Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-444-03 18 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

პალატამ განიხილა რ. ყ-ს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 დეკემბრის განჩინების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის თაობაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ყ-ს დაევალა მითვისებული მიწის ნაკვეთზე ღობის მოხსნა; სადარბაზოს ცენტრალურ შესასვლელში უნებართვო მიშენების მოშლა; სახანძრო კიბის აღდგენა და უკანონოდ მიშენებული აივნის დანგრევა.

რ. ყ-მ 2002წ. 23 ივლისს სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს.

ვინაიდან აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უმოძრაოდ დატოვა და აპელანტს დაუნიშნა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. მითითებული განჩინება რ.ყ-ს ჩაბარდა 2002წ. 9 დეკემბერს.

2002წ. 16 დეკემბერს რ.ყ-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მას ეკონომიურად არა აქვს ამის საშუალება.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით, განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუშვებლად იქნა მიჩნეული და განუხილველად დარჩა.

2003წ. 30 იანვარს რ.ყ-მ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს. მან მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 26 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა. ამასთან მიუთითა, რომ აღნიშნული განჩინების გაუქმების შემდეგ იგი გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და საქმის მასალებთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტს სააპელაციო საჩივარზე არ ჰქონდა რა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, მისი სააპელაციო საჩივარი სწორად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად და 2002წ. 23 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შესავსებად სწორად დაუნიშნა 10 დღიანი ვადა.

ხარვეზის შევსების თაობაზე გამოტანილი განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2002წ. 9 დეკემბერს. მას 19 დეკემბრის ჩათვლით შეეძლო შეევსო ხარვეზი და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი. მიუხედავად აღნიშნულისა, მან 2002წ. 16 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე.

სააპელაციო სასამრთლოს 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით, განცხადება სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში არ იქნა რა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

მითითებული განჩინების გაუქმების და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევის საფუძველს არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ კი გაუქმდება განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და მისი სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნება დასაშვებად, იგი გადაიხდის სააპელაციო საჩივრისთვის განკუთვნილ სახელმწიფო ბაჟს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

დადგენილებითი ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ყ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 26 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.