Facebook Twitter

¹3კ-498-03 27 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

დავის საგანი: იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტვილებით მ. მ-ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ 11280 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. გადაუხდელობის შემთხვევაში მ. მ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ..... თბილისში, იძულებითი წესით აუქციონზე გასაყიდად მიექცა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 5 დეკემრის განჩინებით აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ათდღიანი ვადა მიეცა, ხოლო 2003წ. 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.

მ. მ-ე კერძო საჩივრით ითხოვს 2003წ. 8 იანვრის განჩინების გაუქმებას, საქმის წარმოების განახლებას და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას საქმის განხილვამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების თაობაზე განჩინება გაეგზავნა და 2002წ. 21 დეკემბერს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესის მიხედვით. აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მ. მ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მან სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო გადახდისუუნარობის გამო, პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების მოთხოვნით მას სასამართლოსთვის უნდა მიემართა სააპელაციო საჩივრის წარდგენისას, ან სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნულ ვადაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 8 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.