¹3კ-419-03 13 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ჩ-ემ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა შპს “ჯ-ში” გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში მისაღები ხელფასის _ 8071,66 ლარის და 2000წ. 14 ივლისიდან საზოგადოების პრეზიდენტისათვის განსაზღვრელი ხელფასის _ 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის საბუღალტრო (სახელფასო) უწყისებში გამოწერა და გაცემა შემდეგი საფუძვლით: 1997 წლიდან მუშაობდა შპს “ჯ-ის” გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 2000წ. 28 ივნისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, ამავეწ. 14 ივლისის პარტნიორთა კრებამ იგი აირჩია საზოგადოების პრეზიდენტად, რაც დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში და შეიძინა სამართლებრივი მნიშვნელობა. მან საზოგადოების გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ა. კ-ს არაერთხელ მოთხოვა გენერალური დირექტორობისას მისაღები ხელფასისა და პრეზიდენტისათვის განსაზღვრული ხელფასის გამოწერა და გაცემა. მიუხედავად ამისა, მოპასუხე მხარემ უარი განუცხადა ხელფასის გამოწერასა და მის გაცემაზე, რითაც დაარღვია შკკ-ს მე-6 მუხლი.
შპს “ჯ-ის” წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე გ. ჩ-ეს არ უმუშავია გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, იგი იყო შპს “ჯ-ის” დირექტორი, მან 1997წ. 1 ნოემბერის თავისივე ბრძანებით თავი დაინიშნა საზოგადოების გენერალურ დირექტორად. მას მიღებული აქვს შპს “ჯ-თან” დირექტორობის პერიოდში ხელფასი და მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2000წ. 14 ივლისის შპს “ჯ-ის” დამფუძნებელ პარტნიორთა კრების მიერ მოსარჩელე დანიშნულ იქნა საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 500 აშშ დოლარის ოდენობით. იმავე პარტნიორთაAკრებამ დაუდგინა, რომ ხელფასის გაცემა მომხდარიყო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად. რადგან საზოგადოებას დღეისათვის არ გააჩნია სახსრები, ამიტომ მოსარჩელეზე ვერ მოხდა ხელფასის გაცემა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს “ჯ-ს” დაეკისრა ხელფასის 8071 _ ლარისა და 66 თეთრისა და 8000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა გ. ჩ-ის სასარგებლოდ. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ აღნიშნული თანხის გაცემა უნდა მომხდარიყო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ჯ-მა”.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ-ს” განესაზღვრა საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, მინდობილობის წარმოსადგენად და სახელმწიფო ბაჟის _ 242 ლარისა და 240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადასახდელად.
შპს “ჯ-ის” დირექტორმა კ-მა გადაიხადა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის მხოლოდ ნაწილი, კერძოდ _ 30 ლარი. მან განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის გადავადება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არა აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს დარჩენილი თანხა, რაც ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არის აღნიშნული.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით შპს “ჯ-ის” წარმომადგენელ დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი და არ გადაიხადა განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, რაც სსკ-ს 374-ე მუხლის შესაბამისად გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. რაც შეეხება აპელანტის განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია უსაფუძვლოდ და უარი უთხრა აპელანტს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ჯ-ის” დირექტორმა ა. კ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ბაჟის გადავადება და სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: შპს “ჯ-ი” იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია იმ ზარალით, რაც გ. ჩ-ემ თავისი ხელმძღვანელობით მიაყენა კომპანიას, იგი წლების განმავლობაში აწარმოებდა არასწორ საბუღალტრო აღრიცხვას. სასამართლომ 2002წ. 27 დეკემბრის განჩინებით არასწორად და უკანონოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით შპს “ჯ-ის” დირექტორის ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავალა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას იმ საფუძვლით, რომ შპს “ჯ-ი” იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, რაზეც წარმოადგინა შპს “ჯ-ის” გენერალური დირექტორ ა. კ-ისა და შპს “ჯ-ის” მთავარი ბუღალტერ ჯ. ვ-ის მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომ კომპანია “ჯ-ი” 4 წლის განმავლობაში, 1998 წლიდან 2001 წლამდე, იყო ზარალში, რამაც შეადგინა 189223 ლარი.
პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი არ არის შპს “ჯ-ის” მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება და იგი ვერ გახდება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია აღნიშნული გარემოება უსაფუძვლოდ და სწორად არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ჯ-ის” დირექტორ ა. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება