Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-440-03 30 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ფულადი ვალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბუთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით კ. ჩ-ეს ჯ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2950 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.

ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ჩ-ემ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო პალატის 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით კ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2002წ. 2 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა კ. ჩ-ის წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელება, ხოლო იმავე წლის 12 დეკემბერს კ. ჩ-ემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება.

სააპელაციო პალატამ სსკ-ს 63-ე, 66-ე და 68-ე მუხლების გამოყენებით, 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით კ. ჩ-ის და მისი წარმომადგენელის განცხადებები დატოვა განუხილველი.

ამ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა კ. ჩ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლომ დაუნიშნა ვადა ხარვეზის შესავსებად. აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი.

სსკ-ს 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემლ საქმეზე დადგენილია, რომ კ. ჩ-ეს ხარვეზის შესავსებად ვადა დანიშნული ჰქონდა 3 ოქტომბრის ჩათვლით. ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო 10 ოქტომბერს სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. კ. ჩ-ის წარმომადგენელმა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს მიმართა 2 დეკემბერს, ხოლო თავად კ. ჩ-ემ განცხადებით, სახელმწიფო ბაჟის განაწილვადების შესახებ, სასამართლოს მიმართა 12 დეკემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიერ განცხადებები შეტანილი იქნა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც სააპელაციო პალატამ სსკ-ს 63-ე მუხლის შესაბამისად დატოვა განუხილველი.

სსკ-ს 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ შეიტანება ამ ვადის გასვლამდე იმ სასამართლოში, რომელშიც უნდა შესრულებულიყო საპროცესო მოქმედება. ვადის გასვლის შემდეგ ასეთ განცხადებას სასამართლო მიიღებს, თუ ცნობს, რომ ვადის გასვლამდე განცხადების შეუტანლობა მოხდა საპატიო მიზეზით.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის საპატიო მიზეზებზე, ხოლო განცხადების შეუტანლობის საპატიო მიზეზებზე ვერ მიუთითებს. აქედან გამომდინარე საპროცესო ვადის აღდგენის საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს საოლქო სასმართლოს პალატის განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კ. ჩ-ის წარმომადგენლის კ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 19 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.