3კ-504-03 20 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. წიქვაძე
აღწერილობითი ნაწილი:
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “ა-ის” მარტვილის ფილიალის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სს “ბ-ას” ,,ა-ის” მარტვილის ფილიალის სასარგებლოდ 11229 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ბ-ას” დირექტორმა ფ. მ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 3 იანვრის განჩინებით აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარს არ ჰქონდა დართული სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აპელანტმა სასამართლოში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სსკ-ს 48-ე მუხლის თანახმად. განცხადებას თან ერთვის ,,ს-ის” მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ სს “ბ-ას” ანგარიშზე თანხები არ ერიცხება. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადავადება და 2003წ. 31 იანვრის განჩინებით სს “ბ-ას” დირექტორ ფ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს “ბ-ას” დირექტორმა ფ. მ-ამ. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სსკ-ს 48-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეთა მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, მის მიერ ბანკიდან წარმოდგენილი ცნობა, რომლის თანახმად სს “ბ-ას” ანგარიშზე ერთი ლარიც კი არ გააჩნია, მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველია. სასამართლო არ მიუთითებს, მიზანშეწონილად რატომ არ მიაჩნია ბაჟის გადახდის გადავადება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ს 48-ე მუხლი სასამართლოს უფლებას აძლევს, მხარე გაათავისუფლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და არ ავალდებულებს მას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს განჩინებაში ისევე, როგორც გადაწყვეტილებაში, მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სსკ-ს 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს ან გაუნაწილვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა, ანდა შეამციროს ხარჯების ოდენობა.
აღნიშნული ნორმის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საკითხის განხილვისას სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაედოს მხარის ქონებრივი მდგომარეობა.
მართალია, ამ ნორმის მიხედვით დადგენილია, რომ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია და არ არის ვალდებული მხარეს მიანიჭოს შეღავათები, მაგრამ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მიუთითოს, რატომ იყენებს ან რატომ არ იყენებს თავის უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება, მაგრამ სასამართლომ არ განსაზღვრა რაში მდგომარეობს “მიზანი”, რომლის გათვალისწინებით მხარეს უნდა გადაედოს ან არ გადაედოს ბაჟის გადახდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მხარეს უნდა გადაევადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან მას წარდგენილი აქვს მტკიცებულება მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ და სხვა რაიმე მტკიცებულებებზე, რომელიც საჭირო იყო მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად, სასამართლოს არ მიუთითებია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ბ-ას” დირექტორის ფ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 31 იანვრის განჩინება.
სს “ბ-ას” გადაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სააპელაციო საჩივრის განხილვამდე.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.