გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-521-03 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ნ. კვანტალიანი,
მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ვ-ემ 2002წ. 20 მაისს განცხადებით მიმართა სასამართლოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 იანვრის განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი საფუძვლებით: სადავო განჩინებით დამტკიცდა მორიგება ი. ვ-ესა და ლ. ყ-ს შორის, რომლის ძალითაც მოპასუხე ი. ვ-ე კისრულობდა ვალდებულებას ოთხი თვის ვადაში, ანუ 2002წ. 18 მაისამდე გადაეცა ლ. ყ-ისათვის 15000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელე ლ. ყ-ს უნდა გაეუქმებინა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება ი. ვ-ის სასარგებლოდ. თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ი. ვ-ეს უპირობოდ უნდა გადაეცა ბინა ლ. ყ-ისათვის. მ. ვ-ემ აღნიშნა, რომ იგი არის ი. ვ-ის შვილი, ცხოვრობს ზემოაღნიშნულ ბინაში, ჩაწერილია მასში და მისთვის არ იყო ცნობილი განჩინების შესახებ, აგრეთვე განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ეს დავა ეხებოდა მის ინტერესებსაც და შესაბამისად სასამართლოს მისთვისაც უნდა ეცნობებინა სხდომის დღის შესახებ და გადაეგზავნა გამოტანილი განჩინება. ამრიგად, მ. ვ-ეს მიაჩნია, რომ 2002წ. 18 იანვრის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება უნდა განახლდეს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მაისის განჩინებით მ. ვ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული და სხდომა გადაიდო 2002წ. 13 ივნისათვის.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 ივნისის განჩინებით მ. ვ-ეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მ. ვ-ის განცხადებაში მითითებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ მან არაფერი იცოდა აღნიშნული საქმის გარშემო, ვინაიდან მას თავად აქვს ჩაბარებული სასამართლოს გზავნილი მოპასუხისადმი, სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინებები და ამასთანავე 2002წ. 18 იანვარს იგი ესწრებოდა სასამართლოს მთავარ სხდომას, სადაც დაკითხული იქნა მოწმის სახით. პროცესუალური დარღვევა მოხდა მოპასუხის წარმომადგენლის მხრიდან, როდესაც მან მოითხოვა მ. ვ-ის არა მესამე პირად ჩაბმა, არამედ მოწმედ.
აღნიშნული განჩინება მ. ვ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ამასთანავე, სასამართლოს მიმართა განცხადებით სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და სსკ-ს 191-199 მუხლების თანახმად მოითხოვა სადაო ბინაში შესახლება იმ მოტივით, რომ სადავო ბინიდან მისი გამოსახლება განხორციელებული იყო უკანონოდ, რაზეც 2002წ. 16 აგვისტოს განჩინებით ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე მ. ვ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, რაც დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინებით მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მაისის და 2002წ. 13 ივნისის განჩინებები და მ. ვ-ის განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ვ-ემ იცოდა გასაჩივრებული განჩინების შესახებ 2002წ. 18 იანვარს, როდესაც იგი გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე. განცხადება კი ბათილად ცნობის მოთხოვნით შეიტანა 2002წ. 20 მაისს, ე.ი. ოთხი თვის შემდეგ. მ. ვ-ის მიერ დარღვეული იქნა სსკ-ს 429-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ვადა, რაც ამავე მუხლის თანახმად განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
მ. ვ-ემ კერძო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა 2003წ. 6 თებერვლის განჩინების გაუქმება. მან აღნიშნა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მორიგების განჩინების ბათილად ცნობის შესახებ 2002წ. 25 მაისს დასაშვებად სცნო. აღნიშნული განჩინება მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ გასაჩივრებულა. სააპელაციო სასამართლომ კი იმის ნაცვლად, რომ ემსჯელა მ. ვ-ის განცხადების ირგვლივ, მან იმსჯელა უკვე დასაშვებად მიჩნეული განცხადების დასაშვებობაზე და განუხილველად დატოვა იგი. რაც შეეხება მ. ვ-ის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვის შესახებ, იგი აღნიშნავს, რომ მართლაც იყო დაკითხული მოწმის სახით ბინიდან გამოსახლების საქმეზე, სადაც იგი მოწმე კი არა, მოპასუხე უნდა ყოფილიყო. დაკითხვის შემდეგ მან დატოვა სასამართლო სხდომა, ხოლო მოგვიანებით დედამისისაგან შეიტყო, რომ საქმის განხილვა გადაიდო რამდენიმე თვით. 2002წ. 17 მაისს მან შეიტყო, რომ 2002წ. 18 იანვარს საქმე შეწყვეტილა მორიგებით, ხოლო განცხადება მან შეიტანა 2002წ. 20 მაისს. ამდენად მას განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მ. ვ-ემ მოითხოვა მისი კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობა და მისი დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით მ. ვ-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. ვ-ე 2002წ. 18 იანვარს, როდესაც გამოტანილი იქნა სადავო განჩინება მორიგების თაობაზე, ესწრებოდა სასამართლოს მთავარ სხდომას და დაკითხული იქნა მოწმის სახით, ანუ მისთვის ცნობილი იყო იმ დავის შესახებ, რომელიც, როგორც თვითონ მ. ვ-ე უთითებს, შესაძლებელია შეხებოდა მის ინტერესებს.
აღნიშნულიდან ცხადია, რომ მ. ვ-ისათვის გასაჩივრებული განჩინების შესახებ ცნობილი გახდა 2002წ. 18 იანვარს, განცხადება კი განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით შეიტანა 2002წ. 20 მაისს, ე.ი. ოთხი თვის შემდეგ. ამდენად, მ. ვ-ის მიერ დარღვეულია სსკ-ს 426-ე მუხლით დადგენილი განცხადების შეტანის ვადა, რაც ამავე კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 13 ივნისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ მ. ვ-ეს არ ჰქონდა კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი განცხადება, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში უარი უთხრა განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ს 426-ე და 429-ე მუხლები, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 მაისის და 13 ივნისის განჩინებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონის მოთხოვნათა დაცვითაა მიღებული და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.