Facebook Twitter

¹3კ-470-03 30 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი. ა. ს-ს ნ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა.

ო. ს-მა განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

განცხადების ავტორის განმარტებით, მის მამას, ა. ს-ს სასამართლოს უწყება არ ჩაბარებია სსკ-ს 70-ე მუხლის პირველი ნაწილის და 73-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო უწყება ა. ს-ისათვის გადასაცემად გადაეცა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელს _ ა. გ-ს. ამ უკანასკნელმა ა. ს-ს უწყება ჩააბარა იმ მომენტში, როდესაც ტვინში სისხლის მიმოქცევის ფუნქციის მოშლის გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა კონტროლი გაეწია საკუთარი ქმედებებისათვის. ამით ისარგებლა ა. გ-მა და ხელი მოაწერინა ა. ს-ს უწყებაზე. ა. გ-მა სასამართლოს არ შეატყობინა, რომ ა.ს-ისათვის დაენიშნათ საპროცესო წარმომადგენელი.

განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 20 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 მარტის განჩინებით ო. ს-ის განცხადება დარჩა განუხილველი მისი დაუშვებლობის გამო იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 1999წ. 14 ნოემბერს ოჯახის სრულწლოვან წევრს და იგი უნდა გაესაჩივრებინა 1999წ. 21 ნოემბრის ჩათვლით. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება ჰქონდა ა. ს-ის უფლებამონაცვლეს, განცხადება კი შემოტანილია მისი შვილის, ო. ს-ის მიერ, ანუ იგი არ არის მხარე, რომელსაც უფლება ჰქონდა მოეთხოვა გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განცხადება ბათილობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შემოტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში ამ საფუძვლის შეტყობის დღიდან. განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ა. ს-ის ქმედუუნარობას, რაც იმათავითვე იყო ცნობილი. ამდენად, თუ ისინი იქნებოდნენ სათანადო მხარეები მათ მიერ მაინც გაშვებულია გასაჩივრების ვადაც.

აღნიშნულ განჩინებაზე ო. ს-ის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 6 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა სააპელაციო პალატის 6 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინებით ო. ს-ის განცხადება დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მის მიერ დაირღვა სსკ-ს 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რომლის ათვლაც იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ო. ს-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა ო. ს-ის კერძო საჩივარი და მიიჩნია რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 426-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, თითქოს მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სასამართლო უწყების არსებობისა და საქმის სააპელაციო ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით ცნობილი გახდა განცხადების შეტანამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 2001წ. სექტემბრის შუა რიცხვებში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ არა თუ უწყებების ჩაბარებისა და სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელების შესახებ, არამედ უკვე სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე მისი ოჯახის წევრისათვის, გ. ს-ისათვის, 1999წ. 14 ნოემბრისათვის იყო ცნობილი და მანვე იტვირთა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გადაცემა მამისათვის, ა. ს-ისათვის.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის იმ მოსაზრებას, რომ ო. ს-ისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ, ცნობილი გახდა 2000 წელს, როდესაც მათთან აღმასრულებელი მივიდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 13 დეკემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.