¹3კ-462-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების განახლება, რაიონული სასამართლოდან საქმის გამოთხოვა და ამ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს ,,ე-ის” ლიკვიდატორმა შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა შპს “ვ-ას” ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების შესახებ განჩინების გაუქმება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ექსპერტიზის დანიშვნა, ყადაღადადებული ქონების ნატურით კრედიტორზე გადაცემა.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 ივლისის განჩინებით “ე-ს” უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე იმ მოტივით, რომ იგი სასამართლოში წარდგენილი იყო სამოქალაქო საპროცესო ნორმათა დარღვევით. განცხადების ავტორმა სასამართლოს განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში კერძო საჩივრის განხილვისას “ე-ის” წარმომადგენელმა უარი თქვა კერძო საჩივარზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 10 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა “ე-ის” წარმომადგენელმა, მოითხოვა განჩინების გაუქმება, ლანჩხუთის რაიონის სასამართლოდან 2002წ. 16 თებერვალს და 2002წ. 1 ივლისს განხილული შპს “ვ-”ას” უძრავ-მოძრავ ქონებაზე იპოთეკით დატვირთულ, ასევე ხელშეკრულებით გირაოში ჩადებულ ქონებაზე ყადაღის მოხსნა, აუქციონის არასწორად ჩატარების შესახებ საქმის გამოთხოვა, ამ საქმეზე გამოტანილი განჩინებების გაუქმება და აღნიშნული საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 11 თებერვლის განჩინებით სს “ე-ის” ლიკვიდატორის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა უარი თქვა რა კერძო საჩივარზე, ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და ამდენად, სასამართლომ კანონიერად შეწყვიტა საქმის წარმოება. პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოდან საქმის გამოთხოვისა და ამ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის განხილვისა და დაკმაყოფილების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობით მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ არის დასაშვები და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 იანვრის განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ წარმოადგენს ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებულ განჩინებას და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა მის გასაჩივრებას არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატას უმართებულოდ მიაჩნია 2003წ. 10 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობის მითითება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ე-ის” ლიკვიდატორის წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 10 იანვრის განჩინება.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.