Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-515-03 27 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ნ. კვანტალიანი,

მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ზ-ის მიმართ ქ. ბათუმში, ... არსებული საცხოვრებერლი სახლიდან წილის გამოყოფის და საკუთრების უფლებით შესახლების თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ზ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის განჩინებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის საფუძველზე საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნულზე ჯ., ფ. და მ. ზ-ეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე დაუშვებლობის გამო, რადგან ჯ. ზ-ეს გაშვებული ჰქონდა გასაჩივრების ვადა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც აღნიშნული განჩინება დატოვა უცვლელად. რაც შეეხება ფ. და მ. ზ-ეების მოთხოვნას, საკასაციო პალატამ დატოვა განუხილველად, რადგანაც ისინი საქმეში მხარეებად არ მონაწილეობდნენ.

ჯ. ზ-ემ 2002წ. 25 დეკემბერს ისევ შეიტანა განცხადება აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში და მოითხოვა ბათუმის სასამართლოს 2002წ. 12 თებერვლის გადაწყვეტილებისა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. მან აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკანონოდ იყვნენ ამორიცხული ფ. და მ. ზ-ეები საქმიდან, როგორც მოპასუხეები. როგორც პირველ, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში ფ. და მ. ზ-ეები საქმეში არ მონაწილეობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ჯ. ზ-ე ამტკიცებდა მათი საქმეში მონაწილეობის აუცილებლობას, რაც არ გაუზიარებია სასამართლოს და უფრო მეტიც სააპელაციო სასამართლოს ისინი საერთოდ არ გამოუძახებია პროცესზე. ეს კი თავისთავად გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს ქმნის, რამდენადაც სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი თუ ერთ-ერთი მხარე ან კანონიერი წარმომადგენელი არ იყო პროცესზე მოწვეული. ჯ. ზ-ემ განმარტა, რომ ფ. და მ. ზ-ეების საქმეში მხარეებად მოწვევის აუცილებლობის შესახებ მისთვის უფრო ნათელი გახდა ახლად აღმოჩენილი გარემოებით, კერძოდ 2002წ. 7 დეკემბერს თავის ძმისშვილის ოთახში შემთხვევით აღმოაჩინა წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მამამისს თავის შვილისაგან მ. ზ-ისაგან სესხად აუღია 19000 მანეთი სადავო ბინის შესაძენად. თავისი ოჯახისათვის მის ძმას ეს ფაქტი გარკვეულ მიზეზთა გამო არ უთქვამს. ზემოთაღნიშნული ფაქტით ნათლად დგინდება, რომ სახლი იყიდეს მთელმა ოჯახმა., ამიტომ უსაფუძვლოა პირველი ინსტანციის მტკიცება, რომ ჯ. ზ-ემ ვერ წარადგინა თავის მამის მიერ სახლის ყიდვის მასალები და შესაბამისად ფ. და მ. ზ-ეები ამორიცხული იყვნენ, როგორც მოპასუხეები უსაფუძვლოდ.

ჯ. ზ-ე აგრეთვე მიუთითებს მოსამართლე რ. ბ-ის უკანონო ქმედებაზე, კერძოდ, რომ მისი კარნახით იქნა შედგენილი მორიგების აქტი, რომელზეც ჯ. ზ-ემ აღელვების ნიადაგზე მოაწერა ხელი და ხელის მოწერისთანავე დატოვა სასამართლო დარბაზი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე. ამით მოსამართლემ დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ ჯ. ზ-ეს არ მიეცა შესაძლებლობა მოსარჩელის თანაბარი უფლებები გამოეყენებინა და ემტკიცებინა მისი სიმართლე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინებით ჯ. ზ-ეს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო პალატამ განცხადების შემოწმების შედეგად გაარკვია, რომ იგი არ პასუხობს ასეთი განცხადების დასაშვებობის კანონით გათვალისწინებულ პირობებს, კერძოდ:

თანახმად სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილისა, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოში შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ჯ. ზ-ემ კი ეს ვადა დაარღვია, რადგან იგი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას, მისი ასლი მან ჩაიბარა 2002წ. 6 მარტს და განცხადება შეიტანა 2002წ. 25 დეკემბერს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ ჯ. ზ-ის განცხადება დატოვა განუხილველი.

ჯ. ზ-ემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მან აღნიშნა, რომ განცხადების შეტანის ვადა არ დაურღვევია, რადგან ახლად აღმოჩენილი გარემოება მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 7 დეკემბერს და განცხადება მან შეიტანა 2002წ. 25 დეკემბერს. თანახმად სსკ-ს 426-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, ვადის დენა იწყება მხარისათვის ახლად აღმოჩენილი გარემოების შეტყობის დღიდან. ფაქტიურად ახლად აღმოჩენილი გარემოების მიხედვით ვადის დენა იწყება 2002წ. 7 დეკემბერს, გამომდინარე აქედან ჯ. ზ-ეს ვადა არ დაურღვევია. მან მიუთითა, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსამართლე რ. ბ-ის დანაშაულებრვ ქმედებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2003წ. 24 თებერვლის განჩინებით ჯ. ზ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მორიგება ნ. მ-ესა და ჯ. ზ-ეს შორის. მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლიდან წილის გამოყოფა და საკუთრების უფლებით შესახლება. შემდგომში ჯ. ზ-ემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში ჯ. ზ-ე ესწრებოდა 2002წ. 29 აპრილის განჩინების გამოცხადებას, ამავე დროს განჩინების ასლი ჩაბარებული აქვს 2002წ. 6 მარტს, ხოლო განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოში შეიტანა 2002წ. 25 დეკემბერს. რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ გარემოებად დასახელებულ 2002წ. 7 დეკემბერს ნაპოვნ წერილის, დასტური იმისა, რომ ამ წერილის და მასში მითითებული ფაქტების არსებობა ჯ. ზ-ისათვის ცნობილი არ იყო, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯ. ზ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ სწორად იქნა მიჩნეული დაუშვებლად, ვინაიდან მხარის მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების შეტყობიდან ერთ თვეზე მეტია გასული.

ასევე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ჯ. ზ-ის არგუმენტი, რომ მორიგების აქტზე ხელმოწერა აღელვების ნიადაგზე მოხდა, ვინაიდან საქმე ეხება მხარეთა ნებაყოფლობით შეთანხმებას – მორიგებას სადავო საკითხზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორი ჯ.ზ-ის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოსამართლე რ. ბ-ის დანაშაულებრივ ქმედებას და შესაბამისად, სსკ-ს 423-ე მუხლის “გ” და “ვ” პუნქტებით გათვალისწინებულ გარემოებებს, ვინაიდან, საქმის მასალებით მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ჯ. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.