო მომსახურების სატრანზიტო ანგარიშზე, მაგრამ ვინაიდან შეცდომით ჩარიცხული თანხების გადატანა სათანადო ანგარიშზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ამ გარემოებას ზეგავლენა არ უნდა მოეხდინა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე და არ შეიძლებოდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება.
შპს “გ.გ.გ.-ს” სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს მიჩნეული, მიღებულ იქნეს განსახილველად და სსკ-ს 376-ე მუხლის შესაბამისად საქმის ზეპირი განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.