Facebook Twitter

¹3კ-516-03 24 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: ბინის რეალურად გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ც-ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლის გაყოფა და თავისი კუთვნილი წილის განსაზღვრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ქ. ბათუმში, ..... მდებარე, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან ნ. ც-ის კუთვნილი წილი რეალურად განისაზღვრა შემდეგი წესით: მას ინდივიდუალურ საკუთრებაში გამოეყო სახლის ტექნიკური პასპორტისა და გეგმა-ნახაზის მიხედვით მე-2 სართულის ¹2, 3 და 4 ოთახები, პირველ სართულზე განლაგებული 14,76 კვ.მ სამეურნეო ფართი, ¹4 ოთახი და სარდაფის ნაწილი 11,9 კვ.მ ფართით. საცხოვრებელი სახლის დანარჩენი ნაწილი ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩა მოპასუხე დ. ც-ეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება 2003წ. 22 იანვარს სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ც-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინებით დ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო და დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ც-ემ შეიტანა კერძო საჩივარი იმ მოტივით, რომ სხდომის დამთავრების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუცხადებია დასაბუთებული გადაწყვეტილება; გამოაცხადა მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი; გადაწყვეტილების ასლი კი 2003წ. 20 იანვარს ჩაიბარა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა სსკ-ს 369-ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 19 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის საფუძველზე საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მხარისათვის ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად მისი გადაგზავნის დრო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის სხდომის ოქმის მიხედვით, მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების დრო და წესი, რომლის შინაარსიც აისახა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების დღიდან.

ვინაიდან აპელანტი დ. ც-ე ესწრებოდა სასამართლო სხდომას, სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა უნდა აითვალოს 2002წ. 20 დეკემბრიდან. დ. ც-ემ სააპელაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შეიტანა 2003წ. 22 იანვარს, ანუ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ერთი თვისა და 2 დღის შემდეგ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში არ იყო ვალდებული, მხარისათვის გაეგზავნა გადაწყვეტილების ასლი, ვინაიდან სსკ-ს 259-ე მუხლის თანახმად, მხარეებს თავიანთი განცხადების საფუძველზე გადაეცემათ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლები არა უგვიანეს 3 დღისა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს განცხადებით არ მოუთხოვია გადაწყვეტილების ასლის გადაცემა.

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.