Facebook Twitter

¹3კ-508-03 30 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,

ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადება.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს “ჯ-ის” საკუთრებასა და შპს “ს-ის” განკარგულებაში არსებულ 800 ტონა შავი ლითონის ჯართს, რომელიც განთავსებულია ქ. ფოთის სამხედრო საზღვაო ნავსადგურში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, თუ შპს “ჯ-ის” კუთვნილ 800 ტონა ჯართს არ დაედება ყადაღა, მოსალოდნელია მისი გასხვისება, რაც ნამდვილად გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილები და ქონების ნუსხა, რომელიც უზრუნველყოფს მოპასუხის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუკი მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგება და სსკ-ს 191-ე, 199-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით ყადაღა დაადო მოპასუხეს საკუთრებაში არსებულ 800 ტონა შავი ლითონის ჯართს.

კერძო საჩივრის ავტორებმა _ შპს “ჯ-ის” წარმომადგენელ ფ. ო-ს რწმუნებულმა და შპს “ჯ-ის” და ფრანჩესკო ოლმოს წარმომადგენელმა მოითხოვეს მითითებული განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი საგარანტიო წერილები საგარანტიო წერილის გამცემი პირის მიმართ არ ქმნის არავითარ ვადებულებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაასხვისებენ განცხადებაში მითითებულ ქონებას. ამასთან, სსკ-ს 57-ე მუხლის შესაბამისად, ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდის დადებით ან რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობით, რაც ლ.ჯღარკავას სასამართლოში არ წარუდგენია. ამასთან, ვინაიდან სარჩელი წარდგენილია ფ. ო-ს წინააღმდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღის დადება იურიდიული პირის ქონებაზე გაუმართლებელია.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 18 თებერვლის განჩინებით კერძო სარჩელები არ დაკმაყოფილდა და საქმესთან ერთად შემდგომი განხილვის მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა კერძო საჩივრების ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 191-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს პირს, რომელიც მიმართავს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, მეორე მხარისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. მოცემული ნორმის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მოთხოვნა დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე, ეს სასამართლოს უფლებაა და არა – მოვალეობა.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მეორე მხარისათვის საჭირო არ იყო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ამიტომ ჯართზე ყადაღის დადების დროს იხელმძღვანელა სსკ-ს 191-199-ე და 284-285-ე მუხლებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს არ არის სავალდებულო სსკ-ს 57-ე მუხლის შესაბამისად მეორე მხარის მიერ თავისი მოთხოვნის ფულადი თანხით ან ფასიანი ქაღალდით უზრუნველყოფა. ნორმაში მითითებული უზრუნველყოფის ამ სახით განხორციელება მხოლოდ მაშინ იქნება აუცილებელი, თუკი სასამართლო, სსკ-ს 199-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნევს მეორე მხარისაგან უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებას.

ის გარემოება, რომ სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ჯღარკავასათვის არ მოეთხოვა მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, არ შეიძლება მოცემულ საქმეზე მიღებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდეს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს სასამართოს უფლება იყო და არა – მოვალეობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გააჩნდა უფლება მოპასუხის ქონება დაეყადაღებინა, რადგან მართლაც არსებობს იმის საფუძველი, რომ ასეთი ღონისძიების მიუღებლობამ შეიძლება გააძნელოს და შეუძლებელიც კი გახადოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება.

კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ დაასაბუთეს, თუ რატომ შეიძლება მოიხსნას ყადაღა და თუკი მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საფრთხე არ შეექმნება გადაწყვეტილების აღსრულებას.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს სარჩელი აღძრულია კერძო პირის და არა შპს “ჯ-ის” წინააღმდეგ, ვინაიდან სარჩელში ფ. ო-ო მითითებულია არა როგორც კერძო პირი, არამედ, როგორც იურიდიული პირი – შპს “ჯ-ის” წარმომადგენელი.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მოპასუხედ სწორად მიიჩნია შპს “ჯ-ი”.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “ჯ-გის” წარმომადგენელ ფ. ო-ს რწმუნებულ ნ. ფ-ისა და შპს “ჯ-ისა” და ფ. ო-ს წარმომადგენელ ი. ბ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.