Facebook Twitter
საქმე N 190100122005561945

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №1379აპ-23 25 მარტი, 2024 წელი
ბ–ი ე., №1379აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ე. ბ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში საქართველოს სსკ-ის) 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, დიდი ოდენობით) და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ი.მ. გ. ვ–ს (პ/ნ ............) 2019 წლის 8 აპრილის შუალედური საგადასახადო აქტის საფუძველზე, ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 180450 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 120300 ლარი, ხოლო ჯარიმა 60150 ლარი. დარიცხვა გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის თებერვლის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ-ს გრაფაში მითითებული ჰქონდა დღგ 151624,98 ლარი, აქედან 31324,98 ლარი იყო დარიცხული დღგ ადგილობრივი მომწოდებლებისთვის, ხოლო 120300 ლარი - საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ოპერაციაზე, რაც იყო უსაფუძვლო. აღნიშნული საფუძვლით დღგ-ს ჩათვლა გაუუქმდა და დაერიცხა ძირითადი გადასახადი 120300 ლარი. მეწარმის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 01 თებერვლიდან, 2018 წლის 01 მარტამდე. შუალედური აქტის მიხედვით, 2018 წლის თებერვლის დღგ-ს დეკლარაციაში მეწარმეს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ 120300 ლარით. დღგ-ს დეკლარაციით, მეწარმეს დღგ-ს გადასახადი შემცირებული აქვს 118638 ლარით, რაც აისახა მის ბარათზე და აღნიშნული აქტივით მან გაქვითა არსებული დავალიანება, ძირითადი გადასახადის სახით 69620,88 ლარის ოდენობით, ჯარიმა 31566 ლარის ოდენობით და საურავი 15616,53 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შედეგად გადამხდელის ბარათზე დარჩა ზედმეტობა 1834,59 ლარი, რაც ასევე გამოყენებულ იქნა საწარმოს მიერ. მეწარმის მიერ სრულად იქნა გამოყენებული უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს აქტივი 120300 ლარის ოდენობით. ი.მ. „გ. ვ–ს“ ბუღალტერმა ე. ბ–მა 2018 წლის თებერვლის დღგ-ს დეკლარაციაში გამიზნულად შეიყვანა არასწორი ინფორმაცია, რათა გაეზარდა დღგ-ს ჩასათვლელი თანხა და წარმოშობილი ზედმეტობით გაენულებინა ბარათზე არსებული დავალიანება 118638 ლარი. 2018 წლის დღგ-ს დეკლარაციის წარდგენის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეექმნა დღგ-ს აქტივი 120300 ლარი, რაც გამოყენებულ იქნა არსებული დავალიანების გაქვითვის მიზნით.

1.3. ი.მ. გ. ვ–სს (პ/ნ .............) 2019 წლის 8 აპრილის შუალედური საგადასახადო აქტის საფუძველზე, ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა 180450 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 120300 ლარი, ხოლო ჯარიმა 60150 ლარი. დარიცხვა გამოწვეულია იმით, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის თებერვლის დეკლარაციაში ჩასათვლელი დღგ-ს გრაფაში მითითებული ჰქონდა დღგ 151624,98 ლარი, აქედან 31324,98 ლარი იყო დარიცხული დღგ ადგილობრივი მომწოდებლებისთვის, ხოლო 120300 ლარი - საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების ოპერაციაზე, რაც იყო უსაფუძვლო. აღნიშნული საფუძვლით დღგ-ს ჩათვლა გაუუქმდა და დაერიცხა ძირითადი გადასახადი 120300 ლარი. მეწარმის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 01 თებერვლიდან, 2018 წლის 01 მარტამდე. შუალედური აქტის მიხედვით, 2018 წლის თებერვლის დღგ-ს დეკლარაციაში მეწარმეს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ 120300 ლარით. დღგ-ს დეკლარაციით, მეწარმეს დღგ-ს გადასახადი შემცირებული აქვს 118638 ლარით, რაც აისახა მის ბარათზე და აღნიშნული აქტივით მან გაქვითა არსებული დავალიანება, ძირითადი გადასახადის სახით 69620,88 ლარის ოდენობით, ჯარიმა 31566 ლარის ოდენობით და საურავი 15616,53 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შედეგად გადამხდელის ბარათზე დარჩა ზედმეტობა 1834,59 ლარი, რაც ასევე გამოყენებულ იქნა საწარმოს მიერ. მეწარმის მიერ სრულად იქნა გამოყენებული უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს აქტივი 120300 ლარის ოდენობით. ი.მ. „გ. ვ–ს“ ბუღალტერმა ე. ბ–მა 2018 წლის თებერვლის დღგ-ს დეკლარაციაში გამიზნულად შეიყვანა არასწორი ინფორმაცია, რათა გაეზარდა დღგ-ს ჩასათვლელი თანხა და წარმოშობილი ზედმეტობით გაენულებინა ბარათზე არსებული დავალიანება 118638 ლარი. 2018 წლის დღგ-ს დეკლარაციის წარდგენის შედეგად, გადასახადის გადამხდელს შეექმნა დღგ-ს აქტივი 120300 ლარი, რაც გამოყენებულ იქნა არსებული დავალიანების გაქვითვის მიზნით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ბ–ის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილი ზედმეტად ჰქონდა წარდგენილი.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენით, ე. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

ე. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ე. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ნოემბრის განაჩენი ე. ბ–ს მიმართ დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 17 ნოემბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ქეთევან სონიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. ბ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ე. ბ–ს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გამართლებასთან დაკავშირებით უკანონო და დაუსაბუთებელია. ე. ბ–ი წარმოადგენდა ინდ. მეწარმე ,,გ. ვ–სს“ ბუღალტერს, რომელსაც სამსახურებვრივად ევალებოდა ბუღალტრული საქმიანობა კანონის ფარგლებში. ინდ. მეწარმე ,,გ. ვ–ა“, როგორც საწარმოს დირექტორი, პასუხს აგებდა საწარმოს საქმიანობისათვის, მათ შორის, ფინანსური ვალდებულებებისთვისაც სახელმწიფოს წინაშე. საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გამოძიება სწორედ ინდ. მეწარმე ,,გ. ვ–ს“ მიერ გადასახედებისათვის თავის არიდების ფაქტზე დაიწყო. თუმცა, დანაშაულის შემადგენლობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა გადასახადების ის ოდენობა, რომელსაც თავი აარიდა მეწარმემ. ამასთან დადგინდა, რომ სახელწიფომ მიიღო დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი იმ გადასახადების უსაფუძვლოდ გაქვითვის გამო, რაც საწარმოს მის წინაშე ეკისრებოდა და რისი ანულირებაც ე. ბ–მა მოახერხა ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის შექმნის გზით. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რომ, ვინაიდან ე. ბ–ის არ მიუღია მოგება და იყო ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად დაქირავებული პირი, იგი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის სუბიექტად, რადგან ზემოხსენებული მუხლი სპეციალურ სუბიექტს არ იცნობს, ხოლო დანაშაული დამთავრდა მაშინ, როცა სახელწიფომ ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძვლზე შექმნილი დღგ-ს აქტივის გამო თანხები დაურიცხა ინდ. მეწარმე ,,გ. ვ–ს“ და არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს შემდეგ რა მიზნით განიკარგა ეს თანხები და ვინ მიიღო მისგან სარგებელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით ე. ბ–ს გამართლების შესახებ და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ–ი დასაქმებული იყო ი.მ. ,,გ. ვ–სთან“ ბუღალტერის პოზიციაზე და მის მოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო-სააღრიცხვო საქმიანობა, დეკლარაციების შევსება, გაგზავნა. მსჯავრდებულის განმარტებით, მან საწარმოს დავალიანების გაქვითვის მიზნით არასწორი ინფორმაცია შეიტანა 2018 წლის თებერვლის დღგ-ს დეკლარაციაში და გაზარდა დღგ-ს ჩასათვლელი თანხა, შესაბამისად გადასახადის გადამხდელს ი.მ. „გ. ვ–ს“ შეექმნა დღგ-ს აქტივი 120300 ლარის ოდენობით და განულდა დარიცხული დავალიანება.

5.3. ქონებრივი დაზიანება მოტყუებით გულისხმობს იმას, რომ დამნაშავე უფლებამოსილ მხარეს არ აძლევს კუთვნილ სარგებელს, რა დროსაც დაზარალებულის ქონება არ მცირდება, მაგრამ ზიანი ადგება აცდენილი მოგების სახით. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტია პირი, რომელმაც დაზარალებულს არ მისცა კუთვნილი სარგებელი/მოგება.

5.4. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ინდ. მეწარმისთვის დარიცხული დავალიანების გადახდაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს მხოლოდ გადასახადის გადამხდელი, ხოლო ყალბი დღგ-ს აქტივის შექმნით ე. ბ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამიად, ე. ბ–ი ვერ ჩაითვლება ამ დანაშაულის სუბიექტად. მართალია, დარიცხული დავალიანების გაქვითვით საგადასახადო ორგანოს (სახელმწიფოს) მიადგა 118638 ლარის ზიანი, თუმცა პასუხისმგებლობის დაკისრების თვალსაზრისით ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ქმედება, რომლითაც შეიქმნა ყალბი აქტივი და ქმედება, რომლითაც არ მოხდა დარიცხული დავალიანების გადახდა. ყალბი აქტივის გზით დავალიანების გაქვითვა არ გულისხმობს ერთსადაიმავე პირის პასუხისმგებლობას, ვინაიდან თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავდება სუბიექტის მიხედვით. შესაბამისად, ე. ბ–ს მიერ ყალბი აქტივის შექმნა დამატებით საქართველოს სსკ-ს 185-ე მუხლით კვალიფიკაციას არ საჭიროებს.

5.5. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ქეთევან სონიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ნინო სანდოძე




მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი




ლევან თევზაძე