გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-454-03 8 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ფართზე ყადაღის დადება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ. ვ-ის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისა და უკანონოდ მითვისებული მედიკამენტებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ.გ-ის სარჩელი; მოპასუხე დ. ვ-ეს დაეკისრა 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა მოსარჩელე ქ.გ-ის სასარგებლოდ.
დ.ვ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქ.გ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას და მოითხოვა მისი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ქ. თბილისში, ... მდებარე ყოფილი “ს-ის” მაღაზიის ფართზე, რომელიც დ. ვ-ეს ეკუთვნის.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. გ-ის განცხადება. ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... მდებარე ყოფილი “ს-ის” მაღაზიის ფართობს, რომელიც ირიცხება დ. ვ-ის სახელზე. სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქ. გ-ის სასარგებლოდ მოპასუხე დ. ვ-ეს 2400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ვ-ემ. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა ქ. გ-ემ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა ყადაღა დადებოდა დ. ვ-ის ბინას. სააპელაციო პალატამ სსკ-ს 191-ე მუხლის საფუძველზე ქ. გ-ის განცხადება დააკმაყოფილა.
შპს “ს-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უ.ჩ-ამ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინებაზე. კერძო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატამ 2002წ. 25 ივნისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უკანონოდ დააკმაყოფილა ქ. გ-ის განცხადება _ ქ.თბილისში, ... მდებარე მათი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო საკუთრების, “ს-ის” ¹39 მაღაზიის ფართზე ყადაღის დადების შესახებ. ქ.გ-ე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ითხოვდა ყადაღა დადებოდა ფიზიკური პირის – დ. ვ-ის ბინას, მაგრამ სასამართლომ ყადაღა დაადო იმ მაღაზიის ფართს, სადაც დ. ვ-ე მუშაობდა დირექტორად, ამით სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 191-ე მუხლის მოთხოვნა. პალატის განჩინებაში არასწორადაა მითითებული, რომ მაღაზიის ფართი დ. ვ-ის საკუთრებაა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა შპს “ს-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უ. ჩ-ს კერძო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინება, ყადაღა მოეხსნა ქ. თბილისში, ... მდებარე “ს-ის” მაღაზიის ფართობს, რომელიც ირიცხება შპს “ს-ის” სახელზე. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
ქ. გ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინების ძალაში დატოვება. მისი კერძო საჩივარი ეფუძნება იმას, რომ სადავო ფართი ამჟამად დ. ვ-ის საკუთრებაა და მან სასამართლოს არასწორი საბუთები წარუდგინა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 15 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა ქ. გ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის გამო და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სსკ-ს 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, საქმეში არ მოიპოვება იმის მტკიცებულება, რომ სადავო ფართი ეკუთვნის დ. ვ-ეს, რის გამოც ამ ფართს სწორად მოეხსნა ყადაღა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. ვ-ეს დაეკისრა ქ. გ-ის სასარგებლოდ 2400 აშშ დოლარის გადახდა ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით. დ.ვ-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა ქ.გ-ემ და მოითხოვა დ.ვ-ის კუთვნილ ბინაზე, მდებარე ქ.თბილისში, ..., ყადაღის დადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით. სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. გ-ის განცხადება და ყადაღა დაედო ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართს.
შპს “ს-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე უ.ჩ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, რომელიც დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის განჩინებით და ყადაღა მოიხსნა სადავო ფართზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ქ. გ-ის კერძო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილე გ. მ-ს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ... განთავსებული ¹39 მაღაზიის ფართი წარმოადგენდა შპს “ს-ის” საკუთრებას, რომლის დამფუძნებელიც და 100% წილის მესაკუთრეა სახელმწიფო, წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სახით.
ზემოაღნიშნულ მისამართზე არსებული ფართი, შემდგომი პრივატიზების მიზნით, სამინისტროს 2002წ. 26 სექტემბრის ¹1-3/692 ბრძანებით ამოღებული იქნა შპს “ს-ის” საწესდებო კაპიტალიდან და 2002წ. 10 ოქტომბრის ¹1-3/726 ბრძანებით შეტანილი იქნა საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. ამდენად, როგორც ირკვევა, სადავო ფართი არ წარმოადგენს დ. ვ-ის საკუთრებას. ამიტომ სააპელაციო პალატამ 2003წ. 15 იანვრის განჩინებაში სწორედ გამოიყენა სსკ-ს 198-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” პუნქტი. ამ ნორმის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. ქ.გ-ეს საქმეში არ წარმოუდგენია იმის მტკიცებულება, რომ სადავო ფართი დ.ვ-ის საკუთრებას წარმოადგენს.
სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სააპელაციო პალატამ კანონიერად გააუქმა ამ ფართზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განჩინებები კანონიერია და ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ნოემბრის და 2003წ. 15 იანვრის განჩინებები.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.