Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1383აპ-23 თბილისი

ჯ. გ., 1383აპ-23 11 მარტი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივლისის განაჩენით გ. ჯ-ი, - ნასამართლობის არმქონე, გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 5 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი) – 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ. ჯ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა დაკავების მომენტიდან – 2022 წლით 19 დეკემბრიდან. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება (2 ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლის 5 ნოემბერს თ-ში, ზ-ს უ-ი, --- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჯ-მა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, 0,0487 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. ნ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

· 2022 წლის 11 ნოემბერს თ-ში, ზ-ს უ-ში, - კვარტლის -- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჯ-მა მის მიერვე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება, 0,0285 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. ნ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ჯ-ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებული განაჩენის შესახებ წარმოდგენილ მოტივებსა და დასაბუთებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების 2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდშიც გ. ჯ-ის გამართლების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის – მოწმეების: ა. ნ-ის, ა. გ-ის, გ. თ-ისა და სხვათა ჩვენებები, ფულადი თანხის გადაცემის ოქმები, ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, 2022 წლის 10 ნოემბრის ქვითარი, ქიმიური, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნები და საქმეში არსებული სხვა მასალები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ჯ-ის მიერ ა. ნ-ზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდი).

8. მსჯავრდებულისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ემსახურება კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გ. ჯ-მა და ა. ნ-მა შეაგროვეს ფული და ერთად, ჯგუფურად შეიძინეს და შეინახეს ნარკოტიკული საშუალება პირადი მოხმარების მიზნით. კანონმდებლობით უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის სხვა პირისათვის უკანონო გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე – საზღაურის გარეშე (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა, გასესხება და ა.შ.). იგი დამთავრებულად ჩაითვლება სხვა პირზე მისი გადაცემისას. თავად კასატორმაც არ უარყო გ. ჯ-ის მიერ ა. ნ-ისათვის ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტი. ა. ნ-მა დაკითხვისას დეტალურად განმარტა, თუ როგორ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან, ავტომობილი (რომელიც ეკუთვნოდა სამართალდამცავ ორგანოებს) აღიჭურვეს სპეციალური ჩამწერი მოწყობილობით, ტელეფონით დაუკავშირდა გ. ჯ-ს, რომლის მითითებულ ანგარიშის ნომერზე გადაურიცხა პოლიციის მიერ გადაცემული ფული – 200 ლარი – და მოგვიანებით მისგან მიიღო ნარკოტიკი, რომელიც გადასცა სამართალდამცავებს; გ. ჯ-მა იცოდა, რომ წარსულში იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი; მოქალაქეობრივი ვალდებულებიდან გამომდინარე, სხვა პირებიც უმხელია ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტებთან დაკავშირებით.

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გ. ჯ-ის მიმართ 2022 წლის 11 ნოემბრის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ გ. ჯ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს,

10. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებს არგუმენტირებული პასუხები გასცა. გარდა ამისა, მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებები: №599აპ-21, №807აპ-22, №215აპ-19), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და დაცვის მხარემ ვერ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.

11. დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ა. ნ-ი არის აგენტ-პროვოკატორი, რომელმაც მსჯავრდებულს მოუწყო დანაშაულის პროვოკაცია, საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატა ამ საკითხზე განაჩენში დეტალურად მსჯელობს, კერძოდ: საქმის მასალებით გამოკვეთილია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ხელი არ შეუწყვიათ დანაშაულის ჩადენაში, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით და ამ გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოძიებით, ვინაიდან ცალსახად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა მას შემდეგ, რაც გ. ჯ-მა ა. ნ-ს შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იგი წინასწარ იყო განწყობილი დანაშაულის ჩასადენად. არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება სამართალდამცავი ორგანოს მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის ინიცირება, რაც, ცხადია, საფუძველს აცლის დანაშაულის პროვოკაციის შესახებ დაცვის მხარის არგუმენტს.

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას კასატორი, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, ადვოკატი საჩივარში არ უთითებს. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნას ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

სამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე