Facebook Twitter
საქმე N190100121004911553

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ

საქმე №1169აპ.-23 21 მარტი, 2024 წელი
ლ–ი ტ., №1169აპ-23 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ტ. ლ–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო ზ. გ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, ..............ის საავტომობილო გზის ..-ე კილომეტრზე, დასახლებულ პუნქტში, სულ მცირე 74 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - ,,..........“, რომელსაც მართავდა ტ. ლ–ი. გზაზე მსვლელობისას ამ უკანასკნელმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო შეეჯახა მის წინ მარცხნივ მოხვევის მანევრის კანონდარღვევით შემსრულებელ „ფიატ ბრავას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - ,,.........“, რომელსაც მართავდა ზ. გ–ი. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. ავტოავარიის შედეგად ტ. ლ–ს მგზავრი - ი. დ–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ტ. ლ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ტ. ლ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ზ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა - 4 წელი.

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, ...............ის საავტომობილო გზის ..-ე კილომეტრზე, დასახლებულ პუნქტში, მოძრაობდა „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით - ,,.........“, რომელსაც მართავდა ტ. ლ–ი და რომელიც შეეჯახა მის წინ მარცხნივ მოხვევის მანევრის კანონდარღვევით შემსრულებელ „ფიატ ბრავას“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით - ,,..........“, რომელსაც მართავდა ზ. გ–ი. ამ უკანასკნელმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. ავტოავარიის შედეგად ტ. ლ–ს მგზავრი - ი. დ–ი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ღონღაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. ლ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

2.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. ლ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 11 ოქტომბერს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა - ზვიად ფხაკაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ტ. ლ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

3.3. 2023 წლის 12 ოქტომბერს მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ტ. ლ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ტ. ლ–სის გამართლების ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ტ. ლ–ს ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილს, მართავდა ტ. ლ–ი, ხოლო „ფიატ ბრავას“ მარკის ავტომობილს ზ. გ–ი და ორივე მათგანმა დაარღვიეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. კერძოდ, ავტომანქანით მოძრაობისას ზ. გ–ი არ დარწმუნდა მარცხნივ მოხვევის მანევრის უსაფრთხოებაში და ისე დაიწყო ავტომობილის მობრუნება, რის გამოც მას შეეჯახა ტ. ლ–ი, რომელიც გზაზე მოძრაობდა მოცემული მონაკვეთისთვის აკრძალული სიჩქარით. აღნიშნული კი მიუთითებს, რომ ტ. ლ–ს არ ჰქონდა შერჩეული სათანადო სიჩქარე, რის გამოც ვერ გააკონტროლა თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში და შეეჯახა ზ. გ–ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც ასრულებდა მარცხნივ მობრუნების მანევრს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ტ. ლ–ს მგზავრი - ი. დ–ი. გასათვალისწინებელია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამოძიებისას ზოგჯერ მოწმეთა ჩვენებებს არ აქვს იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა, რამდენადაც შემთხვევის ადგილზე დატოვებულ კვალს, ავტომანქანების განლაგებას, მათ მიმართულებას ან/და ავტომანქანებზე არსებულ დაზიანებებსა და ექსპერტიზის დასკვნებს. მსჯავრდებულ ზ. გ–სა და მოწმე მ. კ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, ...........ის საავტომობილო გზის 55-ე კილომეტრზე, დასახლებულ პუნქტში, ზ. გ–სი მართავდა „ფიატ ბრავას“ მარკის ავტომობილს, რა დროსაც მარცხნივ მოხვევის მანევრის შესრულებისას, უკვე საწინააღმდეგო ზოლში გადასულს, შეეჯახა ძალიან დიდი სიჩქარით მის უკნიდან მოძრავი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა ტ. ლ–ი. ავტომობილების შეჯახების შემდეგ ტ. ლ–ს ავტომანქანა გადაადგილდა საპირისპირო სავალი ზოლის გვერდულზე, სადაც ჯერ ტრაფარეტს შეეჯახა, შემდეგ ბოძს და ისევ დაბრუნდა საწინააღმდეგო ზოლში, სადაც სახურავზე ამობრუნებულ მდგომარეობაში გაჩერდა. გარდაცვლილი მგზავრი კი მოყოლილი იყო ავტომობილის ქვეშ. ზ. გ–მა ასევე განმარტა, რომ მოძრაობის დაწყებამდე მან გაიხედა უკან და ვინაიდან 100-150 მეტრის მანძილზე არაფერი მოძრაობდა, დაახლოებით 5-10 კმ/სთ სიჩქარით დაიწყო მოხვევის მანევრი. იგი თითქმის სრულად იყო გადასული საპირისპირო სავალ ზოლში, რა დროსაც მას შეეჯახა ტ. ლ–ს ავტომობილი, რომელიც მოძრაობდა დაახლოებით 150 კმ/სთ სიჩქარით. ტ. ლ–ს თავისუფლად შეეძლო მის ზოლში გავლა, რადგან მას გათავისუფლებული ჰქონდა სავალი ნაწილი. მოწმეების - ე. კ–ს, ნ. ა–ს, ლ. ი–ს, კ. შ–სა და ს. ი–ს გამოკითხვის ოქმებით კი დადასტურდა, რომ ისინი შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ავტოავარიის შემდეგ და ნახეს გადაბრუნებული ავტომობილის ქვეშ მოყოლილი ადამიანი, რომელიც იყო გარდაცვლილი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათებითა და სქემით კი ირკვევა, რომ ავტომობილების დეტალების ჩამონაყარი მდებარეობს ორივე ავტომანქანის მოძრაობის საწინააღმდეგო სავალ ზოლში, რაც ადასტურებს, რომ შეჯახების ადგილია საპირისპირო სავალი ნაწილი. ამასთან, ორივე ავტომობილი განთავსებულია საწინააღმდეგო სავალ ზოლში. აღსანიშნავია, რომ ტ. ლ–ს სამოძრაო ზოლის სიგანეა 3,6 მეტრი, ზ. გ–ს ავტომობილი კი მხოლოდ 0,3 მეტრითაა ამ ზოლში დარჩენილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თუ ტ. ლ–ი განაგრძობდა თავის ზოლში მოძრაობას და არ წავიდოდა საწინააღმდეგო სავალი ნაწილისკენ, გზაზე ისე ჩაივლიდა, რომ არ შეეჯახებოდა ზ. გ–ს ავტომობილს, რადგან მას გასავლელად ჰქონდა 3,3 მეტრი, რაც მისი ავტომობილის სიგანეზე გაცილებით მეტია. გარე განათების ბოძი, რომელსაც შეეჯახა ტ. ლ–ს ავტომობილი ზ. გ–ს ავტომანქანიდან სწორხაზოვნად 38 მეტრითაა დაშორებული, დიაგონალურად კი უფრო შორ მანძილზეა. ტ. ლ–ს ავტომობილიდან კი სწორი ხაზით 14,2 მეტრითაა დაშორებული, დიაგონალურად კი უფრო შორ მანძილზეა. შესაბამისად, დიაგონალური მანძილების გათვალისწინებით, ტ. ლ–ს ავტომობილს შეჯახების შემდეგ გავლილი აქვს 52,2 მეტრზე გაცილებით მეტი მანძილი, რაც გამოთვლის ფორმულაში მის სიჩქარეს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა. კასატორი ასევე უთითებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ი. დ–ს გვამს სხეულის სხვადასხვა არეში მიყენებული ჰქონდა მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები. აღნიშნული დაზიანებები უშუალო კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი განისაზღვრა ავტომანქანებზე არსებული დაზიანებები და დადგინდა, რომ ავტომობილებზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა და დამახასიათებელია რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახება-ურთიერთქმედებისთვის. ამასთან, ავტომობილების სამუხრუჭე სისტემები ტექნიკურად გამართულია, ხოლო საჭით მართვის მექანიზმები მათზე ძლიერი მექანიკური ძალის ზემოქმედების შედეგად გამოსულია მწყობრიდან, რასაც ადგილი ექნებოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ავტომობილების შეჯახების კუთხის დადგენა ვერ მოხერხდა, რადგან „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილმა პირველადი შეჯახების შემდეგ განიცადა მეორადი დაზიანებები. სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური (ავტოტექნიკური) ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია ზ. გ–სის ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამასთან, ტ. ლ–სს, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით), შეეძლო კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამავე დასკვნით დადგინდა, რომ ტ. ლ–ი შეჯახებამდე მოძრაობდა სულ მცირე 74 კმ/სთ სიჩქარით. ხოლო ზ. გ–ს ავტომობილმა შეჯახებამდე წინა ნაწილით გაიარა დაახლოებით 6 მეტრის მანძილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ზ. გ–ს მიერ საფრთხის წარმოშობის დროს ტ. ლ–ს ავტომანქანა მისგან 46 მეტრით იყო დაშორებული და თუ იგი იმოძრავებდა დასაშვები სიჩქარით - 60 კმ/სთ, მისი ავტომობილის გასაჩერებლად 42 მეტრის მანძილი იქნებოდა საკმარისი. ექსპერტმა ე. გ–მა განმარტა, რომ ტ. ლ–ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი ამოტრიალდა ზ. გ–ს ავტომანქანასთან კონტაქტის შემდეგ და ამობრუნებულ მდგომარეობაში შეეჯახა ბოძს, რადგან ავტომობილსა და ბოძზე არის ამობრუნებული ავტომანქანის შეჯახების კვალი. ამასთან, ტ. ლ–ს იმ ზოლში სადაც ავტოავარიამდე მოძრაობდა საკმარისი მანძილი ჰქონდა გასავლელად. კასატორი ასევე უთითებს, რომ სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის პოზიცია და მათ მიერ ჩატარებული ალტერნატიული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამასთან, ექსპერტმა რ. ვ–მა კვლევისას გამოიყენა მხოლოდ ტ. ლ–ს მიერ მიწოდებული მონაცემები და არ გაითვალისწინა ზ. გ–სის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია. ასევე, არ გაითვალისწინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დარჩენილი კვლები, ავტომანქანების მიერ გავლილი მანძილები, მათი განლაგება, დაზიანებები, ზ. გ–ს ავტომობილის მიერ გავლილი 6 მეტრის მანძილი და ფორმულებში იხელმძღვანელა გაურკვეველი 0,9-1 მეტრის მანძილით. ექსპერტის განმარტებით, მისთვის უცნობია ტ. ლ–ს ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის გამოთვლის მეთოდიკა, რის გამოც მან ვერ განსაზღვრა სიჩქარე. ასევე, ვერ განმარტა, გამოთვლისას რატომ აიღო მხოლოდ 0,9-1 მეტრის მანძილი და იმ დროში, რა დროშიც ზ. გ–ს ავტომობილმა გაიარა 6 მეტრი, რა მანძილით იქნებოდა დაშორებული ტ. ლ–ს ავტომობილი. მოწმის განმარტებით, ტ. ლ–ი იყო 12 მეტრის მანძილზე, რა დროსაც მას ზ. გ–მა შეუქმნა საფრთხე, თუმცა აღნიშნული ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ თუ ტ. ლ–ი 12 მეტრით იყო დაშორებული, იგი რეაქციასაც ვერ მოასწრებდა და ისე ჩაივლიდა თავის ზოლში, რომ შეჯახებაც არ მოხდებოდა, ან მოხდებოდა იმავე ზოლში, რადგან 5-10 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ზ. გ–ი 1 წამში 6 მეტრის გავლას ვერ მოასწრებდა. ამასთან, შეუძლებელია ასეთი გათვლით შეჯახებისას მათი ტრაექტორია ასე განვითარებულიყო და ავტომობილები ამ მდგომარეობაში ყოფილიყო შემთხვევის ადგილზე. კასატორის განმარტებით, ავტოავარიის საქმეებში ზუსტი სიჩქარის დადგენა შეუძლებელია და ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, რადგან შეუძლებელია დადგინდეს სხვა ნივთთან შეჯახებისას ავტომობილის რა კინეტიკური ენერგია ჩაიხშო, მით უფრო იმ შემთხვევაში, როცა ტ. ლ–ს ავტომობილი სამ სხვადასხვა ობიექტს შეეჯახა. ტ. ლ–ს 74 კმ/სთ სიჩქარითაც რომ ემოძრავა მას მაინც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ ავტოავარიაში.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერსების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ის პოზიცია ემთხვევა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის - ზვიად ფხაკაძის მოთხოვნას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ტ. ლ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ტ. ლ–ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ზ. გ–სის ჩვენებაზე, რომელმაც წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 11:45 საათზე, იგი მისი მართვის ქვეშ მყოფი „ფიატ ბრავას“ მარკის ავტომობილით, რძალთან - მ. კ–თან ერთად, ძმის შვილის სკოლიდან გამოსაყვანად ბოლნისიდან ქვეშის მიმართულებით მოძრაობდა. იგი დაახლოებით 10-15 მეტრით გასცდა სკოლის ჭიშკარს და მოტრიალების მიზნით გადავიდა სავალი ნაწილიდან, რა დროსაც ყველა მხარეს გაიხედა და რომ დარწმუნდა საფრთხე არ არსებობდა, დაბალი სიჩქარით დაიწყო მოხვევა. იმ დროს, როდესაც გადავიდა საპირისპირო ზოლში, მისი მანქანის წინა ნაწილს, წინა ნაწილითვე შეეჯახა დიდი სიჩქარით მოძრავი ჯიპი, რომლის საჭესთან იჯდა ტ. ლ–ი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს იგი თავისი ავტომანქანით თითქმის საპირისპირო ზოლში იყო გადასული, ჯიპს საკმარისი ადგილი ჰქონდა თავის ზოლში უსაფრთხოდ გასავლელად. მასთან შეჯახების შემდეგ ჯიპმა მოწყვიტა საგზაო ნიშანი და ქუჩის განათების ბოძი, რის შემდეგაც ამოტრიალებულმა იმოძრავა. ამის შემდეგ, იგი მ. კ–სთან ერთად მივიდა ჯიპთან, რომლის ქვედა ნაწილიდან, ადგილობრივების დახმარებით გამოიყვანეს ტ. ლ–ს მგზავრი. ამ დროს ტ. ლ–ც იქვე იყო. ზ. გ–ს განმარტებით, შეჯახებამდე ტ. ლ–ი დაახლოებით 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. იმ ადგილზე, სადაც ის ტრიალდებოდა არის უწყვეტი ღერძულა ხაზი, სკოლასთან 10-15 მეტრში არის ზებრა გადასასვლელიც და იცის, რომ ღერძულა ხაზზე მოტრიალება არ შეიძლება, მაგრამ მაინც მოტრიალდა, რადგან ბავშვი უნდა გამოეყვანა სკოლიდან, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ტ. ლ–ს ბრალეულობით, რადგან ეს უკანასკნელი დიდი სიჩქარით მოძრაობდა. მანქანა, რომელიც მას დაეჯახა, მოძრაობდა მისი მიმართულებით. შეჯახება მოხდა გზის საპირისპირო ნაწილში, მეორე ზოლში. შემთხვევის ადგილი არის სწორი და ხილვადობაც კარგია. მან მოხვევამდე წინ და უკან გაიხედა და რომ დარწმუნდა არაფერი მოძრაობდა, მოუხვია. მისი მხედველობის არეში იყო 100-150 მეტრის მანძილი, თუმცა ტ. ლ–სი იმდენად სწრაფად მოძრაობდა, რომ მყისიერად გაჩნდა იმ ადგილზე. შეჯახებისას თვითონ ძირითადი ნაწილით გადასული იყო საპირისპირო ზოლში. მანქანა წინა ნაწილით შეეჯახა მისი მანქანის წინა მარცხენა ნაწილს, რის შემდეგაც ტარიელის მანქანა ამოტრიალდა და ამოტრიალებული გაჩერდა საპირისპირო ზოლში. მოძრაობის დაწყებამდე, მას მანქანა არ შეუმჩნევია. მანქანა მხოლოდ შეჯახებისას დაინახა. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მ. კ–სმა.

5.4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმე დ. ს–ს ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, იგი 2020 წლის 27 ოქტომბერს გავიდა ...........ის გზაზე, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და ნახა, რომ ბოლნისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერებული იყო „ფიატის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც წინა ნაწილი ჰქონდა დაზიანებული. მისგან 52 მეტრის დაშორებით კი ამობრუნებული იყო „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი. მან ადგილზე შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და სქემატური ნახაზი. ასევე, მოხდა ფოტოგადაღება. მოწმის განმარტებით, სქემაზე ასახული 38 მეტრი აღნიშნავს „ფიატის“ მარკის ავტომობილიდან განათების ბოძამდე პირდაპირ მანძილს, რომელიც დიაგონალურად არ გაუზომავთ, ხოლო სქემაზე მითითებული 14 მეტრი ასახავს ბოძიდან ტ. ლ–ს მანქანამდე არსებულ პირდაპირ მანძილს. მოწმის განმარტებით, ორივე მძღოლი იყო ფხიზელი. ამასთან, ტ. ლ–სი ნარკოტიკების მოხმარებაზე შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურში ვერ გადაიყვანეს, რადგან გადიოდა მკურნალობას, თუმცა მისგან აღებული სისხლის ნიმუშის კვლევისას ამოვიდა ,,მორფინის“ კვალი.

5.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნით კი დადგენილია, რომ ი. დ–ს სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება: ქალის სარქვლისა და ფუძის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა თავის ტვინის გაჭყლეტითა და გარეთ გამოსვლით. გვამს აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობები და ნაჭდევები, ქალას სარქვლისა და ფუძის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობა, თავის ტვინის გაჭყლეტითა და გარეთ გამოსვლით, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით სიკვდილამდე უახლოეს პერიოდში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია სიკვდილის დადგომასთან. გამოკვლევის მომენტისთვის სიკვდილის დადგომიდან გასული უნდა იყოს დაახლოებით 6-8 საათი.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ექსპერტ ე. გ–ს ჩვენებასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N......... დასკვნაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეულია შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „ფიატის“ მძღოლის ზ. გ–ს ქმედებით, რომელსაც უგულებელყოფილი აქვს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა; საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით შემთხვევაში მონაწილე - ავტომობილი „ჰიუნდაის“ მძღოლს ტ. ლ–სს ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით) შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება, თუ ის იმოქმედებდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა. ამასთან, ექსპერტმა ე. გ–მა დამატებით განმარტა, რომ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი შეჯახებამდე მოძრაობდა 74 კმ/სთ სიჩქარით და მეტით, მაგრამ კონკრეტულად რა სიჩქარით ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან უცნობია, ავტომობილების პირველადი კონტაქტისა და ავტომობილ „ჰიუნდაის“ გარე განათების ბოძთან შეჯახების დროს რა კინეტიკური ენერგია ჩაიხშო. ექსპერტის განმარტებით, ავტომობილ „ფიატის“ მიერ საფრთხის შექმნის მომენტში ავტომობილი „ჰიუნდაი“ შეჯახების ადგილიდან დაახლოებით 46 მეტრით იქნებოდა დაშორებული და მძღოლს სწორედ აღნიშნული მანძილი ექნებოდა განკარგულებაში შეჯახების თავიდან ასაცილებლად. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ავტომობილი „ჰიუნდაი“ იმოძრავებდა მოცემული უბნისთვის ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით, სრული გაჩერებისთვის საჭირო იქნებოდა დაახლოებით 42 მეტრი მანძილი. შესაბამისად, მითითებული მანძილი შეჯახების თავიდან ასაცილებლად მძღოლის განკარგულებაში არსებულ 46 მეტრ მანძილზე ნაკლებია.

5.7. ავტოტექნიკური და ავტოტრასოლოგიური ექსპერტიზის N............. დასკვნით კი ირკვევა, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში ავტომობილ „ფიატ ბრავას“ სახელმწიფო ნომრით ,,........“ მძღოლის ზ. გ–სის მიერ ავტომობილის მართვისას საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების უგულებელყოფამ გამოიწვია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მას ტექნიკური თვალსაზრისით შეეძლო შემთხვევის თავიდან აცილება. ავტომობილ „ჰიუნდაის“ სახელმწიფო ნომრით ,,..........“ მძღოლს ტ. ლ–სს საგზაო პირობების და გარემოებების მიხედვით, ტექნიკური თვალსაზრისით არ შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. მის მოქმედებაში საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ მოთხოვნების უგულებელყოფა არ აღინიშნება. მომხდარი შემთხვევა მასზე არ იყო დამოკიდებული. ავტომობილ „ჰიუნდაის“ სახელმწიფო ნომრით ,,..........“ მძღოლი ტ. ლ–ი (დადგენილი მონაცემების მიხედვით) შემთხვევის მონაკვეთზე, დასახლებულ პუნქტში, შეჯახებამდე თუ რა სიჩქარით მოძრაობდა, სათანადო მეთოდიკის არ არსებობის გამო, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტმა რ. ვ–მა დამატებით განმარტა, რომ ავტომობილის სიჩქარის დასადგენად საჭიროა რამდენიმე ფაქტობრივი გარემოების არსებობა, კერძოდ, ვიდეოჩანაწერისა და გზაზე დატოვებული ნაკვალევის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო, შესაბამისად, შეუძლებელი იყო ავტომობილის სიჩქარის განსაზღვრა. ამიტომ მან კვლევა ჩაატარა მითითებულ ადგილზე კანონით დადგენილი სიჩქარის ფარგლებში - 60 კმ/სთ და თუ ამ სიჩქარით მაინც მოხდა სატრანსპორტო შემთხვევა, ამის გამომწვევი მიზეზი არა სიჩქარე, არამედ სხვა მიზეზებია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სავალი გზის სამოძრაო ზოლი იყო 3 მეტრი და 40 სანტიმეტრი. მართალია მთლიანი გზა არის 3 მეტრი და 60 სანტიმეტრი, მაგრამ სამოძრაო ზოლი არის 3,4 მ. გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როდის შეექმნა „ჰიუნდაის“ ავტომობილს საფრთხე და რა გადაწყვეტილება შეეძლო მიეღო საფრთხის წარმოქმნის შემდეგ და არა ის თუ რამდენი მეტრი გაიარა „ფიატის“ მარკის ავტომობილმა და სად მოხდა შეჯახება. საპირისპირო ზოლში არსებული ჩამონაყარი კი არის უკვე გაცილებული ავტომობილების ჩამონაყარი. მოწმის განმარტებით, „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანას ისეთ მანძილზე შეექმნა საფრთხე, რომ იგი ვერ განახორციელებდა მანევრს. კანონის მიხედვით, მძღოლებს საფრთხისა და დაბრკოლების შემთხვევაში მოეთხოვებათ სხვადასხვა მოქმედება, მაგალითად, საფრთხისას მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს, ხოლო დაბრკოლებისას ვალდებულია გააკეთოს მანევრი. ამ შემთხვევაში „ჰიუნდაის“ მძღოლი უნდა გაჩერებულიყო, თუმცა ვინაიდან საფრთხე მას მოკლე მანძილზე შეექმნა, იგი გაჩერებით საფრთხეს ვერ აიცილებდა, სწორედ ამიტომ, როგორც თავად „ჰიუნდაის“ მძღოლიც ამბობს, მან არჩია მანევრის განხორციელება და საპირისპირო ზოლში გადასვლა.

5.8. ყოველივე ზემოაღანიშნული კი მიუთითებს, რომ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნებიდან ვერცერთმა ვერ განსაზღვრა კონკრეტულად რა სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა „ჰიუნდაის“ მძღოლი - ტ. ლ–ი. მართალია ექსპერტიზის N........... დასკვნაში მითითებულია, რომ „ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილი შეჯახებამდე მოძრაობდა 74 კმ/სთ სიჩქარით და მეტით და ხოლო თუ იგი იმოძრავებდა მოცემული უბნისთვის ნებადართული 60 კმ/სთ სიჩქარით, ტექნიკური თვალსაზრისით (დამუხრუჭებით) მას შეეძლო კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რაც გაამყარებდა აღნიშნულს წარმოდგენილი არ არის. ამასთან, მხოლოდ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება, რომ შეჯახების ადგილი არის ზ. გ–სა და ტ. ლ–სის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების მოძრაობის საპირისპირო ზოლი, რადგან სწორედ იქ ფიქსირდება შეჯახების შედეგად გამოწვეული ჩამონაყარი, უტყუარად არ ადასტურებს, რომ ტ. ლ–მა დაარღვია ავტომანქანის მოძრაობის წესები და გადავიდა მოძრაობის საპირისპირო ზოლში, რის გამოც თავიდან ვერ აიცილა ავტოსაგზაო შემთხვევა. იმის გათვალისწინებით, რომ ვერ იქნა დადგენილი რა სიჩქარით მოძრაობდა ტ. ლ–ს ავტომანქანა, ვერ განისაზღვრა რა მანძილიდან შეუქმნა მის ავტომანქანას საფრთხე ზ. გ–სის მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ და რამდენად ჰქონდა მას დრო და შესაძლებლობა განეხორციელებინა მანევრი, რომელიც თავიდან ააცილებდა შეჯახებას, უტყუარად იმის მტკიცბა, რომ ტ. ლ–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, მოკლებულია საფუძველს.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ტ. ლ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსის ზვიად ფხაკაძისა და მსჯავრდებულ ზ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ძ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე ნინო სანდოძე




მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი




შალვა თადუმაძე