Facebook Twitter

¹3კ-425-03 19 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

საკასაციო სასამართლომ განიხილა სს “კ-ის” კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ს-ის” სარჩელი და სს “კ-ს” გადასახდელად დაეკისრა 250373 ლარი.

მითითებულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს “კ-მა”.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი უმოძრაოდ იქნა დატოვებული. აპელანტს ხარვეზის შესავსებად – სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად მიეცა 10 დღიანი ვადა. ვინაიდან მითითებულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

2002წ. 17 დეკემბერს სს “კ-მა” კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქარველოს უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 415-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნეს წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. წინააღმდეგ შემთხვევაში კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად ზემდგომ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს 5 დღის განმავლობაში, ხოლო ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სს “კ-მა” კერძო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული საჩივრის გამომტან სასამართლოში, მაგრამ გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს არ გადაუწყვეტია ამ საჩივრის არც დასაშვებობის და არც დასაბუთებულობის საკითხი. ამ საკითხთა გარკვევის თაობაზე გასაჩივრებული განჩინების გამომტანმა სასამართლომ უნდა მიიღოს განჩინება, რომელშიც უნდა ჩამოაყალიბოს, დასაშვებია თუ არა კერძო საჩივარი და თუ იგი დასაშვებია, უნდა გადაწყვიტოს მისი დასაბუთებულობის საკითხით. თუ კი გასაჩივრებული განჩინების გამომტანი სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, თვითონვე დააკმაყოფილებს მას, მაგრამ თუ კი იგი კერძო საჩივარს დაუშვებლად ან დაუსაბუთებლად მიიჩნევს აგზავნის კერძო საჩივარს საქმესთან ერთად ზემდგომ სასამართლოში და მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ ზემდგომი სასამართლო კერძო საჩივრის თაობაზე გამოიტანს განჩინებას.

ვინაიდან გასაჩივრებული განჩინების გამომტან სასამართლოს უშუალოდ არ განუხილავს შეტანილი კერძო საჩივრის დასაშვებობის და დასაბუთებულობის საკითხი, ზემდგომი სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მოცემულ კერძო საჩივარზე მიიღოს გადაწყვეტილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 417-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “კ-ის” კერძო საჩივარი საქმესთან ერთად სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.