Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-427-03 30 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

აღწერილობითი ნაწილი:

დახურული სააქციო საზოგადოება “.. ..-ის” წარმომადგენელმა ა. თ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: შპს “ნ-ისა” და შპს “ტ-ის” მიმართ და მოითხოვა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით მოპასუხისათვის სამაუწყებლო კომპანია “რ-ის” სატელევიზიო გადაცემის რეტრანსლაციის აკრძალვა, რადგან ისინი მისი სატელევიზიო გადაცემების უნებართვო რეტრანსლაციას ახორციელებენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2002წ. 9 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა სს “.. ..-ის” განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ და შპს “ნ-ს” და შპს “ტ-ს” აუკრძალა სს “.. ..-ის” სატელევიზიო გადაცემების რეტრანსლაცია.

შპს “ნ-მა” კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 დეკემბრის განჩინება და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება შპს “ნ-ისათვის” სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” გადაცემების რეტრანსლაციის აკრძალვის ნაწილში. ასევე მოითხოვს სსკ-ს 194-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე განჩინების აღსრულების შეჩერებას შპს “ნ-სა” და რეტრანსლირების აკრძალვის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 191-ე მუხლის თანახმად განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუტარებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უნდა დაევალდებულებინა მოსარჩელე, რომ წარმოედგინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რასაც სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ეს კი განჩინების გაუქმების დამატებით საფუძველს წარმოადგენს. ასევე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც იგი მოქმედებს სათანადო წესით არ არის ლეგალიზებული. იგი არ განიხილება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, რის საფუძველზეც არ იყო უფლებამოსილი, მოეთხოვა სამაუწყებლო კომპანია “.. ..-ის” სახელით მოპასუხეებისათვის ტელეგადაცემების რეტრანსლირების აკრძალვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხე შპს “ნ-ის” კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კოლეგიამ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ს 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოპასუხეს მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც არ არის სასამართლოს ვალდებულება და ამ უფლების გამოუყენებლობა ვერ გახდება განჩინების გაუქმების საფუძველი. ასევე, კოლეგიამ არ გაიზიარა მითითება იმის შესახებ, რომ სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სანოტარო აქტით დასტურდება, რომ მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ ტელეგადაცემების რეტრანსლაციას ახდენდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებში წარმოდგენილია 2002წ. 3 დეკემბერს შედგენილი სანოტარო აქტები, რომლითაც დადგენილია თბილისის ტერიტორიაზე საკაბელო სატელევიზიო კომპანია შპს “ტ-სა” და შპს “ნ-ის” მიერ ნებართვის გარეშე რუსეთის სამაუწყებლო კომპანია “რ-ის” სატელევიზიო გადაცემების რეტრანსლაციის ფაქტი. “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თუ არსებობს მოპასუხის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის საფუძვლიანი ვარაუდი, სასამართლოს შეუძლია, საქმის არსებით განხილვამდე გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, როგორიცაა დამზადება, რეპროდუცირება და ა.შ.

პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული მასალების ანალიზი იძლეოდა იმის საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევას, კერძოდ - სატელევიზიო გადაცემების უნებართვო რეტრანსლაციას.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სსკ-ს 199-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის უნდა მოეხდინა მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა აღნიშნული ნორმა, ვინაიდან კანონი იმპერატიულად არ მოითხოვს სასამართლოსგან მოსთხოვოს მოსარჩელეს მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

პალატის მიერ ასევე ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის მოტივივაცია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ სატელევიზიო გადაცემები წარმოადგენდა “.. ..-ის” კუთვნილებას და სარჩელი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მინდობოლობა არ არის ლეგალიზებული სათანადო წესით.

განჩინებაში ზემოთ მითითებული სანოტარო აქტები ადასტურებს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა სწორედ მოსარჩელის კუთვნილი ტელეგადაცემების რეტრანსლაციას, რაც საავტორო უფლებების დარღვევის საფუძვლიან არგუმენტს იძლევა.

სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-13 მუხლის I ნაწილის მიხედვით დოკუმენტები, რომლებიც მომზადებულია და დადასტურებულია ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე რწმუნებული პირის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი ფორმით და დადასტურებულია გერბიანი ბეჭდით, მიიღება სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე ყოველგვარი სპეციალური დამოწმების გარეშე.

პალატა თვლის, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მინდობილობას სპეციალური დამოწმება (ლეგალიზება) არ სჭირდებოდა და შესაბამისად, პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მინდობილობა არ განიხილება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად, უსაფუძვლოა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა სასამართლო კოლეგიის განჩინებები კანონიერია და არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ნ”-ის წარმომადგენლის ს. ც-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრისა და 2003წ. 7 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.