გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-488-03 2 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. კ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებაზე.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2001წ. აგვისტოში მ. გ-ემ ი. კ-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეს დაეკსროს 11741,2 აშშ დოლარი, სახელმწიფო ბაჟი 470 ლარი და მოხდეს იპოთეკის დატვირთული ქონების რეალიზაცია.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ი.კ-ეს მ.გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 11741,2 აშშ დოლარი და სასამართლო ხარჯები 470 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 ივნისის განჩინებით საქმეზე შეწყდა წარმოება და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი. მოპასუხე ი. კ-ემ ვალდებულება იკისრა, რომ მორიგების აქტის დამტკიცებიდან ექვსი თვის ვადაში – 2002წ. 20 დეკემბრამდე _ მ. გ-ეს გადაუხდიდა 11741,2 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და გადახდილ სახელმწიფო ბაჟს – 470 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მორიგებით დადგენილ ვადაში ი.კ-ე არ გადაიხდიდა აღნიშნულ თანხას, იგი თანახმა იყო, აუქციონზე იძულებითი წესით გაყიდულიყო მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარე ... თბილისში.
აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და იგი კანონიერ ძალაში შევიდა.
2002წ. 17 დეკემბერს ი. კ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და ითხოვა 263-ე მუხლის თანახმად 2003წ. 12 მაისამდე განჩინების აღსრულების გადადება იმ მოტივით, რომ მან დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა მორიგების პირობები, რის გამოც მისი საცხოვრებელი ბინა უნდა გაიყიდოს აუქციონზე. მის მრავალსულიან ოჯახს სხვა ბინის დაქირავების ეკონომიური პირობები არ გააჩნია.
მ. გ-ე არ დაეთანხმა აღსრულების გადადებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 26 დეკემბრის განჩინებით ი. კ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სსკ-ს 263-ე მუხლით დადგენილი პირობები განჩინების სააღსრულებო გადადების შესახებ.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.კ-ემ და ითხოვს განჩინების გაუქმებას და განცხადების დაკმაყოფილებას.
პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 263-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით გადადოს ან განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების (განჩინების)G აღსრულება არ უნდა გადაიდოს, რადგან განმცხადებლის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის საფუძვლიანი. ის გარემოება, რომ განმცხადებელს (მოვალეს) არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს აღსრულების გადადების საფუძვლად. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განსაზღვრულია აღსრულების წესი, საშუალება და ვადა, თუ რა დროისათვის უნდა იქნეს თანხა დაფარული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი იძულებით აღსრულება.
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 დეკემბრის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.