Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№1313აპ-23 თბილისი

ნ-ი ზ., 1313აპ-23 13 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განაჩენით ზ. ნ., - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ზ. ნ-ს სასჯელი აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2023 წლის 21 აპრილიდან.

2. ამავე განაჩენით გ. ჭ., - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ზ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ. ჭ-ს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ნ-მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ხოლო გ. ჭ-მა – ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· თ-ში, მ-ს ქუჩის №-ში მდებარე ა. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ობიექტში მეპატრონის თანხმობით მცხოვრები გ. ჭ. 2020 წლის სექტემბერში (რიცხვი დაუდგენელია) იმავე მისამართზე მდებარე ა. ჩ-ის საკუთრებაში არსებული მშენებარე ობიექტიდან, მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ობიექტზე დასაწყობებულ სხვადასხვა სამშენებლო მასალას: 4645.2 ლარად ღირებულ 15 შეკვრა ბამბუკის პარკეტს, 424,58 ლარად ღირებულ 31.45 გრძივ მეტრ ბამბუკის ლარტყსა („პლინტუსს“) და 445 ლარად ღირებულ 730 კგ შავი მეტალის ნაკეთობებს, რომლებიც დაუდგენელი მოდელის ავტომანქანით გაიტანა სახლიდან. იმავე დღეს ბამბუკის პარკეტი და ლარტყი („პლინტუსი“) 900 ლარად მიჰყიდა გ. ქ-ს, რკინის ნაკეთობები კი 445 ლარად ჩააბარა თ-ში, მ-ის გ-ის №--ში მდებარე შპს „ლ-ის“ ჯართის მიმღებ პუნქტში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 5514,78 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

· თ-ში, მ-ის ქუჩის №-ში მდებარე ა. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ობიექტში მეპატრონის თანხმობით მცხოვრებმა გ. ჭ-მა, მისი არყოფნის ვადით, 2020 წლის 28 ნოემბერს ბინაში დროებით დატოვა ზ. ნ. და გადასცა როგორც ბინის, ასევე სახლის ეზოში შესასვლელი კარის გასაღები. ზ. ნ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად განიზრახა თ-ში, მ-ის ქუჩის - მდებარე ა. ჩ-ის საკუთრებაში არსებულ მშენებარე ობიექტიდან, მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ობიექტზე არსებულ სხვადასხვა სამშენებლო მასალას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2020 წლის 7 დეკემბერს, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის შუალედში, გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად, ფარულად დაეუფლა და, შეთანხმებისამებრ, 15484 ლარად ღირებული 50 შეკვრა ბამბუკის პარკეტი ფ. ბ-ს მიჰყიდა 4500 ლარად, მიღებული თანხა კი გაინაწილეს ურთიერთშორის. 2020 წლის 8 დეკემბერს, ასევე წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად, დაახლოებით 05:15 საათზე, ფარულად დაეუფლა 18271 ლარად ღირებულ 59 ყუთ ბამბუკის პარკეტს, 1948,05 ლარად ღირებულ 144,3 გრძივ მეტრ ბამბუკის ლარტყს („პლინტუსს“), 1140 ლარად ღირებულ 6 ცალ „SANICA-ს“ ფირმის ცენტრალური გათბობის რადიატორს, 340 ლარად ღირებულ „SANICA-ს“ ფირმის აბაზანის 2 საშრობს და 1000 ლარად ღირებულ ცენტრალური გათბობის გამანაწილებელ 38 ონკანს, რაც ფარულად გაიტანეს სახლიდან მეგობრისაგან ნათხოვარი „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სატვირთო ავტომობილით (სახ. -) და, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, განათავსეს თ-ში, ბ. - ქუჩის №--ში ნაქირავებ საწყობში, საიდანაც აღნიშნული სამშენებლო მასალები ამოიღო გამოძიებამ. მთლიანად, ზ. ნ-ი გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად, ფარულად დაეუფლა 109 ყუთ ბამბუკის პარკეტს, 144.30 გრძივ მეტრ ბამბუკის ლარტყს („პლინტუსს“), 38 ცალ ონკანს, „SANICA-ს“ ფირმის 6 ცალ ცენტრალური გათბობის რადიატორსა და აბაზანის 2 ცალ საშრობს, რითიც დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით – 38183,05 ლარის ზიანი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატ პ. გ-ს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი ზ. ნ-ის მიმართ იყო კანონიერი და დასაბუთებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ითხოვს საკასაციო საჩივრის დაშვებას და არსებითად განხილვას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულ ზ. ნ-სთვის პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული სასჯელის განსაზღვრას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სანქციების ფარგლებშია.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ზ. ნ0ს მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ერთი მესამედი, თანახმად საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ჩაუთვალა პირობითად. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის აუცილებელ კრიტერიუმებად აწესებს დანაშაულის აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეთა დასახელებასა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. მართალია, ზ. ნ-მა აღიარა ქურდობის ჩადენა ჯგუფურად, მაგრამ მან არ დაასახელა თანამონაწილეთა ვინაობა, რაც გამორიცხავს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენებას. ამასთან, ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა – ვალდებულება.

10. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების სიმძიმის, ასევე – მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ზ. ნ-ს სააპელაციო სასამართლომ განუსაზღვრა სასჯელის კანონიერი და სამართლიანი ღონისძიება, რომლის შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი პალატას არ გააჩნია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე