Facebook Twitter
საქმე N 190100120003676039

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №1377აპ-23 22 მარტი, 2024 წელი
ვ–ი შ., №1377აპ-23 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ვ–ი (პასპორტის ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება და რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2020 წლის 11 აპრილს დაახლოებით 01:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის სამზარეულო ოთახში, შ. ვ–მა ძალადობა განახორციელა არასრულწლოვანი შვილის, 2008 წელს დაბადებული შ. ვ–ს მიმართ, კერძოდ, შ. ვ–ს ხელიდან გაუვარდა საკვები, რაც დაიღვარა იატაკზე, რის გამოც შ. ვ–მა ორჯერ დაარტყა მას ხელი თავის არეში და მიუთითა, რომ საკვები მოეწმინდა. შ. ვ–ი დაემორჩილა მამას, მივიდა ტილოს ასაღებად, რა დროსაც შ. ვ–მა თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, ასევე ჰკრა ხელი და ისევ მიუთითა, საკვები მოეწმინდა. შ. ვ–იმა დაიწყო იატაკზე დაღვრილი საკვების მოწმენდა, რა დროსაც მას ისევ მიუახლოვდა შ. ვ–ი და თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი. შ. ვ–ს ქმედებების შედეგად შ. ვ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ხელების აფარებით ცდილობდა მისგან თავის დაცვას.

1.3. 2020 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის სამზარეულო ოთახში შ. ვ–მა იძულება განახორციელა არასრულწლოვანი შვილის, 2008 წელს დაბადებული შ. ვ–ს მიმართ, კერძოდ, შ. ვ–ს ხელიდან გაუვარდა საკვები, რაც დაიღვარა იატაკზე, რის გამოც შ. ვ–მა ორჯერ დაარტყა მას ხელი თავის არეში და მიუთითა, რომ საკვები მოეწმინდა. შ. ვ–ი დაემორჩილა მამას, მივიდა ტილოს ასაღებად, რა დროსაც შ. ვ–მა თავის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, ასევე ჰკრა ხელი და ისევ მიუთითა, რომ საკვები მოეწმინდა. შ. ვ–მა დაიწყო იატაკზე დაღვრილი საკვების მოწმენდა, რა დროსაც მას ისევ მიუახლოვდა შ. ვ–ი და თავის არეში ორჯერ დაარტყა ხელი, შემდეგ უჯრიდან ამოიღო დანა და დანამომარჯვებული აიძულებდა მოეწმინდა დაღვრილი საკვები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა შ. ვ–ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულების ჩადენის ფაქტს.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენით, შ. ვ–ი საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

შ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2020 წლის 11 აპრილიდან 2020 წლის 14 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი შ. ვ–ის შეუმსუბუქდა და სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 185 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა შ. ვ–ს დამნაშავედ ცნობა დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება.

შ. ვ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით და გამართლდა.

შ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 200 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის (2020 წლის 11 აპრილდიან 2020 წლის 14 აპრილის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საათები და საბოლოოდ განესაზღვრა 180 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

3.2. 2023 წლის 22 ნოემბერს რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თეონა წოწკოლაურმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შ. ვ–ს საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობა და მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმით და კამერების ჩანაწერების გამოკვლევით უტყუარად დადასტურდა შ. ვ–ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტი. სასამართლოს კი მტკიცებულებები უნდა შეეფასებინა ერთობლიობაში და აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა დაედგინა გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელის დანიშვნის დროს, კი სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით დადგენილი სხვა გარემოებები. ასევე უნდა გაეთვალისიწინებინა, რომ შ. ვ–მა იძალადა არასრულწლოვან შვილზე და აიძულებდა მას დაღვრილი საკვების მოწმენდას, რა დროსაც გამოიყენა დანა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ვ–ის საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბარალდებით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება შ. ვ–ს მიერ იძულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

5.4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ დაზარალებულმა შ. ვ–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის – მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამასთან, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლა მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, შ. ვ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.

5.5. იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანმა არ მისცა მამის მამხილებელი ჩვენება, შუძლებელია შ. ვ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებას საფუძვლად დაედოს მხოლოდ გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე დევნილთა თავშესაფრის კამერების ჩანაწერები, რომელშიც არ ისმის ხმა და შესაბამისად, შეუძლებელია მამა-შვილს შორის არსებული საუბრის შინაარსის დადგენა. 2020 წლის 11 აპრილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ დათვალიერდა გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე დევნილთა თავშესაფრის კამერების ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ სამზარეულო ოთახში შედის შ. ვ–ი, რომელსაც ხელში უჭირავს თეფში, მასზე არსებული საკვები პროდუქტით, რაც გაზქურასთან მისვლამდე უვარდება ხელიდან და საკვები იღვრება იატაკზე. მაცივრის გვერდით მდებარე სკამიდან დგება შ. ვ–ი, რომელიც უახლოვდება შ. ვ–ის, უთითებს დაღვრილ საკვებზე, ესაუბრება ხელებით და ორჯერ ურტყამს ხელს თავის არეში, რა დროსაც შ. ვ–ი ცდილობს ხელის საშუალებით აიცილოს დარტყმები. შ. ვ–ი უთითებს ტილოზე და ანიშნებს ისევ დაღვრილ საკვებზე, რა დროსაც ისევ ურტყამს ხელს თავის არეში და ჰკრავს ხელის არეში. შ. ვ–ი იწყებს დაღვრილი საკვების მოწმენდას, ხოლო შ. ვ–ი ჯდება ისევ მაცივრის გვერდით მდებარე სკამზე. შემდეგ შ. ვ–ი სწრაფად დგება სკამიდან, უახლოვდება შ. ვ–ის, რომელიც არის მუხლებით იატაკზე დაყრდნობილი და თავის არეში ორჯერ ურტყამს ხელს და ისევ უთითებს დაღვრილ საკვებზე. შ. ვ–ი ცდილობს ორივე ხელით დაიცვას თავის არე, სადაც შ. ვ–ი აყენებს დარტყმებს. შ. ვ–ი აგრძელებს საკვების მოწმენდას. შ. ვ–ი სწრაფი ნაბიჯით უახლოვდება სამზარეულოს უჯრას, საიდანაც იღებს დანის მსგავს, წვეტიან საგანს, უჭირავს ხელში, თავზე ადგება შ. ვ–ის, რომელიც მუხლებზე დამდგარი წმენდს საკვებს. 01:1:54 საათზე, შ. ვ–ი აგდებს ტილოს და გარბის სამზარეულო ოთახიდან, ხოლო შ. ვ–ი დანის მსგავს ნივთს აბრუნებს უჯრაში.

5.6. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე – ს. ღ–მა. მან განმარტა, რომ მუშაობს გ–ს რაიონის სოფელ მ–ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში დაცვის პოლიციის უმცროს ინსპექტორად. მის მოვალეობაში შედის დაწესებულების შიდა პერიმეტრზე წესრიგის უზრუნველყოფა და ვიდეოკამერების მონიტორინგი. 2020 წლის 11 აპრილს, დაახლოებით 01:00 საათზე, შენობის პირველ სართულზე ყოფნისას შემოესმა ყვირილის ხმა. ვიდეოკამერაში დაინახა, რომ შ. ვ–იი ეჩხუბებოდა შვილს - შ. ვ–ის. კამერებში ხმა არ ისმის, თუმცა ვიზუალურად გაირჩეოდა, რომ სამზარეულოში ბავშვს ხელიდან გაუვარდა თეფში და საკვები დაიღვარა იატაკზე. ამაზე გაბრაზებულმა შ. ვ–იმა ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა შვილზე, შემდეგ სამზარეულოს უჯრიდან ამოიღო დანა და ისევ დააბრუნა. აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა ჯგუფის უფროსს გ. ი–ს.

5.7. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: გ. ი–ს, თ. ლ–ა-ა–ს, ნ. ი–ს და ა. ჩ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ გაიგონეს მამაკაცის ყვირილის ხმა და სამზარეულოში შესულებმა ნახეს, რომ შ. ვ–ი ეჩხუბებოდა შვილს - შ. ვ–ს და ბავშვი იყო აღელვებული.

5.8. საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება, კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ. ობიექტური მხრივ, იძულება გამოიხატება მოქმედებაში კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირს აიძულებენ შეასრულოს რაიმე ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), ანდა აიძულებენ საკუთარ თავზე გამოსცადოს მისი ნების საწინააღმდეგო ზემოქმედება, იმის მიუხედავად, შეასრულა თუ არა მან დამნაშავისთვის სასურველი ქმედება. იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანმა დაზარალებულმა უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ჩანაწერებში არ ისმის ხმა, შეუძლებელია უტყუარად იმის მტკიცება, რომ შ. ვ–მა აიძულა შვილი მოეწმინდა დაღვრილი საკვები.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, რითაც დადგინდებოდა შ. ვ–ს მიერ იძულების ჩადენა.

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა შ. ვ–ს ბრალდების ამ ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.11. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

5.12. რაც შეეხება შ. ვ–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, შ. ვ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.13. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.16. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ნინო სანდოძე




მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი




შალვა თადუმაძე