საქმე N 160100122005562212
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1314აპ-23 22 მარტი, 2024 წელი
ა-ი ა. №1314აპ-23 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ს ყურძნის მეურნეობაში მდებარე ი. ა–ს კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ა. ა–მა, გასაღების გადაცემის და სახლიდან წასვლის მოთხოვნის გამო წამოჭრილი კონფლიქტის დროს, მხარში მუშტის დარტყმით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის – ფ. ა–ს მიმართ, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. ქ. მ–მ (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
2022 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 15:20 საათზე, მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ს ყურძნის მეურნეობაში მდებარე მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის ეზოში, ქ. მ–მ სახლიდან წასვლის მოთხოვნის გამო წამოჭრილი კონფლიქტის დროს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წელის არეში ფეხი დაარტყა მეუღლის ი. ა–ს დედას – ფ. ა–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა 2022 წლის 1 თებერვალს ა. ა–სა და ქ. მ–ს მიერ ფ. ა–ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტები.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენით, ა. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
ქ. მ–მ ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.
2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა. ა–ს და ქ. მ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 17 ნოემბერს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, გიორგი სახიაშვილმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ა–ს და ქ. მ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა ფ. ა–მ სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ ქ. მ–მს მიერ განხორციელებული დანაშაულის შესახებ, ვითარების აღდგენის და ვიზუალური დათვალიერების ოქმებითაც იგივე ფაქტობრივი გარემოებები იქნა დადგენილი. გამომძიებლებმა – ბ. ა–მა და ი. ნ–მა კი დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა. ა–ს და ქ. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის დასადასტურებლად.
5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ა. ა–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ფ. ა–მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის – ა. ა–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. ამასთან, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა ა. ა–ს მხრიდან მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა ა. ა–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშაულის ჩადენას სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
5.4. რაც შეეხება ქ. მ–ს ბრალდებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება სავალდებულო უტყუარობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თავდაპირველად განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქალიშვილთან. სახლში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც დაურეკეს და შეატყობინეს სახელმწიფო დახმარების გაცემის შესახებ. როდესაც მ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ყ–ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში მივიდა, კარზე ბოქლომი და საკეტი შეცვლილი დახვდა. რძალი არ უშვებდა შიგნით, ეკითხებოდა მოსვლის მიზეზს და წასვლისკენ მოუწოდებდა. ამის გამო აუწია შაქარმა და გახდა ცუდად. იგი ტანსაცმელს ალაგებდა, რა დროსაც რძალმა ხელი ჰკრა და დაეცა. მან დაურეკა ქალიშვილს, რომელმაც პოლიცია გამოიძახა. პროკურორის შეკითხვაზე, მან კვლავ განმარტა, რომ რძალმა – ქ. მ–მ მას მხოლოდ ხელი ჰკრა, რის შედეგადაც მუხლებზე დაეცა. აღნიშნულის შემდეგ პროკურორის მიერ გამოქვეყნდა გამოკითხვის ოქმიდან ამონარიდი: „ამ დროს ჩემმა რძალმა ქ. მ–მ მოულოდნელად უკნიდან ფეხი დამარტყა წელის არეში რათა გავსულიყავი ეზოდან, დარტყმის შედეგად განვიცადე ფიზიკური ტკივილი“. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა ფ. ა–სმ. დაცვის მხარის შეკითხვებზე დაზარალებულმა განმარტა, რომ არანაირ დახმარებას არ იღებს და საცხოვრებელ სახლში მისი ნივთების – ავეჯის, საბნის და ლეიბის შესმოწმებლად მივიდა, თუმცა სახლში არ შეუშვეს. მეზობლები ჩხუბის მერე მივიდნენ. კონფლიქტის დროს მისი შვილი ი–ი სახლში იმყოფებოდა, თუმცა იგი ჩხუბში არ ჩარეულა. რძალთან სიტყვიერი კამათი უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ მისი რძალი ბავშვს ვერ აჩენს. მისი განაწყენება კი საკუთარი სახლიდან გაგდებით იყო გამოწვეული. დაზარალებულის პოზიციით, მას სურს რძლის დასჯა, რადგან მისი ნაყიდი სახლიდან გააგდო.
5.5. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ქამილა მამედოვას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება – დაზარალებულ ფ. ა–ს არადამაჯერებელი და არათანმიმდევრული ჩვენება, ხოლო მისი ნათქვამის საპირწონედ წარმოდგენილია ქ. მ–მს ჩვენება, რომელიც უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და თვითმხილველი მოწმეების – ი. ა–ს, ს. ს–ს, კ. ვ–ს, ხ. ს–ს ჩვენებები, რომლებმაც არ დაადასტურეს ქ. მ–ს მიერ ფ. ა–ს მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 4 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით, ფ. ა–ს (01.02.2022წ.) ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ წარმოდგენილა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლის ნორმების სრული დაცვით შეაფასა მტკიცებულბები და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება.
5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არათუ არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა ქ. მ–ს დამნაშავედ ცნობისათვის.
5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.9. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ ოჯახში ძალადობის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მიღწეულია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.
5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.
5.12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე