Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-513-03 8 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ. კ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.ბათუმის ¹4 სახელმწიფო სანოტარო კანტორის 1993წ. 24 ივნისის ¹4253 მოქმედება, რომლითაც ტ. კ-სა და მოპასუხე ფ. ვ-ს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ბინაზე მდებარე ქ.ბათუმში, ... ტ.კ-ს უფლებამონაცვლეს ა. გ-ეს გადახდა 1240 ლარი მოპასუხე ფ. ვ-ს სასარგებლოდ, რაც შეადგენს ამ უკანასკნელის მიერ სადავო ბინის შესყიდვასთან დაკავშირებით გადახდილი თანხის 330000 მანეთის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ფ. ვ-მ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის განჩინებით აპელანტ ფ. ვ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებად მიეცა ვადა, რაც განისაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის განჩინებით ფ. ვ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტმა ფ. ვ-მ არ შეავსო ხარვეზი, არ გადაიხადა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი, რაც შეადგენდა სადავო თანხის 1240 ლარის 3%-ს, 37 ლარს ამასთან არ არსებობდა სსკ-ს 47-ე მუხლის თანახმად ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველი, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. ვ-მ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: იგი არის პენსიონერი, პენსიის – 14 ლარის გარდა არავითარი შემოსავალი არ გააჩნია, მოცემულ საქმეზე მას ბაჟი რამდენიმეჯერ აქვს გადახდილი მიუხედავად იმისა, რომ ბაჟი საერთოდ არ უნდა გადაეხადა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 11 მარტის განჩინებით ფ. ვ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 7 ივნისის განჩინებით ფ. ვ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 თებერვლის განჩინება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

ამის შემდეგ, ფ. ვ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლით: უზენაესმა სასამართლომ იგი გაანთავისუფლა ბაჟის გადახდისაგან, ამიტომ საქალაქო, ასევე უმაღლესი სასამართლოების მოთხოვნა ბაჟის გადახდის თაობაზე უსაფუძვლოა. გარდა ამისა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1994წ. 18 ივლისის თარიღით ბათუმის საქალაქო სასამართლოში ტ. კ-ს სახელით შეტანილი სასარჩელო განცხადება სხვა პირის მიერაა დაწერილი, ამიტომ აღნიშნული განცხადება ყალბია, იგი მისი აზრით დაწერილია ავთანდილ გ-ის მიერ. განცხადების შედგენის მომენტისათვის ტ. კ-ო ცოცხალი იყო და ა.გ-ე ვერ იქნებოდა მისი უფლებამონაცვლე. ამას გარდა, ტ. კ-მ ორი დამატებითი განცხადება შეიტანა მოცემულ საქმეზე და მოითხოვა წარმოების შეწყვეტა, თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ იგი გარეშე პირებმა შეიყვანეს შეცდომაში და ადავეს. განმცხადებელმა განმარტა, რომ ტ. კ-ს აღნიშნული განცხადების შესახებ მან არაფერი იცოდა, რადგან სასამართლოს მისთვის არ გადაუცია განცხადების ასლები. კ-ს განცხადებები სარჩელზე უარის თქმის შესახებ არ ყოფილა განხილული სასამართლო სხდომებზე საჯაროდ, რითაც დარღვეულია სსკ-ს მე-4 და 272-ე მუხლის “გ” და “დ” პუნქტების მოთხოვნები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო განმცხადებელმა მოითხოვა მის მიერ 1993 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეტანილი განცხადების განხილვა ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით ფ. ვ-ს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უსაფუძვლობის გამო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ფ. ვ-ს მიერ მითითებული გარემოებები არ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებად და სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე არ დააკმაყოფილა მისი განცხადება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ფ. ვ-მ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით ფ. ვ-ს საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად, ვ-ს მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ჩაბარების დღიდან სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის განჩინებით ფ. ვ-ს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფ. ვ-მ და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლით: იგი არის პენსიონერი, ავადმყოფი, 14 ლარი პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია, ეკონომიურად მძიმე მდგომარეობაშია და არა აქვს არანაირი სახსრები, რომ გადაიხადოს დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით ფ. ვ-ს კერძო საჩივარი (განცხადება) არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის და 25 თებერვლის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. ვ-ს სააპელაციო საჩივარი ბაჟის გადაუხდელობის გამო დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა.

სააპელაციო სასამართლომ თავის განჩინებაში სწორად მიუთითა, რომ არ არსებობს ფ. ვ-ს სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების კანონით დადგენილი საფუძვლები, თუმცა თავის 2003წ. 25 თებერვლის განჩინებაში აღნიშნა, რომ ფ. ვ-მ უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი 360 აშშ დოლარი, რადგან საქმის მასალების მიხედვით (აუდიტის დასკვნით) სადავო საგნის ღირებულება შეადგენს 12065 აშშ დოლარს, რომლის 3% _ 360 აშშ დოლარია და საკმარისად არ ჩათვალა ფ. ვ-ს მიერ გადახდილი 30 ლარი.

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში, რომლის გაუქმებასაც ფ. ვ-ა ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სადავო სახლი შეფასებულია 1240 ლარად, სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნება დაევალა ა. გ-ეს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფ. ვ-ს მოთხოვა რა სახელმწიფო ბაჟის გადახდა აუდიტის დასკვნის შესაბამისად, ამით უგულვებელყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

საქმის ხელახლა განხილვის დროს სააპელაციო სასამართლომ ფ. ვ-ს სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი უნდა დააკისროს იმ თანხის 3%, რაც აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 12 ნოემბრის გადაწყვეტილებაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ფ. ვ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 9 იანვრის და 25 თებერვლის განჩინებები და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.